ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყარიბი
ჟანრი: თარგმანი
30 ნოემბერი, 2011


მთვრალი ხომალდი (არტურ რემბო)

როცა დავყევ დინებას მდორე მდინარეების,
მეკარჭაპეთ ძალებით აღარ ვიყავ მართული,
წითელკანიანების უნუგეშო ტყვეები
იყვნენ ფერად ბოძებზე სამსჭვალებით გაკრული.

მე, მზიდავი ხორბლის და ინგლისური მაუდის,
უკვე არ დაგიდევდით ეკიპაჟის ვნებასა,
როცა მორჩა ხმაური და მომხდურმაც აუდო,
დავყევ მდორე დინებას და მივყევი ნებასა.

უფრო შეუსმენელი, ვიდრე ჩვილის გონება,
გავქანდი, ხმამ მოქცევის გული ვერ შემიშინა,
იმ ნახევარკუნძულებს დიდხანს მოეგონებათ
მანამ გაუგონარი გამარჯვების ყიჟინა.

ზღვაში გამოფხიზლება ქარიშხალმა დალოცა,
იმ ტალღებს ვეთამაშე მსუბუქ ცეკვით გართული,
ზოგჯერ რომ ადარებენ თვით სიკვდილის კალოსაც.
უზრუნველად ათ ღამეს ლიცლიცებდა სანთური.

მწვანემ,სასიამოვნომ, ტკბილმა მწიფე ვაშლივით,
ამ ჩემს ნაძვის სხეულში წყალმა შემოაღწია,
ღვინის ლურჯი ნარწყევი ტანიდან გადამშალა,
მერე საჭე მომგლიჯა და ნებაზე მარწია.

და შევცურე თამამად მე ზღვის პოეზიაში,
ზღვა იყო ვარსკვლავებით და რძით გაჯერებული,
ნთქავდა მწვანე ლაჟვარდებს, გაუმაძღარ წიაღში
გაკრთებოდა დამხრჩვალის გვამი ჩაფიქრებული.

სილურჯეებს ამღვრევდნენ შმაგად,დაუცხრომელად,
ტრფობის მწარე მეწამულს აღვივებდნენ ღველფებად,
ჩვენს ქნარებზე მძლავრი და ღვინოზე მათრობელა
ზანტი რიტმი თაკარის და გიჟური ცხელება.

ვნახე, როგორ არღვევდა ზეცას ელვა გრძნეული,
ვჭვრეტდი ტალღებს ქაფიანს და ქარიშხალს ვნებიანს,
მწუხრიც, დილაც მტრედების გუნდივით აღგზნებული,
ყველაფერი ვნახე,რაც მოკვდავს მოლანდებია.

მზე დაბალი , საშიში, იდუმალი ლაქებით,
ასხივებდა იისფერ, შესქელებულ ნათებით,
როგორც მონაწილეებს ანტიკური დრამების,
ისე უფრიალებდათ ზვირთებს მოსასხამები.

მწვანე ღამე მეზმანა თოვლით თვალისმომჭრელით
და ზღვის კოცნა ნელ-ნელა თვალებამდე ასული,
მიმოქცევა წვენების უცხო, დაუცხრომელი
და ლურჯ-ყვითელ ფოსფორთა სიმღერები ზღაპრული.

მივყვებოდი თვეობით,ზღვა ჭექდა ვით ბოსელი.
ხმიანებდა რიფებთან ტალღები მოვარდნილი
და თვით წმინდა ღვთისმშობლის ტერფი ნათელმოსილი
ვერ შეძლებდა დაეცხრო ოკეანის ბღავილი.

გამაოგნა ფლორიდის საარაკო მშვენებამ,
ყვავილები ბზინავდა,ვით თვალები ავაზის.
ზღვაზე,ზეცის კიდესთან ზვირთებს სადავეებად
ჰქონდათ ამოდებული ცისარტყელა ათასი.

ვნახე უვრცეს  ჭაობთა ავბედითი დუღილი,
სად ლეში ლელქაშებში ლპება ლევიათანის,
ვჭვრეტდი დარს და დარს შორის ზვირთებს მომსკდარს ქუხილით
და შორეთებს ,უძირო უფსკრულებში ჩატანილს.

ცა გიზგიზა,მყინვარნი, მზეთა ვერცხლი გრძნეული...
გასარიყად მითრევდნენ წყალმღვრიე ყურეები.
ვით ვეება გველები ბაღლინჯოდასეული,
ჰყარდნენ შავი სურნელით დაგრეხილი ხეები.

აჰ, ნეტავი! ხალისით ვაჩვენებდი პატარებს
ზვირთზე ცეკვა-სიმღერას ოქროსფერი თევზების,
და ბოლომდე  მივანდე  თავი ტალღებს და ქარებს,
თითქოს ზღაპრულ ბედაურს შემოვკარი დეზები. 

ზოგჯერ ზღვა, თუ პოლუსი ან განედი დაღლიდა,
რწევას მისათუთებდა ტკბილხმიანი ალივით,
ჩრდილის ყვითელ ყვავილებს კოტოშებად მაყრიდა
და ვხვდებოდი მორჩილად დაჩოქილი ქალივით.

ვიყავ თითქმის კუნძული და მკერდზე მაცვიოდა
სკორე და  ჟრიამული ოქროსთვალა ჩიტების,
მაინც წინ მივცურავდი და ნელა მცილდებოდა
ჩემგან ზურგშექცეული დამხრჩვალთა აჩრდილები.

სად არ ვეხეთქებოდი მორკინალი ქარებთან
ყურეთა უთავბოლო ბადეში გახლართული,
ჩემს ჩონჩხს ,ზღვის წყლით გალეშილს, ვეღარ ამოათრევდა
ალბათ იალქნიანი ჰანზის ფლოტი განთქმული.

თავს ვაღწევდი ლაბირინთს იისფერი ნისლების
და კვამლით მივარღვევდი წითელ კედელს ზეცისას,
მზის ხავსით დალაჟვარდის დუჟით უბეს რომ ივსებს
და ნუგბარი ლუკმაალაღი პოეტებისა.

მდევდა მთვარე ნამგალა ელექტრული ციალით,
მდევდა გაფიცხებული ცხენთევზების კრებული
და ივლისის კომბალთა დაუნდობელ ტრიალით
იმსხვრეოდა მხურვალე ზეცა ძაბრისებური.

ვთრთოდი, ვგრძნობდი მალშტრემებს, ორმოცდაათ ლიედან
ხმა მესმა შეწყვილებულ ბეჰემოტთა ღრეობის
და მე, მომვლელს დაუღლელს ზღვის ულურჯეს კიდეთა,
მომენატრა ჯებირი უძველესი ევროპის.

ვნახე ვარსკვლავთ კრებულთა უცხო სამეფოები
ცა კუნძულთა,მშფოთვარე საბუდარი მითების,
ნუთუ ამ ბნელ ღამეში გძინავს განმარტოებით
ძალავ შორი მერმისის  შენი ოქროს ჩიტებით?!

თუმცა ,მაშინ დამეწყო მეტისმეტი წამება,
აისები მმზარავენ, მზეც და მთვარეც წყეული,
სიყვარულის მაცდური სურვილი მეძალება,
დე, ზღვამ ჩანმთქას წიაღში ხეხრხემალდამსხვრეული!

თუ რამე მსურს ევროპის, ცივი და ჭუჭყიანი
გუბე,სადაც სურნელი დგას ბინდბუნდში დასავლის,
სადაც ჩაცუცქულია ბიჭუნა სევდიანი
და გემს უშვებს გუბეში მსუბუქს პეპელასავით.

აწ, ზვირთებო, განბანილს თქვენი შმაგი ვნებებით,
რაც ვიგემე სიცოცხლე ეული და თავნება,
აღარ ძალმიძს, ვემონო ნებას მებამბეების
და ვიგუო დროშების ცივი ამპარტავნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები