ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2010


* * *

დღეში ნახევარ, იგივე ათ ღერ
ჩესტერს ვეწევი. მახველებს, რახან-
ეპოქის ბოღმად ყლაპავს და ანთხევს,
ავტო-კოლონებს გვირაბის ხახა.

შიშინებს ღამის ცხელი ქალაქი
წვიმისქვეშ. აწვიმს ნისლიან მაღლობს.
გახურებული თავის ქალა კი
ტვინის გაყინულ უჯრედებს ალღობს.

და ყრუ ხმაურით, ერთვის და ერთვის
ავტომობილთა ნაკადი ნაკადს.
ანაბეჭდივით ატყვია ღმერთის,
ღრუბელს ციური სხეულის ლაქა.

აწვიმს გრან-ვიას, ხერონს, ტრინიდადს
გული მომილბო, ცოტათი დავცხრი,
გოგოს ღიმილმა ლურჯ ვიტრინიდან,
კიდევ სურნელმა პურის და ნამცხვრის.

იქნებ (ვერ ვიტყვი დანამდვილებით)
ფიქრში ვცხოვრობ თუ ცხადიდან გავქრი.
შორს შოკოლადის ქარხნის მილები,
მწარედ ხრჩოლავენ. და იქვე შაქრის

ჭარხლის მიდვრებში,ღამეს ათევენ
ულამაზესი თეთრი ყანჩები.
ფიქრიდან ძალით გამომათრევენ
ჩემივე თავის გარეთ დავრჩები,
უქათქათესი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები