ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2008


იავნანა /ციკლიდან:''ერთი ლექსის ანალიზი''/

გთავაზობთ პორტალ ''ლიტერატურა.გე''-ზე დადებული ერთი ლექსის მცირე ანალიზს:

ზაზა კოშკაძე

იავნანა...
პოეზია
2008.08.28
------------------------------------------------


პატარავ,
ტკბილად იძინე.
ბომბდამშენები მოგიქსოვენ
ღრუბლებისგან უთბილეს და
მსუბუქ საბანს
არახდენილი სიზმრებისთვის,
რომლითაც უნდა გადაფარო
შენივე ღამე.
ტკბილად იძინე პატარავ და
ყური უგდე ელვისებურ
და ყრუ ტკივილებს
ძილისა და ფიქრის არეში,
რადგან ისინი საუბრობენ
დანაღმულ გზებზე და
დაპყრობილ კოსმიურ სივრცეებზე.
პატარავ, ტკბილად იძინე,
რადგან მათ უკვე გაიღვიძეს
და შენი თბილი სისხლი სწყურიათ,
რადგან ისინი სტერილური
სამედიცინო იარაღებით
ამახინჯებენ ჩვენს
წარმოდგენებს სამყაროზე და
უხილავ ძაფებზე
ადამიანებს შორის.
ტკბილად იძინე, პატარავ,
ყოველი მათი ამოსუნთქვა
საშიში და ფეთქებადია.
როცა ისინი ტყვიაგაუმტარ
სიზმრებს ხედავენ
შენ უძილო და დაუცველი ხარ...
ტკბილად იძინე...


როდესაც ეს ლექსი შევაფასე,კომენტარის დაწერის საშუალება არ მქონდა,მაგრამ ავტორს ფინალისთვის დადებითი ქულა დავუტოვე:+1.
ახლა შევეცდები ავხსნა,რატომ შევაფასე მხოლოდ ფინალი და არა მთელი ლექსი.რომელიც ძირითადად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ,მაგრამ დასაწყისში დარღვეული იყო მხატვრული ლოგიკა.ამის ერთერთი მთავარი მიზეზია რთული ქვეწყობილი წინადადების სიტყვა ,,რადგან,,.
არამოტივირებულად მეჩვენა მეტაფორა :,,ისინი სტერილური სამედიცინო იარაღით ამახინჯებენ.''.,რადგან ბომბდამშენების,დანაღმული ველების და ა.შ. საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია.
ასევე,ჩემი ფიქრით, წინააღმდეგობრივია მშობლის სურვილი,პატარამ ტკბილად იძინოს და თან ყური უგდოს ელვისებურ ტკივილებს,თანაც ამ სახეში გაურკვეველია,ვის გულისხმობს ავტორი ნაცვალსახელში''ისინი'':ყრუ ტკივილებს,რომელსაც პატარამ ყური უნდა მიუგდოს თუ მტრებს.
პუნქტუაციის გაუმართაობის გამო,გაუგებარია შინაარსი,ვეღარ ხერხდება ინტონაციის გამოკვეთა.
საქმის გასაადვილებლად მომყავს ამ ლექსის ჩასწორებული ვარიანტი,სადაც შევეცადე ,გრაფიკულადაც გამომეკვეთა ავტორის მიერ ლექსში უკვე ჩადებული, მაგრამ ბოლომდე დაუმუშავებელი სტრუქტურული მოდელი :თეზა-ანტითეზა.

იავნანა

პატარავ,
ტკბილად იძინე!

ბომბდამშენები მოგიქსოვენ
ღრუბლებისგან უთბილეს და
მსუბუქ საბანს
არახდენილი სიზმრებისთვის,
რომლითაც უნდა გადაფარო
შენივე ღამე.

ტკბილად იძინე პატარავ და
ყურს ნუ მიუგდებ ელვისებურ
და ყრუ ტკივილებს
ძილისა და ფიქრის არეში!

ისინი საუბრობენ
დანაღმულ გზებზე და
დაპყრობილ კოსმიურ სივრცეებზე.

პატარავ, ტკბილად იძინე!

მათ უკვე გაიღვიძეს
და შენი თბილი სისხლი სწყურიათ,
იარაღებით ამახინჯებენ ჩვენს
წარმოდგენებს სამყაროზე და
უხილავ ძაფებზე
ადამიანებს შორის.

ტკბილად იძინე, პატარავ!

ყოველი მათი ამოსუნთქვა
საშიში და ფეთქებადია.
როცა ისინი ტყვიაგაუმტარ
სიზმრებს ხედავენ ,
შენ უძილო და დაუცველი ხარ...

ტკბილად იძინე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები