ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთუნა
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2011


დედას

ისევ ყვავილებს ჩაგაწნავ თმაში,
მერე რა, რომ გაუხუნდათ ფერები მჭახე.
მოუხდება ხაკისა და ოქროს მზეები
შენს მუქ-შავ, ასე უმოწყალოდ
აჭრილ დალალებს...
დავიგვიანე...
ვერცხლისფრი მოგიჩანს თმაში,
შესაღებია თმის ძირებში ჩამდგარი დარდი...
გამოვედევნე ზეფირებს და ხონჩით ფერები
მომაქვს, მოვაღწევ, ჩემებურად მოგეფერები:
ზღვის ფსკერებიდან სადაფებით ვხაპე სიმწვანე –
ნება-ნება დაგავიწყებ ყველა სიმწარეს.
ლაჟვარდის ფერი შენთვის მომაქვს თბილი ნუგეში,
ნამის წვეთებად ვაგროვებდი გულის უბეში.
აი, ამ ნამში არეკლილ შვიდფერი კაბაც,
შემოგახვევ სიყვარულს შარფად...
გრძელი ზამთრიდან, ნაფერები, პეშვი სითეთრეც -
ასე უნდა დაგაბედო ტკბილი სიბერე.
ჩემმა მზეებმაც არ დაიშურეს შენთვის ყვითელი
ზაფხულები, სითბო, სიზმრები.
და აი, ბოლოს, ჩემი სულის ბროწეულებიც,
შენი ცრემლით მოწეულები...
ნუ გეტირება,
მე მინდა რომ იღიმო მარად
და ბროწულის ნახეთქებად ღიმილებს გაბამ...





წ.კ. (წერილის კუდი) ძველი ლექსია, მაგრამ დედასაც დღეს გავუზიარე. ვიცი მსგავს თემაზე დაწერილი ბევრი ლექსი დაიდო ამ დღეებში საიტზე, არც მე ვიქნები ორიგინალური. :) თან, ამასწინათ გამახსენეს გაზაფხულია და მოეშვი ამ თოვლზე და ყინულებზე ლექსების წერასო. :)  ჰოდა, აი, დედის დღეს დედაზე ლექსი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები