ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ოქტომბერი, 2010


მიმართვა ადამიანებს

მიმართვა ადამიანებს

  როდესაც სისხამ დილით წინ მეგებებით, არ გეგნოთ, ჩემთვის იმას ჰქონდეს მნიშვნელობა, მისალმების ნიშნად მარჯენა ხელს ამიწევთ, თუ მარცხენას. არც ის გაიფიქროთ, სუფრასთან ჯდომისას მნიშვნელობას იმას ვანიჭებდე, მარჯვენა ხელით აიტაცებთ ჩემს სადღეგრძელოდ სასმისს, თუ მარცხენათი. ჩემთვის ისაა მთავარი, თუ რას მოიმოქმედებენ თქვენი ხელები იმისათვის, ამ ცხოვრების უთავბოლობას შეხიზნულმა, თავი მარტოდ რომ არ ვიგრძნო; მარადიული წყვდიადიდან ტანჯვით მოსული, მარადიულ წყვდიადისაკენ მიმავალ გზაწვრილზე, უნუგეშობის სიღრმეებში რომ არ ჩავინთქე და ჩავიკარგო; წუთისოფლის მუხთალ მდინარებაში შემთხვევითობად რომ არ გადავიქცე; ამ სამყაროს უაზრო ჩოჩქოლს რომ გავცდე და გავივაკო; რომ სამუდამოდ ჩავიცხრო მოუსვენარი მღელვარება აფერადებულ სურვილების...
  ბრბოულობა ფსევდოკავშირების, მორწმუნეობრივი ალოგიკურობით ჭედავს ამოუცნობ ფენომენალურობას კაცობრიობისას. ერთნაირად ტაშიანობს და როკავს მაშინაც, როდესაც ამეფებენ და მაშინაც, როდესაც კოცონზე სწვავენ; მაშინაც, როდესც აღმერთებენ და მაშინაც, როდესაც ჯვარზე აკრავენ ინდივიდუალებრივ გამოვლინებას ადამიანისას, თავისუფლებისაკენ ზემსწრაფველისას. სამყაროს დაუსრულებლობაში უპოვნელია ლოგიკურობა, სამყაროსეულ განცდათა ლაბირინთებში ისეთივენი ვრჩებით, როგორებიც: მცენარეები, მწერები, ნადირები.
  ისტორიული ეპოქები დაუსრულებელი აღმოჩენების და ცვალებადობის, განსაცვიფრებელი პეიზაჟებია ზებუნებრივი ფუნჯით სასწაულებრივად აფერადებული. ოდითგანვე მბორგავია მასში ჩემი სევდა, შემოსილი უსასრულობის შორეული ლანდებით. სივრცის ლაჟვარდოვანი სიახლოვე მხოლოდ მირაჟია შეუცნობელი კოსმიური ქაოსის, ჩემში ფრთაგაშლილად არსებული ცრუ იდეალების, ჟინიანი სურვილების და გიჟური როკვის დაუშრეტელი სათავეების. არსებობის წრებრუნვაა ჩემი ორბიტა, კოსმიურ ნისლოვანებაში უგზოუკვლოდ განფენილი. რაც არის მასში, აღარ იქნება და რაც უნდა იქნეს, არასოდეს არ ყოფილა. განმეორებადია მხოლოდ ჩემი სული და არა ნაწილაკებად დამსხვრეული ჩემი სხეული, ჩემი მე, - სიყვარულით და სიძულვილით; სიკეთითა და ბოროტებით; იმედებითა და უიმედობით; შემოქმედებითა და ნგრევით გაჟღენთილი. დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი, აი, ჩემი ხორციელი არსებობის ანი და ჰოე; აი ჩემი ზმანებების საზღვარდებული ნავთაყუდელი.
  ცნობიერების კოლექტიურ ნაკადში ახრჩობს უსასრულო სამყარო ყოველდღიურობას ჩემსას. ჩემი იდეალების ლოგიკური განფენილება სივრცეში, ჯგუფური ამორალურობის სიმბოლიზირებული გამოვლიებაა შემთხვევათა დაუსრულებელ მდინარებაში. ჩემი მდგომრეობა ზედროული წვაა პირობების ჩარჩოებს შეგუებულის. ჩემი მთლიანობა ტანჯვით გასავლელი გზაა ილუზიებით მოფენილ, მარტოსულებრივი ყოფის სანახებში. სულთან ერთობა მითიურ  ძირებზე ამოყლორტილი მოზარდი ხეა, კოსმიურ გრიგალებში საცოდავად მოქანავე...
  ყოველდღიურ არსებობაში - სიცრუისა და ძალადობის ამ მყრალ მორევში, რომელ თქვენგანს შეუძლია შვება მოჰგვაროს მარადისობის სევდით დამძიმებულ, ადამიანის სულს? რომელი შესძლებს წუთისოფლის ბოროტ მდინარებას გამოსტაცოს მისი გადაღლილი სხეული?..
  როდესაც სისხამ დლით წინ მეგებებით, არ გეგონოთ ჩემთვის იმას ჰქონდეს მნიშვნელობა, მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელს ამიწევთ, თუ მარცხენას.

                                                                                                      ქუთაისი. 2005წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები