შენ რაღა მოგდის ცამდე მართალო ჩემს წინ განგების მახვილს რომ ლესავ დღე-ღამის რიტმში მაცლი გულის სისხლს და მეც იმედის ძალითღა ვკვნესი.
ყველგან ხარ, მაგრამ ვერსად ვერ გხედავ თვალს გაურბიხარ, როცა მჭირდები ალბათ დამსჯი, რომ სამდურავს ვბედავ ღმერთი ხარ, ტკივილს შენ ვერ მიხვდები.
იცი რა არის ცრემლი მაღალო? სულს რომ დააწვიმს სისხლის მდინარედ მე ვერ ვიქნები დღეს თავმდაბალი მე ვერ ვიქნები პირმომცინარე.
შენ ხომ არ იცი ტკივილი ღმერთო სულს რომ შეგიძრავს, გულს დაგიმდუღრავს მარტო ვარ. ასე შენს წესრიგს ვერთვი და ჩემი ლექსის რითმებად ვუკრავ.
---
ქვემოთ ვეშვები, მტანჯავს ფიქრი უფრო მეტადაც გარდაუვალი შეჯახების ზღვარზე დაისთან მე ვერ შევძელი შენთვის ვალი გადამეხადა და ახლა ღრუბლებს შევერთვები სადღაც მაისთან.