ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2008


ფოთლები დაგვიბერდნენ

შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ასე უჩუმრად და უჩვეულოდ,
სიჩუმის დარღვევა ვერ გაბედეს,
ფრაზებს, გაქცეულებს, ვერ ვპოულობ.
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი, ერთგულებით დაიღალე,
იცი... ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები