ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როსტომ იტრიელი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2011


რვა ძმა ხერხეულიძე

ჰორიზონტს გასჩროდა ივლისის სისხამი,
ცხენების ფრუტუნი სიჩუმეს ლეწავდა,
ჩვენ ფეხზე ვიდექით და აბჯარს ვისხამდით,
მომხვდურთან ბრძოლაში სიკვდილი გვეწადა.

გზა გვედო ცოტა და ვალი კი ათმაგი -
გმირების სამარე, გვამებს რომ იცოხნის
(ვით კატა გუდაში, გულებში უბორგავთ,
წლების წინ ჩასმული, უბეწვო სიცოცხლე,

ჭაბუკებს)... თან გქვონდა სუყველას თილისმა -
რწმენა და გვავსებდა ზესულისკვეთებით,
მტრის ურიცხვ ლაშქართან ვიდექით პირისპირ,
საკუთარ თავებზე თითოჯერ მეტები...

დამთავრდა ომი და დაღლილი მარულა,
სიკვდილი დარბოდა მოფანტულ ნადავლზე,
რვა ძმა ხომ ბრძოლაში დაეცა გმირულად
და მე ვარ ის მეცხრე, რომელიც გადავრჩი.

სხეულზე დამაჩნდა ცხოვრების ავ - კარგი...
ათასგან დაჩეხილს, დილამდე დილიდან
(ძმების და დედის და დაიკოს დამკარგავს),
მოხუცი დიდედა გულდაგულ მივლიდა,

მე მახსოვს იმისი დამჭკნარი ღაწვები
და მზე რომ ახმობდა აჩეხილ ვენახებს...
შენივე თვალიდან როდესაც გაძვრები,
გგონია სამყარო მთლიანად შენა ხარ

და მუდამ იხსენებ, ივლისის სისხამში,
ხმაური სიჩუმეს მარდად რომ ლეწავდა,
უწვერო ბიჭები აბჯარს რომ ისხამდნენ,
გულში კი სუყველას სიცოცხლე ეწადა!


                              1656 წ. 15 მირკანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები