ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია ღლონტი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2012


ლადოსთან რა ვარ

ძველ წინდასავით გამოხია მთვარემ ღრუბელი,
ჰგვანან გორები ტბორის პირას დაყრილ ფაშატებს,
რომლებსაც ღამით გაუხედნეს კვიცი უბელო,
მერე კი ,უღვთოდ,თარაქამას დაღით დაშანთეს.

მკერდგარღვეული ნარიყალა,როგორც მოშურნე,
ცალყბად დასცქერის მადათოვს და მიეთ–მოეთობს.
ნაცოდვილარი ბწკარედები გავაბროშურეთ,
ლადოსთან რა ვართ,მაგრამ მაინც ყველა ვპოეტობთ,

რადგან სიტყვები ნაჩქერალას კალმახებია,
ამოჩქეფებულს ჩანჩქრის ჭავლით როგორ ჩაჩუმქრავ.
თვალს რომ შეადგამ გორებს,ჯანღის ფაფახებიანს,
გინდა,რომ შენი მწირი ბწკარიც უძღვნა საჩუქრად.

რადგან არაგვმა წაიყოლა აღაზას ოხვრა,
რადგან უპყრია ბებერ მუხას ცა განმკლავებით,
რადგან კრწანისმა შენი გული ასე გამოხრა,
სიტყვა რომ არ თქვა,ტკივილს როგორ გაუმკლავდები.

რადგან გაუხსნა ნინოწმინდამ გოგლას იარა,
შეჰკიდებოდნენ მაშინ როცა ღამეს ატმები,
ტიციანივით თერგმა გულზე გადაგიარა,
მუხრანმა ყალყზე დაგიყენა თმები,რა თმები!

რადგან კვართივით შენი მიწაც დაინაწილეს,
ო,როგორ გინდა,ტკივილები რომ გაამრთელო!
და ცხრა ლახვარი მტრის ჯინაზე ცხრაჯერ გაცინებს,
წაგართვეს,მაგრამ მაინცა გაქვს შენ საქართველო...

და სიყვარული,ამ სულიდან გარდამოსული,
სირსვალასავით ჩემს არსებას უღვთოდ მოედო...
ნაცოდვილარი ბწკარედები გავაბროშურე,
ლადოსთან რა ვარ,ვინ ვარ,მაგრამ მაინც ვპოეტობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები