ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2012


მეტ-ნაკლებად

ვინ-ვიღაცის ტარიგია,
ვინ-ვიღაცის ბელზებელი.
სხვა კი არა, თავიც კია,
ზოგჯერ მოსაბეზრებელი.

იყო ჭირი-ღობის ჩხირი,
იყო შორი გზა იმედად.
ვის რაც სურდა იმნაირი
მადლი სხვისთვის გაიმეტა.

ამოდ ოხრავ, ამოდ ხვნეში,
არის ღია ორი კარი.
გინდა წადი სამოთხეში,
გინდა-თავი მოიკალი.

ვინც თავისთვის იდიადა,
ბრმის თვალითაც დანახულა.
სული უფლის ჩიტია და...
ხორცი-მიწის ხარახურა.

არ ღირს ხვეწნა, არ ღირს დავა,
ცოდვის ორივეა ფარდი.
კარგია, ვინც ლოცვად წავა,
არ წავა და...აი, დარდი.

ბნელის ვიყავ მეც ამკლებად,
მაჩეჩებდა დრო იარებს.
ცხოვრობს ყველა მეტ-ნაკლებად,
ცოდვა-მადლით მსხმოიარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები