ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2011


ქაღალდის მტრედი

                                ქაღალდის მტრედი

                (მესამე პასუხი არმოწერილ წერილებზე)


                                              ადრესატი: მარიამ ბაჯელიძე
                                              საფოსტო ინდექსი: # 27



              დილიდან ვზივარ როიალთან და ნოტებს ვიღებ
              (გაგეცინება), ვიცი მხოლოდ თეთრი და შავი
              კლავიში, მაგრამ არის რაღაც ყველაფრის მიღმა,
              რაც ზედაპირზე არ ტივტივებს. მუსიკაც მაშინ
              უკეთესია.

              აღარ მხიბლავს დიდხანს და მარტო
              ყოფნა, მითუფრო, შენი თავი თუ მოიბეზრე
              ადამიანმა, როცა ცხოვრობ და ვეღარ დარდობ,
              ვეღარც იცინი, როცა აზრმა დაკარგა აზრი,
              ან შენ დაკარგე ყველაფერი. როცა წვიმაა,
              ისეთი, როგორც იცის ხოლმე, როდესაც ქარში
              ფანჯრის წინ მდგარი ორიოდე ხე ხელებს გიწვდის
              და შენ კი დგახარ სველ მინებთან, საკუთარ სახლში,
              თბილ სახლში, სადაც არაფერი ხიფათი არ ჩანს,
              ამდენად, უფრო საშიშია სიცოცხლე თუ კი
              ამ შიშს ვერ ხვდები, თუნდაც ხვდები მკაფიოდ, მაგრამ
              იმარხავ გულში და თანდათან სულ უფრო გიკვირს,
              რამ ამოავსო მთელი მკერდი. და როცა ისიც
              არ არის გვერდით, ვისაც შეძლებ უბრალოდ უთხრა,
              რაიმე უთხრა, ან გაჩუმდე, როდესაც იცის, -
              მისი ძილიდან გამოყმუი ცხოვრების უღრანს.

              შენ ხარ ძალიან მოშორებით. წარმოსახვაში
              მე შემიძლია, იყო ჩემი ცოლი და გვყავდეს
              ერთი, ან უფრო მეტი შვილი. წამოვიხურო
              მოსასხამი და სავარძელში ჩავჯდე პარმაღზე.
              იქიდან უკეთ გამოჩნდებით ბავშვები, ბაღი
              და შენ და ასე - ყველაფერი, რაც ახლა არ მაქვს.
              მე წარმოვიდგენ, თითქოს იყოს კარი, შენ აღებ
              და ღიას ტოვებ, რომ ქუჩიდან მოსულმა ქარმა
              გამომაფხიზლოს ისე, როგორც კოშმარში ხდება,
              როცა მოგდევენ, ვერ გარბიხარ, ან რაღაც დიდი
              და საშინელი სიმაღლიდან ვარდები დაბლა
              და ამ ორივე შემთხვევაში იღვიძებ მშვიდი,
              თან გადაღლილი, რომ გადარჩი და თან რომ ნახე,
              მძაფრად იგრძენი საკუთარი სიკვიდილი, ხოლო
              არავინ გახსოვს შენიანი, არცერთი სახე
              ნაცნობის, ვინც იქ დაგმარხავდა, - კოშმარში. ბოლო
              და დასაბამი ერთი არის (გულწრფელად ითქვას)
              სიზმრების, სადაც უშვებ ონკანს და ზუსტად იწყებ
              მოყოლას მძიმე მოგონების, წყალს ატან თითქოს
              მთელ შენს რეალურ არსებობას.

              მე ვარჩევ სიცხეს,
              ზაფხულს, რომ დგახარ და ცივ ლუდს სვამ, საუბრობ მხოლოდ
              თავშესაქცევად (ვთქვათ, ფეხბურთზე), ერთ-ერთ მეგობარს
              რამეს ანიშნებ და იცინით. მაგრამ შენ ახლა,
              ამ ზამთრისპირზე, სიცივეში უფრო იგძნობი...

              და ეს თითებიც წერენ რაღაც უცნაურ სიტყვებს,
              რომლებიც შემდეგ ლექსი ხდება, წერილი - ლექსი,
              მე კი გადამაქვს ყურადღება ამისკენ. კითხვა
              და ჩასწორება ისე, როგორც მოითხოვს ტექსტი,
              ან ხასიათი.

              და სულ მხიბლავს, როდესაც ჭერქვეშ
              გულაღმა ვწევარ, ჭაობდება თვალებში სევდა,
              რომ ვგრძნობ ამდენად სიყვარულსაც, - ყელგამოჭრილი
              ამოვდიოდე და კრავივით ვრჩებოდე შენთან.



                                                          თბილისი, ზღვისუბნის ქუჩა, 3 მკრ. 1 კვ. კორ. 19
                                                          თორნიკე ჭელიძე
                                                          24. 11. 2011




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები