ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2011


უადრესატო წერილი


მიყვარხარ მთელი სულით და ხორცით... ჰო, ძალიან, ძალიან! ისე, როგორც არასდროს არავის არავინ... არ გჯერა განა? არა, ეჭვი არ გინდა, ის ყველაფერს აფუჭებს, ეჭვი არ გვეკადრება. გთხოვ, ნუ მთხოვ, დაგიმტკიცო, რადგან უძლური ვარ, რაიმე გმირობა ჩავიდინო. მე რომ რაინდი ვიყო, ალბათ, შენი სიყვარულისთვის ვინმეს დუელში გამოვიწვევდი და ვნების ცეცხლით ანთებული, სისხლსაც დავღვრიდი. არა, არ მინდა ეს ფუჭი საუბარი. ხომ გესმის, მე თავგანწირვისთვის მზად რომ ვარ? რა საჭიროა დუელი, მე ისე გავწირავ თავს შენთვის. მაგრამ განა შენც იმავეს იზამ ჩემთვის, განა შენი გულიც ასეა გამთბარი? არა, არ მინდა შენი სიცივე, მითხარი, რომ შენ მთელი ცხოვრება ჩემთვის აგროვებდი სითბოს, რომ მერე მზის სხივებად დაგეღვარა ჩემს სხეულზე... მოდი, მომხვიე ხელი, ნუ გეშინია, არ დაგწვავ, არც დაგსუსხავ, მოდი, გადმოდგი პირველი ნაბიჯი, ჩამჭიდე ხელი და მითხარი, რომ არასდროს გამიშვებ და ასე დაუსრულებლად ვივლით სიცხეშიც და სიცივეშიც. მითხარი, რომ მხოლოდ ჩემზე ოცნებობდი, ჩემით სუნთქავდი, ჩემი ცქერით ხარობდი და ვერ ძღებოდი და მხოლოდ შემხვედრ იმპულსს ელოდი ჩემს თვალებში, რომ ჩემამდე მოეყვანე. მე ახლა გავჩუმდები და ნაზად ჩავღუნავ თავს, ნუკრივით დავხრი თვალებს. შენი მორჩილი, უწყინარი ბავშვი ვარ, გოგონა, რომელიც თვალდახუჭული მოგყვება სადღაც შორს, ჯერ კიდევ გაუთელავი ყაყაჩოებით გადაწითლებულ ბილიკებზე...

ზემოდან მზე გველიცლიცება, თვალს გვიკრავს და უხვად გვჩუქნის ოქროსფერ სხივებს. ამ პაპანაქებაში მხოლოდ ჩვენ ორს არ გვცხელა, რადგან ციდან ჩვენთვის სიყვარულის თბილი თოვლი მოდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები