ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2012


თამაში

გამჭვირვალეა ცხოვრების ფარდა,
ზოგი ტკივილი მოჩანს ლაღობად.
ყველა თამაშობს საკუთარ თავთან,
მკვიდრი სისუსტის უარსაყოფად.

თამაშში ბუდობს შიში პაწია
და შიშზე უკეთ არავინ იცის,
თუ მოკლე კაბა რატომ აცვია
ბაგეზე უცებ დაფრენილ სიცილს.

უჩინოდ ბევრი მოკვდა ოცნება,
მთებად სურვილთა ყრია ნაცარი.
მიწა კი არა, ცაც გაოცდება,
რომ გამოვფინოთ გულში რაც არი.

სისულელესთან ამქრობს გენია,
ხან ეტრატია გული, ხან-დაფა.
ვინ გამამტყუნებს, თუ მირჩევნია,
სხვის სასუფეველს ჩემი ჯანდაბა.

ვინ დააზავებს მზეს და ქარაშოტს,
ყოფნა-არყოფნის უსაზღვრო ჩრდილში.
ბედთან  საცეტოდ და სათამაშოდ
ისევ ფაფხურობს ადამის ჯიში.

და მაინც...თამაშს თამაშობს ღიად
სიკვდილის ლანდი, ასე ფრთამალი,
რომელსაც მიაქვს, ჯიუტად მიაქვს,
დასამალი და არდასამლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები