ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარო
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2012


ბროწეულები

იქ, აფეთქებულ ბროწეულებს სიცილი წასკდათ,
დაანთეს ცეცხლი,
უწინდებურად იმ კოცონზე ინატრე დაწვა,
მსუბუქი ფრთებით.
ზურმუხტისფერი, ტანკენარი ხეების უბე
აივსო ფრთოსნით,
მეხმა გაბზარა სარკესავით დამშრალი გუბე,
დამზრალი კორდი.
ძინ... ძინ... ათასგზის, ათასხმოვნად ქარს მოაქვს ექო,
არხევენ ზარებს,
იქნებ გრიგალში ჩამოექცა კვლავაც სამრეკლო
ოქოპირ მნათეს.
იქნებ ფრესკებსაც აღარ შერჩათ სუნი საკმევლის,
ცრემლები - თვალებს,
აღარც გალობა, აღარც წირვა, თვლემენ საყდრები,
ურდული ადევთ.
მობეზრებია ყოფა დარდით შევერცხლილ მთვარეს,
თავს იხრჩობს ჭაში,
გაოგნებს სარკე, ითვლი შუბლზე გაწოლილ ღარებს,
თეთრ ზოლებს თმაში.
შავი ძაფებით თუ გიქსოვენ ღალატის ბადეს,
მიენდე რითმებს,
იმ ნაპირიდან ამ ნაპირამდე მოლურჯო ზღვა წევს,
გასცურო იქნებ.
თქვი, რაც არ გითქვამს, რომ ეს ლექსიც გკურნავს დაისრულს,
იფენ მალამოდ,
რომ ორ საათში დილა გაშლის თეთრი თითებით
რძისფერ მარაოს.
რომ ბროწეულებს იმ აღმართზე სიცილი წასკდათ,
დაანთეს ცეცხლი,
უწინდებურად რომ ხანძარში ინატრე დაწვა,
მსუბუქი ფრთებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები