ორთვიანი კარანტინის შემდეგ ფერღანადან ავღანეთში გადმიყვანეს. ერთი კვირა მომიწია მოტომსროლელთა პოლკში ყოფნამ, საიდანაც, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, სამრეცხაოში მიმავლინეს. სულ სამი ჯარისკაცი ვიყავით - ჩვენს გარდა თორმეტი მრეცხავი ქალი და სამრეცხაოს უფროსი პრაპორშჩიკი კარიმოვი. მთელს დივიზიას-თორმეტიათას კაცს ვემსახურებოდით. ჯარისკაცებს მტვირთავობა გვევალებოდა: მანქანებს ვცლიდით ჭუჭყიანი თეთრეულისა და საცვლებისაგან და სუფთებით ვტვირთავდით. თავიდან ძალიან არ მომეწონა ჩემი საქმე - ძნელია სხვისი გასვრილი, ტილიანი საცვლები მკერდზე მიხუტებული ატარო. სამრეცხაოს ეკალხლართებიანი ღობიდან შურით ვუყურებდი მიმავალ ტანკებსა და ჯავშნოსნებზე ამაყად მჯდომ იარაღიან ბიჭებს. ამ დროს ძალიან მრცხვენოდა მათი, მრცხვენოდა საკუთარი თავისაც: მიმაჩნდა, რომ ისინი მებრძოლი გმირები იყვნენ, მე კი სამრეცხაოში გამოკეტილი ლაჩარი. ის ფაქტი, რომ ეს მშვიდი, უხიფათო ადგილი ჩემი ნებით არ ამირჩევია, მაინც არ მამშვიდებდა და ყოველთვის დამცირებულად ვთვლიდი თავს. ერთი კვირის შემდეგ წერილობით მივმართე იმ პოლკის მეთაურს, საიდანაც მოვლინებულად ვითვლებოდი, დავებრუნებინე უკან, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ... შვიდ სექტემბერს, გამთენიისას, რაკეტები დაგვაყარეს დუშმანებმა. უფრო სწორედ, რაკეტები ესროლეს ჩვენს გვერდით განლაგებულ სადესანტო პოლკს, თორემ სამრეცხაო რა სამიზნეა? ოთხი ჯარისკაცი მოკვდა, ბევრი დაიჭრა, მაგრამ ეს დღე ჩემთვის დასამახსოვრებელი არ ყოფილა არც მათი სიკვდილით, არც რაკეტების წივილით და არც შემდგომ ჩვენი ვერტმფრენების საკვირვლად საცქერალი შტურმით... ეს დღე წარუშლელ ხსოვნად სულ სხვა გარემოებათა გამო დარჩა ჩემში... ქალები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, ორწლიანი კონტრაქტით იყვნენ ჩამოსულნი და ძირითადად ახალგაზრდა ოფიცრებს მოყვარულ მეძავებს, ან ცხოვრებაში ხელმოცარულ, ავღანეთს შეფარებულ რომანტიკოსებს წარმოადგენდნენ. იულია არც პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა და არც მეორეს. იგი სულ სხვა იყო, მათგან ძალიან განსხვავებული. ჩვენ, ჯარისკაცებს, ქალები მაღლიდან გვიყურებდნენ, ტოლად არ გვთვლიდნენ. მეც მათ ოფიცერთათვის „წილხვდომილად” მივიჩნევდი და არასოდეს არც მიცდია, არც მიფიქრია, რომელიმე მათგანისათვის ალერსი მეთხოვა. იულია ცხრამეტ აგვისტოს მოვიდა ჩვენთან. მან შეცვალა ოლგა მილინსკაია - ყველაზე უხამსი ქალი, რომელიც ჩემში თავისი სიშიშვლის დემონსტრირებით უფრო მეტად ზიზღს იწვევდა, ვიდრე ნდომას. იულია სულ სხვა იყო! მე ხშირად მიკითხავს მისთვის, რატომ მოაწერა ხელი კონტრაქტს ავღანეთზე, რამ აიძულა, მაგრამ მას პასუხი არ გაუცია. მეც ბევრი მიფიქრია, მაგრამ ახსნა ვერ მომიძებნია, ეტყობა ის თავისი ბიოგრაფიიდან რაღაცას მალავდა. სამრეცხაოს სიახლოვეს განლაგებული ნაწილების დიაცთმოყვარულმა ოფიცრებმა მალე გაიგეს ,,ახალი ქალის” ჩამოსვლა, მოდიოდნენ და ეარშიყებოდნენ. ამ ყველაფერს მე ვხედავდი, ზოგჯერ ლაპარაკიც მესმოდა. ხშირად, როცა უფრო მოშორებით ვიდექი, დაძაბული შევცქეროდი - იქნებ სახის გამომეტყველებით მაინც გამეგო, რა პასუხს აძლევდა იულია და როდესაც ის მოარშიყეს ზურგს აქცევდა, მე შვებით ამოვისუნთქავდი ხოლმე. იულიას თაყვანისმცემელთა შორის იყო უფროსი ლეიტენანტი მედვედევი, საშუალო ტანის თავდაჯერებული ოფიცერი. ის საათობით იდგა და ეღლაბურცებოდა სარეცხის ქვაბთან მოფუსფუსე ქალს. ამ დროს ის მე გველივით მეზიზღებოდა და ერთი სული მქონდა, გამესრისა მისი წითური თავი. შვიდი სექტემბრის ღამეს ჭურვების სტვენის და აფეთქების ხმამ საწოლიდან წამომაგდო. სამივემ თითქმის ერთდროულად ჩავიცვით და გარეთ გამოვვარდით, რათა ასეთი შემთხვევისათვის სპეციალურად გათხრილი სანგრებისათვის შეგვეფარებინა თავი. აფეთქების ხმას ენაცვლებოდა ქალების წივილი. - სანგრებისაკენ! სანგრებისაკენ! - ყვიროდა პრაპორშჩიკი. ალბათ ბედისწერა იყო: სიბნელეში წყლის ცისტერნას დავეჯახე და წავიქეცი. ავტომატი გამივარდა. ხელის ფათურით მოვძებნე და ის იყო სანგრისაკენ უნდა გავქცეულიყავი, რომ აფეთქების სინათლეზე თვალი მოვკარი იულიას, რომელიც საწყობთან მიყრილი ჭუჭყიანი ზეწრების გროვის გვერდით პირქვე იწვა. ხელი წავავლე. მინდოდა წამომეყენებინა. ის მთელი სხეულით კანკალებდა. მიცნო. - სალაძე, მიშველე! - მითხრა და აცახცახებული მკერდზე მომეკრა. წესით მე ის თავშესაფარისაკენ უნდა წამეყვანა, მაგრამ მისი სხეულის სითბომ ფეხები მომკვეთა და იქვე ზეწრებზე მასთან ერთად ჩავწექი. მე უკვე აღარ მეყურებოდა აფეთქების ხმები, სამაგიეროდ მესმოდა იულიას გულისცემა. თენებისას მე მას ვუთარი, რომ მიყვარდა. იულია იყო საშუალო ტანის, უაღრესად პროპორციული აღნაგობის ქალი ჩალისფერი, მბზინავი თმითა და გაცრეცილი ტუჩებით. ცისფერი თვალები ჰქონდა, საიდუმლო და მიმზიდველი. ყვრიმალებს ქვემოთ ფერმკრთალ ყელზე ორი ოდნავ შესამჩნევი ცისფერი ძარღვი გასდევდა, რომელიც მის სახეს დაღლილობისა და მოწყენილობის იერს ანიჭებდა. სასწაული ღიმილი ჰქონდა... მე ის დღესაც მომღიმარი წარმომიდგება თვალწინ. სამრეცხაოს გვერდზე ზაფხულ-შემოდგომობით მუდამ კამკამა, პატარა მდინარე ჩამოუდიოდა, სადაც გუბურა იყო მოწყობილი. სიცხისაგან გათანგულები სამუშაოს შემდეგ იქ ვგრილდებოდით. მედესანტეებს ჩვენგან დაახლოებით ორას მეტრში, ჩვენსაზე ბევრად უფრო ფართო და ღრმა საგუბარი ჰქონდათ. მათ ეკრძალებოდათ ჩვენთან ამოსვლა, მაგრამ მალულად მაინც მოდიოდნენ, შორიახლოს შეუმჩნეველ ადგილას ისხდნენ და უცქერდნენ მზის გულზე წამოწოლილ ქალებს. ამ მხრივ ჩვენ მათზე ბედნიერნი გახლდით: უფრო ახლოს ვიყავით საპირისპირო სქესთან, მათ გვერდით ვბანაობდით და შეგვეძლო, ვითომ შემთხვევით, ხელი შეგვეხო მათი შიშველი სხეულისათვის, ან მათი თხოვნით ზურგი დაგვეზილა. ალბათ ამიტომ იყო, რომ მედესანტეებს ჭირივით ვეზიზღებოდით, სამრეცხაოს ვირთხებს გვეძახდნენ და თუ გარეთ სადმე მოგვიხელთებდნენ, აუცილებლად ჩხუბი უნდა აეტეხათ. რა თქმა უნდა ჩვენ ოთხნი, სამრეცხაოს სამი ჯარისკაცი და პრაპორშჩიკი, ქალებთან ამ ხელოვნურად მოწყობილ პლაჟზე მარტონი არ გახლდით: აქ თავს იყრიდნენ ახლომახლო ნაწილებიდან მოსული მათი „თაყვანისმცემელი” ოფიცრები. იულია არასოდეს ჩასულა გუბურაზე. ის მდინარის წყალში გაგრილებას და მზის აბაზანებს შხაპსა და ჩრდილში ჯდომას ამჯობინებდა. ხშირად მინახავს როგორ ეძალებოდნენ სხვები, რათა მისთვის ეს ახირება მოეშლევინებინათ, მაგრამ იულია მდინარეს არ გაკარებია. მის ამ საქციელს სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ, ხოლო მე, სანამ ნამდვილ მიზეზს გავიგებდი, ამას ქალურ კდემამოსილებად მივიჩნევდი. რვა სექტემბრის დილა თენდებოდა. დუშმანები აღარ გვესროდნენ. თანდათან რიჟრაჟი ღამის წყვდიადიდან კვეთდა იულიას სილუეტს. მე ვხედავდი მის მარჯვენა ლოყას, ჩემს მკლავებზე ჩაშლილ თმებს, ჩემს ყელთან მესმოდა მისი სუნთქვა. მისი მკლავები შიშნეულად აღარ მეჭიდებოდნენ, მოდუნებულიყვნენ და გავიფიქრე, რომ ეძინა. უკვე სადღაც შორიახლოს ისმოდა პრაპორშჩიკისა და ქალების ხმა. უხერხული იყო ვინმეს ამ მდგომარეობაში ვენახეთ და ხელის შეხებით ვაგრძნობინე, ავმდგარიყავით. ის, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, წამოდგა, დაბნეულად შემომხედა, გამიღიმა, პერანგის საკინძე და ქვედაკაბა გაისწორა და წავიდა. პრაპორშჩიკმა, რადგან მთელი ღამის უძილონი ვიყავით, ეს დღე დასვენებად გამოაცხადა და უფლება მოგვცა, შეწყვეტილი ძილი გაგვეგრძელებინა. ჩვენი საძინებელი სამრეცხაოს გვერდზე მიდგმულ ხის პატარა ქოხს წარმოადგენდა, სადაც ორი ტუმბო და სამი საწოლი გაჭირვებით თავსდებოდა. ჩვენი ქოხის სარკმლიდან მოჩანდა შენობა, სადაც ქალები ცხოვრობდნენ. ეს იყო ფინური ტიპის ხის სახლი, ვიწრო დერეფნითა და აქეთ-იქით განლაგებული პატარა ოთახებით. მე არ დამძინებია - როგორც კი თვალს მოვხუჭავდი, თვალწინ მედგა ჩემს სხეულზე მოხუტებული იულია. ორიოდე საათი უშედეგოდ ვიწვალებდი თავს, ბოლოს ფრთხილად ავდექი, ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. დილა იყო, მაგრამ მზე უკვე საშინლად აცხუნებდა. გულმა მდინარისაკენ გამიწია. მავთულხლართების ღობეში გავძვერი და ფერდობზე დავეშვი. ბანაობა დამეზარა. იქვე გუბურასთან ძეძვნარში შევეფარე, პაპიროსს მოვუკიდე და წუხანდელზე ფიქრი დავიწყე: რა უნდა მეთქვა იულიასათვის როცა შევხვდებოდი? ვიცოდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ საიდან დამეწყო, ან მომისმენდა კი? წუხანდელი ღამე, გარდა პანიკური შიშისა, ნიშნავდა კი მისთვის რამეს?... აი, ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ფეხის ხმა მომესმა - ვიღაცა ზევიდან მდინარისაკენ ეშვებოდა. ბუჩქები მივწი-მოვწიე და ქალის ფეხებს მოვკარი თვალი. გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ცოტა უკან ჩავჩოჩდი და უკვე მთელი ტანით დავინახე მომდინარი: იულია ფრთხილი ნაბიჯით ეშვებოდა ქვევით. კიდევ უფრო ამიჩქარდა გული. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, დავნახვებოდი თუ არა. ბოლოს ისევ სიმორცხვემ სძლია სითამამეს და მე ქურდივით ძეძვნარში გავირინდე. იულია ჩამოვიდა გუბურასთან და პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი: უკვე ვნანობდი, რომ დროზე არ დავენახე. მან გუბურის შემოგარენი მოათვალიერა და გახდა დაიწყო. იმდენად გავქვავდი და გავირინდე, რომ სუნთქვაც კი შევწყვიტე, ოღონდ ვერაფერი მოვუხერხე გულს, რომელიც ძალუმად გუგუნებდა მკერდში. იულიამ გაიხადა სარაფანი და ჩემსკენ შემობრუნდა. მისმა სიშიშვლემ თვალები მომჭრა, მგონი, რამდენიმე წამი გულიც კი გამიჩერდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი არემარეს და ისევ მდინარისკენ შებრუნდა... და მე მის ქათქათა, თეთრ ზურგზე დავინახე ტატუირება: ბეჭებს შუა მტკაველის სიმაღლეზე გამოსახული იყო ვარდი, რომლის ღერო სადღაც კუდუსუნთან იწყებოდა. ტოტს სამ წრედ დახვეოდა გველი, თავზე პირამიდის ტიპის გვირგვინი ედგა. ვარდის ფურცლებს ზევით ჰქონდა აწეული კისერი, ხოლო თავი ვარდისკენ დაეხარა და ორკაპა ენა კოკორისთვის დაეფჩინა. იულიამ ჯერ თითქოს საცურაო კოსტიუმის ჩაცმა დააპირა, ხოლო შემდეგ გადაიფიქრა და დედიშობილამ შეცურა გუბურაში. ის დინჯად და მსუბუქად უსვამდა. იმგვარად, წყალთან ხამად რომ არ არიან. გუბურაში სულ რაღაც სამიოდე წუთი თუ დაჰყო, რამდენჯერმე ჩაყვინთა და ისევ უკან გამოცურა. მის კანზე წყლის წვეთები სხვადასხვაფრად ბზინავდნენ. თავი გააქნია, თმებიდან წყალი დაიბერტყა, სასწრაფოდ ჩაიცვა და იქვე ჩამოჯდა. მე, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა, რომ ის ჩემს ახლოს იყო, მაგრამ ამ გრძნობაზე ჭარბი იყო შიში, არ შევემჩნიე. ქურდს რომ აუჩქროლდება გული, ეს-ესაა დანაშაულზე რომ უნდა წაასწრონ, იმდაგვარი შეგრძნება მქონდა. ის რამდენიმე წუთს იჯდა და ეს წუთები მღელვარე საათებად გადამექცა, ხოლო, როდესაც წავიდა, შვებით ამოვისუნთქე და თვალებით გავაცილე აღმართის ბოლომდე. ცოტა ხნის შემდეგ უკან დავბრუნდი. ვასილევს და გავაზოვს ისევ ეძინათ. ფრთხილად ამოვიღე რვეული და კალამი უჯრიდან. მხატვრობის არც ისე ცუდი ნიჭი მაქვს და იულიას ტატუირება დავხატე, ქაღალდი ბალიშის ქვეშ დავმალე და გარეთ გამოვედი, რატომღაც მეგონა, რომ იულიას ეზოში სადმე ვიპოვიდი. გამიმართლა_ის ჩვეულ ადგილას, საწყობის კედლის ჩრდილში მერხზე იჯდა, ზურგით კედელს მიყრდნობოდა და წიგნს კითხულობდა. სანამ მასთან მივიდოდი, აზრებს ვალაგებდი, რა უნდა მეთქვა. საშინლად ვღელავდი. ათასი წინადადება მიტრიალებდა თავში და ეს მოკლე მანძილი ისე გავიარე, ვერ გადამეწყვიტა, საუბარი საიდან დამეწყო. მან ხუთიოდე ნაბიჯზე გაიგო ჩემი ფეხის ხმა, წიგნიდან თავი მაღლა აწია და შემომხედა. რამდენიმე წამი ასე არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა, შემდეგ გამიღიმა და სანამ რამეს ვეტყოდი, მითხრა: - არ გძინავს? მეც ვერ დავიძინე. იმდენად შევშინდი წუხელ, რომ დღეს თვალი ვეღარ მოვხუჭე. შენ რომ არ ყოფილიყავი, ალბათ გული გამისკდებოდა. ადრე არ მეგონა, თუ ასეთი მშიშარა ვიყავი. ყველამ, ვინც აქა ვართ, თავი უნდა მოვამზადოთ ასეთი შემთხვევისათვის. მე, ეტყობა, ვერ მოვემზადე. - იულია, გახსოვს, წუხელ რა გითხარი? - ვკითხე მას და დაბნეულმა შევხედე. მან მხრები აიწურა და თავი გააქნია. - ხომ გითხარი, ძალიან შეშინებული ვიყავი. არაფერი მახსოვს. მახსოვხარ მხოლოდ შენ და აფეთქების ხმები, - თქვა, კეკლუცად შემომხედა და გააგრძელა, - მე მართლა არ მახსოვს. შენ ხომ შეგიძლია, გამახსენო. არა მგონია, დღეს დაგვიანებული იყოს. - მე გითხარი, რომ მიყვარხარ, - ტუჩების კანკალით ამოვღერღე. - მერე? - სერიოზული სახით მკითხა მან. ამ ,,მერემ” ძალიან დამაბნია. არ ვიცოდი რა მეთქვა. ბოლოს როგორც იყო, მოვახერხე: - მერე, მინდა ჩემი ცოლი გახდე. ამ სიტყვებზე მან გადაიკისკისა. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, სალაძე. შენ სამსახურის წელიწადნახევარი კიდევ დაგრჩა. მე უფრო მეტი. ხომ იცი, ამ ხნის განმავლობაში ქორწინება შეუძლებელია. ან იქნებ სწორედ ვერ გამოთქვი შენი სურვილი და უბრალოდ ჩემთან დაწოლა გინდა?.. თუ ასეა, გაგცემ პასუხს: მე შენთან არ დავწვები! - არა, მე შენთან დაწოლა კი არა, მინდა ჩემი ცოლი გახდე... - ვთქვი ენის ბორძიკით იმ კილოზე, ბავშვი რომ თავს იმართლებს. ამ სიტყვებმა, თუ ჩემმა ტეტია გამომეტყველებამ, ალბათ ერთმაც და მეორემაც, ის ძალიან გაამხიარულა და მე მისჯილივით ვისმენდი მის კისკისს. ბოლოს სერიოზული სახითა და სითბოგარეული თანაგრძნობით მითხრა: - წადი, სალაძე, სისულელეა, არ იფიქრო მაგაზე. წუხანდელზე კი გმადლობ. შენ რომ არა, გავგიჟდებოდი. - მე შენ მიყვარხარ, - ვთქვი მტკიცე ხმით და უკან წავლასლასდი. ჩემს უძილობას თან დაერთო ემოციური გადაღლილობა. ნაცემი ძაღლი რომ მონახავს ბუნაგს, იმგვარად მივაღწიე საწოლამდე. თავი მიბრუოდა. სხეულის ყველა სახსარში გამოფიტულობას ვგრძნობდი. გაუხდელად წამოვწექი ლოგინზე და მკვდარივით ჩამეძინა. მეორე დღეს, სამუშაოს შემდეგ გავიპარე სარემონტო ბატალიონში, სადაც ჩვენებური ბიჭები მსახურობდნენ. წავიღე ქაღალდზე გადახატული იულიას ტატუირება, იქ მათი დახმარებით მივაგენი კარგ მცოდნეს, რომელმაც ნახატი ჩემს ზურგზე გადაიტანა. ვბრუნდებოდი სამრეცხაოში და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზურგით მიმქონდა იულიას საიდუმლო. ტატუირება იულიას რაღაცა დაფარული ნაწილის მოზიარედ მხდიდა. თითქოს ძვირფასი განძი მომეპოვებინოს, რაღაც ეგოისტურ კმაყოფილებას გაეღვიძა ჩემში: მე ზურგით მომქონდა ის, რასაც იულია უცხო თვალისაგან სხვა სასირცხო ადგილებზე არანაკლებ იფარავდა. თუმცა მე ვიცოდი მისი საიდუმლოს მხოლოდ გარეგნული მხარე, მაგრამ თვითონ საიდუმლო - როგორ გაჩნდა ტატუირება მის ზურგზე, ჩემთვის დაფარული იყო. ერთი კი ნათელი გახლდათ, მას ეს მხატვრობა სატრაბახო და სხვათათვის საჩვენებლად არ გაუკეთებია. მაშ, რა ძალა იყო ის, რამაც აიძულა სუსტი გოგო, მელანში ჩასველებული ნემსის ამდენი ჩხვლეტისათვის გაეძლო? იულია ჩემთვის იყო არა მარტო ლამაზი ქალი მომხიბვლელი აღნაგობითა და მომნუსხავი ღიმილით, არამედ მასში იყო საიდუმლო, რომელიც მისდამი ლტოლვას მიორმაგებდა. რაღაცა შინაგანი ხმა მაქეზებდა და იმედს მაძლევდა, თუმცა მისი გულის მონადირების შანსს ვერ ვხედავდი. და ამ დღიდან მე მის აჩრდილად ვიქეცი: როდესაც ის სარეცხ მანქანასთან ტრიალებდა, ამოჩემებულ ადგილას ვიდექი და უბრად ვუცქერდი. შუადღის შემდეგ, როდესაც სხვები გუბურაზე იყვნენ და ის ჩვეულ ადგილას წიგნს კითხულობდა, მე რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ვიჯექი. ჭამისას ისეთ ადგილს ვირჩევდი, თავს რომ აწევდა, მე უნდა დავენახე და როდესაც ის შხაპს იღებდა, გარეთ ველოდი. გადიოდა დღეები, ერთხელაც არ ვცდილვარ, დავლაპარაკებოდი და ისიც უხმოდ იტანდა ჩემს საქციელს. იშვიათად თუ შემომხედავდა, ტუჩებს გაბუსხავდა და თავს გააქნევდა, რითაც მაგრძნობინებდა, დამანებეო თავი. როგორც ადრე ვახსენე, სამრეცხაოში ხშირად მოდიოდა იულიას მოტრფიალე უფროსი ლეიტენანტი მედვედევი, რომელიც იმავე მოტომსროლელთა პოლკიდან გახლდათ, საიდანაც მე ვიყავი სამრეცხაოში მოვლინებული. მას როტის მეთაურის თანამდებობა ეკავა. ხანდახან კვირაობით, ხან ერთი თვითაც დაიკარგებოდა - ხოლმე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა როტა ოპერაციაზე მიჰყავდა. ხოლო, როცა უკან ბრუნდებოდა, თავისუფალ დროს იულიასთან ბაასში ატარებდა. მე და მედვედევმა ოქტომბრის შუა რიცხვებში გავიცანით ერთმანეთი: ყველანი გუბურაზე იყვნენ. იულიას უკვე შხაპი მიეღო და მერხზე იჯდა. მე შორიახლოს ჩვეულ ადგილას ვიდექი. ამ დროს მოვიდა მედვედევი, ჯერ მე შემომხედა ალმაცერად, შემდეგ იულიას მოწიწებით მიესალმა და მის გვერდით ჩამოჯდა. შიგდაშიგ მესმოდა მათი საუბარი: მედვედევი ჯერ განყენებულ საკითხებზე ლაპარაკობდა, რომ საცაა დაიწყებოდა ქარები და უსაშველო სიცხეს ახლა მტვერი დაემატებოდა. უყვებოდა ომის შესახებ და ბოლოს უთხრა, რომ მეორე დღეს საბრძოლო ოპერაციაზე მიდიოდა და მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გაეგო, თუ რამდენად უთანაგრძნობდა იულია მის სიყვარულს. იულია თავდახრილი უსმენდა. შეკითხვაზე პასუხი არ გასცა. მედვედევმა ხელი ხელზე დაადო და მფრთხალი ხმით თქვა: - შემიძლია თუ არა ვიფიქრო, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია? - არ ვიცი, - უპასუხა იულიამ. თავი მაღლა აწია და შემომხედა. მედვედევმა მის მზერას გააყოლა თვალი, გაკვირვებით ამათვალიერ- ჩამათვალიერა და იულიას, ვინ არის ეს ჯარისკაციო, ჰკითხა. თან არ დაელოდა მის პასუხს, ფეხზე წამოდგა და თავისთან მიმიხმო. მის ბრძანებაზე არ შევტოკებულვარ, რამაც მედვედევი საშინლად განარისხა. ალბათ, ზედმეტად დამცირებულად იგრძნო თავი, წონასწორობა დაკარგა, უცებ ჩემთან მოიჭრა, ნიკაპზე ხელი წამავლო და მტკიცე ხმით კბილებში გამოცრა: - ამხანაგო ჯარისკაცო, რატომ არ ემორჩილები ოფიცრის ბრძანებას?! მე ხმა არ ამოვიღე, არც შევრხეულვარ. მისი ბრაზისაგან ანთებული თვალები კმაყოფილებას მგვრიდა. - რა გვარი ხარ? უნდა ვთხოვო კარიმოვს, რომ დაგსაჯოს. მე კვლავ არ გავეცი პასუხი. მხოლოდ ოდნავ დამცინავად გავიღიმე. ამ ღიმილმა ის უფრო აანთო და ააპილპილა. მგონი, აპირებდა კიდეც, ჩემთვის გაერტყა, რომ უცებ გონს მოეგო _ზურგი მაქცია, უხერხულობიდან რომ გამოეყვანა თავი, გაიცინა და იულიას მიმართა: - ყველა რეგვენსა და შტერს ავღანეთში გვიგზავნიან. ვინ არის? რა გვარია? მე არ მინდოდა იულიას პასუხი მომესმინა, ამიტომ ზურგი ვაქციე და იქაურობას გავეცალე.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. 5. მომეწონა! 5. მომეწონა!
17. დღეს არა,ჯაბა:) დღეს კი არა, იყოთქო, მაგრამ მაინც მადლობა უშველებელი :D დღეს არა,ჯაბა:) დღეს კი არა, იყოთქო, მაგრამ მაინც მადლობა უშველებელი :D
16. ანემონეს ვულოცავ დაბადების დღეს! თქვენ - კარგ მოთხრობას! მე-2 ნაწილზე გადავალ :) ანემონეს ვულოცავ დაბადების დღეს! თქვენ - კარგ მოთხრობას! მე-2 ნაწილზე გადავალ :)
15. დღეს ჩემი დაბადების დღეა./ მეუდაბნოვე. ეს როგორ გამომრჩა :D ჩემიც იყო ;;) დღეს ჩემი დაბადების დღეა./ მეუდაბნოვე. ეს როგორ გამომრჩა :D ჩემიც იყო ;;)
14. ნეტა რა საიდუმლო აქვს იულიას,დავინტერესდი მეც :) კარგად ჰყვები ნეტა რა საიდუმლო აქვს იულიას,დავინტერესდი მეც :) კარგად ჰყვები
13. გილოცავ დაბადების დღეს. ბევრი წერე! გილოცავ დაბადების დღეს. ბევრი წერე!
12. გაწაფული ხელით არა. გაწაფული გულით. დღეს ჩემი დაბადების დღეა./ გაწაფული ხელით არა. გაწაფული გულით. დღეს ჩემი დაბადების დღეა./
11. ძალიან საინტერესო ისტორიაა, გაწაფული ხელით დაწერილი. მეც ველი გაგრძელებას. ძალიან საინტერესო ისტორიაა, გაწაფული ხელით დაწერილი. მეც ველი გაგრძელებას.
10. საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას. ერთადერთი შენიშვნა, - პროპორშიკი და არა - პრაპორშიკი.
პატივისცემით: ტენდი საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას. ერთადერთი შენიშვნა, - პროპორშიკი და არა - პრაპორშიკი.
პატივისცემით: ტენდი
9. მეუდაბნოვე, გილოცავ დაბადების დღეს!!!! :)))
ბედნირი ყოფილიყავი, როგორც ავტორი და როგორც ადამიანი !!!! :)))
პატივისცემით: ტენდი მეუდაბნოვე, გილოცავ დაბადების დღეს!!!! :)))
ბედნირი ყოფილიყავი, როგორც ავტორი და როგორც ადამიანი !!!! :)))
პატივისცემით: ტენდი
8. კარგად ყვებით, ველოდები გაგრძელებას. კარგად ყვებით, ველოდები გაგრძელებას.
7. ძალიან საინტერესო ამბავია დაველოდები გაგრძელებას
მომეწონა ძალიან კარგი თხრობის და მოყოლის ნიჭი გაქვთ
მეუდაბნოვევ გაიხარე.........
ყოველთვის საინტერესოა აქ შემოსვლა...... ძალიან საინტერესო ამბავია დაველოდები გაგრძელებას
მომეწონა ძალიან კარგი თხრობის და მოყოლის ნიჭი გაქვთ
მეუდაბნოვევ გაიხარე.........
ყოველთვის საინტერესოა აქ შემოსვლა......
6. ერთ-ერთი საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო
5. ერთ-ერთი საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო
4. ავღნური დღიურები..ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო! და ისევ აქტუალური, ჩვენდა სამწუხაროდ... ავღნური დღიურები..ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო! და ისევ აქტუალური, ჩვენდა სამწუხაროდ...
3. :( არ მეყო,იმდენად საინტერესო თხრობა გაქვთ..
:( არ მეყო,იმდენად საინტერესო თხრობა გაქვთ..
2. საინტერეო ამბავია...ველი გაგრძელებას...:) საინტერეო ამბავია...ველი გაგრძელებას...:)
1. ვაა, ნეტა ნმეტი დაგედო, მეუჯდაბნოვევ, მაგრა მაინტერესებს რა მოხდება:) ვაა, ნეტა ნმეტი დაგედო, მეუჯდაბნოვევ, მაგრა მაინტერესებს რა მოხდება:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|