ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ქაღალდი

კვირაში ერთხელ გარეცხილი ხელების სუნით სავსე
მოვდივარ შენს ერთ წერტილში...
სადაც ყველაფერს ქაღალდის ყუთში მიფუთავ...
რძე ქაღალდის ყუთით,
კვერცხი- ისიც ყუთში,
ვაშლი რომელსაც თაროზე სუნის გახუნებამდე ვტოვებ,
თევზი-მუქი ყავისფერი ქაღალდის ფხებით...
მერე რიგი,
გადახდილია ერთი კვირის ენერგიის საფასური,
ხურდას ყოველთვის სახლამდე  ვატარებ მუჭით
ესეც ჩვევაა ისვე როგორც
მწვანესავით შენი შეგრძნება როცა ქუჩებს ინსტიქტურად ვკვეთ
და ჩემი ქაღალდის მკერდს ცარიელს ვტოვებ,
რადგან რძეს მხოლოდ მეგობარი სვამს
ცივს,
უმს,
თეთრს...
დილით დღის განრიგს პურის ნაჭრებთან ერთად ვაფიცხებთ
და მერე ყუთებით მიგვაქვს საღამოს სურვილი ძილზე
და მთელი დღეები ვატარებთ ზურგით...

ისინი იდგენენ უბრალოდ ასე და არჩევდნენ
ხელისგულისხელა ბროწეულებს.
ავი თვალისაგან,ავი სულისაგან,
ავი გემოსგან და ავი ამინდისგან დასაცავად,
გრძნობების გახლეჩის ასახსნელად არჩევდნენ
ისინი ხელისგულისხელა ბროწეულებს,
რომ დაენახათ როგორ რჩებიან მოგონებები
სისხლისფერი მარცვლებივით თეთრი გულებით...

რიტუალია შენი დავიწყებისთვის,
უპასუხო წერილების თავიდან კითხვა
და ამ ყველაფერზე აღარ საუბარი,
ხვდები რომ არ ღირს შედარება
და ყველაფერი ქაღალდის გვაქვს,
მკერდი.
ტუჩები,
ლაჯები,
ძვლები- მხრების ზემოთ და ყელის გასწვრივ...
ასე უფრო პრაქტიკულია ერთმანეთში კიდურების
ჩაკეცვა და სამკუთხა ქაღალდის თვითმფრინავივით
მრუდეების ჰაერში შეკვრა...
სულ ერთი ხელის მოსმით მიმეკუჭები მერე სადმე
ან დამინაკუწდები,
და გულმავიწყობის გამო რამდენჯერმე შემთხვევით
გაგრეცხავ...
და მერე მარტივად ვხსნით,რომ შენი უფერობა შემთხვევითობაა...


ჰო ,ისე,მაინც....შენ-
მხოლოდ გუშინ შეგეძლო გეყიდა ხელისგულისხელა
კანაქერცლილი ბროწეული
ჩემი სიზმრისთვის...
სადაც ყველა ქაღალდის თვითმფრინავისთვის ფრენა გადადებულია
ქაღალდის ფილტვებში არსებული
უჰაერობის გამო...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები