ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ ჯაყელი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2011


მიმოწერა მონტე ირელთან



      1

ხუთი აკლია სამს,
ბზარი ეტყობა ჭერს...
როგორც იტყვიან, ხამს -
სალამი გიძღვნა ჯერ.

ეხ, როგორ გარბის დრო,
ნელ - ნელა გვაჭრის ფრთებს,
კაცი ბერდები, თან
წარსულს კვერცხივით დებ.

თუმც შენ არ უშვებ შანსს,
ჟამი ნაკლებად გცვლის,
ჩემი მოკითხვა შენს,
ახლად მოყვანილ ცოლს!
               
                   
                        მონტე ირელი. სანაკლიო. 09.07.11
       
     
      2

მოგესალმები ძმაო,
აბა რას იტყვი ახალს?
მითხრეს, ჩამოწვა ზვავი,
შენი სასახლის ახლოს.

ხომ მშვიდობაა? თავში
ათასგვარ აზრებს ვცდიდი...
თითო წკიპურტი ბავშვებს,
ირას მოკითხვა დიდი.

მე არამიშავს, ვწვალობ,
შვილზეც ვმუშაობ ღამით.
გითვლით გულითად სალამს,
ჩემი მეუღლე ანი!

                        ავთანდილ ჯაყელი. თბილისი. 12.07.11


    3

ჩვენ ძმაო სხვაგვარად გვესმის,
ერთგული ცოლების ყადრი
და გულის გაბზარულ სასმისს,
ვასმევთ და უგონოდ ვათრობთ.

ჩემს ირას ვუკოცნი ნიკაპს
და მკერდის მარცხენა რიყეს,
მე ისევ ბიჭივით მიყვარს,
თხუთმეტი წელია მიგებს.

ხო, ჩემი ის არის შველა,
მუდმივი იარა ტანზე,
აქამდე თქმული და ყველა
დღეიდან სათქმელი ლექსი!


                          მონტე ირელი. სანაკლიო. 15.07.11

        4

(ფანჯარა ატარებს სიწითლეს,
დევს წყვილი კომოდზე საყურე)
იმიტომ ვდგები, რომ საწოლთან
დავჯდე და მძინარეს ვუყურო

მას - როგორ ბორგავს და წუხდება,
თუ ებრძვის დემონთა გარნიზონს
და ძილის ფარდები უხდება,
წარბების მოღუნულ კარნიზებს.

ზოგჯერ კი ისეთი მშვიდია,
რომ გულის ფეთქვასაც ვაჩერებ...
მკერდიდან მომწყდარი სადაფი
და ყურის პატარა ნიჟარა

თმის ტევრში გაჩრილან. სიწითლე
ლოყებზე გადაჰკრავს (ბუხარი
გიზგიზებს), მე ვზივარ საწოლთან,
რომ ასე, მძინარეს ვუყურო

მას!

                            ავთანდილ ჯაყელი. თბილისი. 17.07.11



მონტეს პასუხი ჯერ არ მოსულა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები