ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ ე ო ნ ა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2010


ქაოსი

დავკეტე კარები,
ფანჯრებიც ჩავრაზე,
დავცალე ფიქრების კარადა და რაზეც
მივლიდა საამო კანკალი სხეულში
ჩავკეცე,
ჩავტენე გზისამოხეულში…

დაცლილი კარადა_
დასვრილი ლაქებით
(ოცნების სათავსოდ მინდოდა არადა…)
გავრეცხე, გავხეხე
და ვერ მოვახერხე
ლაქების ამოშლა,
ამიტომ დავხერხე…

ფანჯრები დავფარე ფარდებით ზღვისფერით,
მზისფერით, მთისფერით,
გზისფერი ფარდებით…
უკანა კედელი მოვხატე ვარდებით,
მარცხენა_ გულებით
(შემდეგში ნულებით)
და ჭერზე წმინდანი
სისხლით და წყლულებით.
დანარჩენს უხლებელს დავტოვებ დროებით…

დროებით დაღლილი და ამაოებით
მივეწყვე ცარიელ კედელზე სუნთქვებად
და ყელში რაგაცა მომაწვა ბურთებად…

უცხო ვარ, უცხოა_
ოთახი დაცლილი
გრძნობისგან, აზრისგან..
და სრული ქაოსი_
ფიქრები აშლილა
(კარადაც დაშლილი)…

შეშლილმა ბრაზისგან
გზისფერი, მთისფერი,
მზისფერი, ზღვისფერი გავწიე ფარდები
და მივხვდი დაღლილი ამაო ძიებით,
ფანჯარა არა მაქვს _ ვერ გადავვარდები…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები