ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარო
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2012


აპოლოგია

მიდის ღრუბელი
და მიაპობს სულის გალავნებს,
მიდის ღრუბელი,
გადაუფრენს ნაცრის ქალაქებს,
გვტოვებს სარკმლებთან
მოყინული თეთრი თითებით,
იგრიხებიან კაუჭივით კითხვის ნიშნები.

გვტოვებს ყავარჯნით, ხელჯოხებით
დროის ნაპრალში,
კვლავაც ვიგონებთ,
მიმოზის ტყეს როგორ ვხატავდით
და მზეს რარიგად ვაგორებდით
ხელიდან ხელში,
ო, ჩვენზე მეტად ჰგავდა წამი
წამებით შეშლილს!

აქ მატარებლის შეკივლებას
აღარც გაიგებ,
იქნებ ქალივით ლიანდაგზე
ათრევს მაისებს,
იქნებ ნაზამთრალ დილას ჩარჩა
თოვლი უბეში
და გულწითელა იცრემლება
თოვლის ბუდეში.

რა დაგვაწყნარებს აქ
ყავარჯნით და ხელჯოხებით,
ლამის თვალებსაც შეირგებენ
ხარბად ფრთოსნები,
აქ ქვის კაცებმაც ჩაიარეს
ძაღლის კუდებით,
არ გასწორდების, ნათქვამია,
არა, სრულებით.

ამ ლაბირინთში არ დაგკარგო
სიტყვავ, მზისფერო,
ბაგეს ვარდივით დაკონილო,
შეუბილწველო.
ამ ნაპრალებში არ გამებნე
ქარვის მძივივით,
ნეტა პოეტებს რად ამშვენებთ
ასე ტკივილი
მეტად სიმშვიდის,
მეტად ოქრო-ვერცხლით შემკობის,
მიწა მყიფეა და თანდათან
ყველა ვეფლობით.

სული ჯოხებზე წამოცმული ავაფრიალოთ,
რომ მტრედებივით ცაში შევკრათ
სულთა ირაო,
ან ფარდაგივით ჭრელი
მზეზე ფრთხილად გავფინოთ,
არ დაგვიობდეს (თუ უბრალოდ!)
აღარ წავწყმიდოთ.
აბა, ეგ ხორცი,
ასე ძალუმ თავს რომ იწონებს,
მალე ვარდისფერ გაზაფხულებს გამოიგლოვებს.

და რჩება თვალებს შეყინული
ცრემლი პოეტის,
და სიტყვა -
მარად მარადისის
აპოლოგეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები