იყო და არა იყო რა. იყო ერთი თავადი, რომელსაც თვალტანადი ასული ჰყავდა. მაგრამ ქალი მეტად ამაყი და ამპარტავანი იყო. მთხოვნელები ყოველდღე მოუდიოდნენ, ქალი კი ყველას სწუნობდა, თვალში არავინ მოსდიოდა და, რომელ მთხოვნელსაც ნაკლს უპოვიდა, დასცინოდა და მასხრად იგდებდა. ერთ დღესაც თავადმა თავის ასულს უთხრა: _ შენი ამპარტავნობა და კუდაბზიკობა ყელში ამომივიდა! ავდგები და გლეხს შეგრთავ, რომ ეგ სიამაყე მოიშალოო! მართლაც, თავადმა თავისი ლამაზი ქალი იმისთანა გლეხს შერთო, რომ მისნაირი ღარიბ-ღატაკი იმ მხარეში არავინ მოიძებნებოდა. გლეხმა თავადის ქალი წაიყვანა, თავის ქოხში შეიყვანა და ერთად ცხოვრება დაიწყეს. მაგრამ ქალი თავისას მაინც არ იშლიდა, ქმარს არ ჰგუობდა, ქედმაღლობდა და ხელს არაფერს აკარებდა: ეგღა მაკლია, ეს უბადრუკი ქოხი დავასუფთაო ან ჩემს გლეხუჭა ქმარს საჭმელი გავუკეთო და ტანისამოსი გავურეცხოო! გლეხი ცოლის ამპარტავნობამ ნამეტანი შეაწუხა, ხელი ჩაჰკიდა და ისევ თავადს მიუყვანა: შენი ქალი შენვე გყავდეს! მე ცოლი მინდა და არა ქალბატონიო! გაბრაზდა თავადი, მისდგა თავის ცხვირაბზუებულ შვილს და იმისთანა დღე აყარა, რომ სულ ვაი-ვიში აძახებინა და ცრემლები აღვარღვარებინა. მერე კი სიძეს უთხრა: _ წაიყვანე ეს შენი ცოლი და რამდენჯერაც შეგეურჩოს ან დაცინვა დაგიწყოს, იმდენი პანღური ჰკარიო! გლეხმა ქალს ხელი ჩაჰკიდა და ისევ თავისთან წაიყვანა. ერთხელაც გლეხი ძლიერ ავად შეიქნა და საწოლს მიეჯაჭვა; ხელ-ფეხი სულ გაუკავდა. რა უნდა ექნა მის ცოლს? იკადრა და დატრიალდა: ქმარს უვლიდა, აჭმევდა, ქოხს პატრონობდა, ლუკმაპურს კი მეზობლებში სამადლოდ შოულობდა. მაგრამ მერე იფიქრა: მეზობლებს როდემდე უნდა ვთხოვდე ან პურს, ან რძეს, ან ყველსა თუ კარაქს? მამაჩემთან წავალ და ჩემს გაჭირვებას მოვახსენებ, იქნებ გული მოვულბო და დამეხმაროსო. ქალი მამასთან მივიდა. _ რისთვის მოსულხარ ან შენმა ქმარმა ამხელა გზაზე მარტოკა რატომ გამოგიშვაო? _ ჰკითხა მამამ. შვილმა ყველაფერი უამბო: _ ასე და ასეა ჩემი საქმე, ქმარი ლოგინად ჩამივარდა და ვერაფრით ვშველი, მეც ხელიდან არაფერი გამომდის და ორივე ნამეტანი დავბეჩავდითო. თავადმა ახლაღა შენიშნა, რომ თავისი ასული ძველებურად ქედმაღალი და ამპარტავანი აღარ იყო, შეებრალა და უთხრა: _ მსახურებს ვუბრძანებ და ყველაფერს მოგიტანენ, შენს ქმარს კი ერთ კარგ მკურნალს გამოვუგზავნიო. ქალი შინ დაბრუნდა. ცოტა ხანში მამამისის მსახურებმა სარჩო-სანოვაგე უხვად მიუტანეს და მკურნალიც მიუყვანეს. მკურნალმა დაუძლურებული გლეხი გასინჯა და ქალს უთხრა: _ თუ გინდა, ქმარი მოგირჩინო, შენი ცალი თვალი უნდა შეჭამოს; თუ არა და მალე მოკვდებაო. _ რა ვქნა? როცა ჩემი ქმარი ჯანმაგარი იყო, შრომას არ თაკილობდა, ტყავიდან ძვრებოდა და მშიერ-მწყურვალს არ მამყოფებდა. თუ ჩემი თვალი მოარჩენს, ეგრე იყოს, დამკარი დანა და თვალი ამომაცალე, ქვეყანას ცალი თვალითაც დავინახავო, _ აცრემლდა ქალი. _ შენი თვალი წამლად არ გამოდგებაო, _ უთხრა ქალის პასუხით ნასიამოვნებმა მკურნალმა, _ ეს მამაშენის დავალებით გითხარი, რადგან იმის გაგება უნდოდა, თუ ქმარი რამდენად გიყვარს; ნამდვილი წამალი თან მაქვს წამოღებულიო. მკურნალმა წამალი გამოაჩინა, გლეხს დაალევინა და თვალის დახამხამებაში მოარჩინა. გამოხდა ხანი და თავადის ამაყი და თავნება ქალი ისე მორჯულდა და იმისთანა მადლიანი ცოლი დადგა, რომ ყველა კაცი მის ქმარს შენატროდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "ჭირვეულის მორჯულება" ზღაპრულად :)
რამდენიმე პლიუსი ჩემგან :) "ჭირვეულის მორჯულება" ზღაპრულად :)
რამდენიმე პლიუსი ჩემგან :)
1. ჭკუის სასწავლი ზღაპარია. მომეწონა. ჭკუის სასწავლი ზღაპარია. მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|