ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2011


თბილი პური

  ქუჩაში მანქანების გამაყრუებელი ხმა გაისმა, მოძრაობა შეწყდა., რომელსაც იქვე მდგომი, სამთავრობო ფორმაში ჩაცმული პირი აკონტროლებდა. ეტყობოდა ვინმე, მაღალი თანამდებობის პირს უნდა გაევლო. მართლაც გამოჩნდა რამდენიმე მანქანა, რომელიც ელვის სისწრაფით მიიწევდა წინ. უეცრად  ერთ-ერთი მანქანა გაჩერდა, საიდანაც სოლიდურად ჩაცმული, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვიდა. მისი ასეთი მოულოდნელი საქციელი ყველას გაუკვირდა, დაცვა ერთხანს დაბნეულობამ მოიცვა. მამაკაცი კი სწრაფი ნაბიჯით წინ მიდიოდა, თითქოს ვინმესთან ეჩქარებაო. ქუჩა ცნობისმოყვარე ხალხით შეივსო.
  -დამეხმარეთ, გთხოვთ! ერთი ლუკმა პური იქნებ ვინმემ გამოიმეტოთ. ღმერთი არ გწამთ?! განწირული ხმით ყვიროდა მოხუცი კაცი, თმა და წვერი თოვლივით გათეთრებოდა, ეცვა სიძველისგან მუხლამდე დამოკლებული, დაძონძილი შარვალი და ასეთივე პერანგი. ხალხის ბრბო კი ისე უვლიდა გვერდს, თითქოს ადამიანი კი არა, რაღაც უმნიშვნელო ნივთი დაენახათ. ზოგი ზიზღით, ზოგიც კი უბრალოდ, სიბრალულით უყურებდა და გზას განაგრძობდა. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომლის მსგავსი დღეში მრავალი ხდებოდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ! მოულოდნელად მოხუცს ის ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა, რომელიც წამების წინ მანქანიდან ჩამოვიდა. ოდნავ მოიხარა, თავჩაღუნულ მოხუცს მოვლილი ხელებით შეეხო დაკოჟრილ თითებზე და ოდნავ გაიღიმა. მოხუცმა  ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა, თუმცა სირცხვილისგან და გაოცებისგან ხმის ამოღება ვერ გაბედა. ახალგაზრდას უნებურად თვალები ცრემლებით დაენამა და წარსულის სურათებმა გაურბინა თვალწინ კადრებივით.
  -დედა, დედიკო! გეხვეწები გონს მოდი, გაახილე თვალები. აცრემლებული ევედრებოდა პატარა ბიჭუნა საწოლზე მიჯაჭვულ დედას. არავინ ჰყავდა გვერდით ვინც დაეხმარებოდა, დედის ერთადერთ იმედიც სწორედ ეს პატარა, შვიდი წლის ბიჭუნა იყო. ოჯახის უფროსი მაშინ გარდაიცვალა, როცა ის იყო სრულიად უმწეო, სამი თვის. უნუგეშოდ დარჩენილი დედა-შვილი მხოლოდ ღვთის იმედით და მომავლის რწმენით ცოცხლობდნენ. დედა თავდაუზოგავად შრომობდა, არ თაკილობდა არაფერს, რათა შვილი ულუკმაპუროდ არ დაეტოვა და სწორ გზაზე დაეყენებინა. მაგრამ ერთ დღესაც იგი მძიმე ავადმყოფობამ შეიპყრო და ლოგინს მიეჯაჭვა. ის დანაზოგიც, რაც ამ ხნის მანძილზე შეაგროვა დაიხარჯა. ბიჭუნა ისე უვლიდა ქალბატონს, როგორც დედა სანუკვარ შვილს. ახლაც გულწასულ დედას რომ შეხედა თავიდან შეშინდა, მაგრამ მაინც არ დაიბნა და ქუჩაში პურის საშოვნელად გავიდა, თუმცა რა გზით უნდა ეშოვნა თვითონაც არ იცოდა. არც მაღაზიაში და აღარც მეზობლებში  აღარ ჰქონდა წასასვლელი. იმდენად განიცდიდა დედის ამბავს, რომ სირცხვილი არად ჩააგდო და ქუჩში მათხოვრობა დაიწყო. ევერებოდა ყველას, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა საბრალოს, არც მის ცრემლებს და ხვეწნას. ყველას მორიგი თაღლითი ეგონა, რომლებიც უკვე მრავლად იყვნენ ქალაქში. ბიჭს ძალა გამოელია, შიმშილისგან თავბრუ დაეხვა, მუხლებზე დაემხო და ღონემიხდილი მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა: პური! პური! უეცრად იგრძნო, რომ იგი ჰაერში აიტაცეს. ეგონა გონება დაკარგა და ეჩვენებოდა. თვალები ოდნავ გაახილა და კაცის კეთილი მზერა შენიშნა, რომელიც ნაზად უსვამდა ხელს თავზე ბიჭუნას. წაიყვანა იგი იქვე ახლოს ერთ-ერთ მაღაზიასთან, ერთის ნაცვლად რამდენიმე პური და საჭირო პროდუქტი უყიდა, ბოლო გროშები რაც ებადა ბიჭს დაახარჯა.  ბავშვს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. დაავიწყდა შიმშილიც და სირცხვილიც.
  -მადლობა ბიძია. თქვენ მე დედა გადამირჩინეთ. როგორ გადაგიხადოთ არ ვიცი..
  -ბიძიკო, როცა დიდი ბიჭი გაიზრდები, ყოველთვის გამიხსენე როგორც, შენი ცხოვრების ერთ-ერთი ნათელი წერტილი და თუკი ერთ გაჭირვებულს დაეხმარები, მაშინ ჩათვალე, რომ მე გადამიხადე. ახლა კი გაიქეცი დედასთან პატარა და გაუფრთხილდი მას.
  -დედიკო, დედიკო! გახარებული შევიდა ბიჭუნა დედასთან. პატარა ხელებით მოუმზადა საკვები და გონს მოიყვანა.
  -ჩემო პატარა, ჩემო იმედო... და შენ საიდან ეს ყველაფერი? წამიერად სახე მოეღუშა გონსმოსულ ქალბატონს. შენ, შენ იქურდე? ნუთუ ამას გასწავლიდი? ახლავე გადაყარე, ახლავე!
  -არა, დედა არა, მე ერთი კეთილი ბიძია დაეხმარა.
  -მერედა ვინ არის? სახელი არ ჰკითხე? ვალი ხომ უნადა გადავუხადოთ?! ხმას აუწია ქალბატონმა. ბიჭუნას გაეღიმა და მოხუცის სიტყვები სიტყვა სიტყვით გაუმეორა დედას.
  რამდენიმე ხნის შემდეგ, უფლის წყალობით ქალბატონი მომჯობინდა. ალბათ იღბალიც იყო, მან საკმაოდ კარგი სმსახური იშოვა სოლიდური ხელფასით, რომლის წყალობითაც არა მარტო პურის, არამედ შვილისთვის კარგი განათლების მიცემა და სწორად აღზრდა შეძლო.
სწორედ ეს პატარა ბიჭუნა იყო ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც თანამდედბობის მიუხედავად, შუა ქუჩაში მანქანიდან ჩამოვიდა და საბრალო მოხუცი შეიცოდა. მისი თვალებიდან ცრემლების ზღვა მოედინებოდა, ხალხი კი გაოგნებული უყურებდა მას. მათთვის ხომ წარმოუდგენელი იქო ასეთი მამაკაცის ტირილი. რა იცოდნენ, რომ სწორედ მას ესმოდა ყველაზე მეტად მოხუცის. თავი ააწევინა და ახლა უკვე სახეში შეხედა მოხუცს. გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა მას, თან ტუჩებს გამალებით ისრესდა.
  -ნუთუ ის თვალებია?-გაიფიქრა მან თავისთვის, კიევ ერთხელ დააკვირდა და ბედის ირონიაც სწორედ ესაა, ის თვალები დაინახა, რომლებიც წლწბის წინ, ჯერ კიდევ 7 წლის უმწეო ბიჭმა. მოხუცი ვერ ხვდებოდა მის საქციელს და თავს უხერხულად ამოძრავებდა. ახალგაზრდამ ისე ჩაიკრა იგი გულში, როგორც საკუთარი, მონატრებული მამა. სიტყვა სიტყვით მოუყვა მოხუცს ყველაფერი და გაახსენა ის დღე, როცა მან, ერთადერთმა, თავადაც გაჭირვებულა გაუწოდა დახმარების ხელი სრულიად დაუცველს. რამდენიმე წუთში ფეხზე წამოდგა და დაცვას უბრძანა იგი სახლში წაეყვანათ, რადგან მიხვდა, მოხუცს წასასვლელი არ ჰქონდა, რომ მისი ბინის სახურავი დიდი ხანია რაც ცა გამხდარიყო.
  საღამოს 8 საათი იქნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ მანქანიდან ჩამოვიდა, ოღონდ ახლა უკვე საკუთარი სახლის ჭიშკართან. სწრაფად შევიდა სახლში და პირველი, რაც შენიშნა მოხუცის ბედნიერი თვალები იყო. მიუახლოვდა მას, რომელიც საწოლში მოთავსებულიყო, უკვე თბილ საწოლში და ხარბად შეექცეოდა თბილ პურს. მან ხელი გადაუსვა ახალგაზრდას თავზე, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ შვიდი წლის ბიჭს, გაუღიმა ჩვეული სითბოთი და ათრთოლებული ხმით უთხრა:
  -ბიძიკო, მე ბედნიერი ვარ! შენ სიკეთე არ დაგვიწყებია, ჩემს დარიგებას ამაოდ არ ჩაუვლია. უფალი აუცილებლად დაინახავს ამ ყველაფერს და ისიც სიკეთით ასმაგად გადაგიხდის. ცხოვრება კიბეა. ზოგი ადის, ზოგიც კი ჩადის როცა არ ელოდება. რჩება მხოლოდ ადამიანობა, სიკეთე და სინდისი. ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო, კვლავ გაუღიმა და ღრმა ძილს მიეცა.
ახალგაზრდამ დაუხუჭა ნახევრად ღია თვალები , შეეხო მოხუცის ჯერ კიდევ თბილ ხელებს და დაბალი ხმით ჩაილაპარაკა:
-რჩება მხოლოდ ადამიანობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები