ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მექანიკური ფორთოხალი
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2012


მე ხვალ მივფრინავ

    მაღაზიაში ფულის დასახურდავებლად შევედით, სულ "კაპიკიანები" გვინდოდა, (ასე ეძახდა რკინის ფულს)  აგროვებდა, ყულაბა ქონდა და რკინის ფული უფრო ბევრი ჩანსო, ამიტომაც სულ ახურდავებდა და ისე ყრიდა ყულაბაში, არ მიკითხავს რისთვის აგროვებ თქო, არც მას უთქვამს, იმ დღესაც ასე იყო, გამყიდველი ცნობდა და მაშინვე დაგვიხურდავა, ვიფიქრე სპეციალურად უგროვებს, შემდეგ სიგარეტი მიყიდა, არ უყვარდა რომ ვეწეოდი, მაგრამ მაინც მიყიდა, მადლობის ნიშნად გავუღიმე, ესიამოვნა, მაღაზიიდან გამოსვლის დროს კართან გაჩერდა და მკითხა: - მე ხო პრინცესა ვარ? რა მეპასუხა არ ვიცოდი, არა კი ვიცოდი, რომ პრინცესა იყო, მაგრამ მაინც დავიბენი და მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე, აი ისე, ჩემს გულწრფელობაში, რომ ეჭვსაც ვერ შეიტანდა, ბავშვივით. გადაიკისკისა, მომიახლოვდა და ტუჩთან ისე ახლოს მაკოცა, ვიფიქრე რა მოხდება ახლა, რომ ავდგე და ერთი კოცნა მოვპარო თქო, მაგრამ არა, ვერ ვბედავდი, არც ვიცოდი რა მაკავებდა, სხვასთან ასე არასდროს ვყოფილვარ.
      მთელი დღე ვიბოდიალეთ, რაღაც თამაში გამოიგონა, ბუმ ჩიკიჩიკი და სულ მაგას მეთამაშებოდა, თან ენას არ აჩერებდა, მეტიჩარა იყო, უხდებოდა კიდეც ბევრი ლაპარაკი. გახსოვს წვიმაში ცეკვას, რომ ოცნებობდი? ჰოდა ერთ დღესაც აგისრულდება, მაგრამ არ ვიცი როდისო, დამაიმედა, არც კი მეგონა თუ ახსოვდა. დღის ბოლოს ბორდიურზე ჩამოვჯექით, ჩანთიდან twix-ი ამოიღო, გახსნა, დახედა, თითქოს ერთმანეთს ატოლებსო და ერთი ცალი მომცა, თან მითხრა, ამას არასდროს ვაკეთებ, მაგრამ შენ მაინც გაჭმევო, მე ისედაც არ მიყვარდა შოკოლადი, მაგრამ ისე მომაწოდა უარს ხო არ ვეტყოდი. ცოტახნით დუმილი ჩამოვარდა, გზას ვუყურებდით, უცებ მოტრიალდა და მკითხა, ნეტა ეს გზა ვენეციამდე წამიყვანსო? - დიახაც წამიყვანს, თუ გავყვები რატომაც არ წამიყვანს? თვითონვე გასცა შეკითხვას პასუხი და კმაყოფილად გადაიკისკისა, გავიფიქრე, რა ჯანდაბაა მგონი მიყვარს თქო, შეიშმუშნა, მიხვდა რაც გავიფიქრე და თავი რაღაცნაირად უხერხულად იგრძნო. სიტუაცია წამოდგომით განმუხტა, სახლამდე მივაცილე, დავემშვიდობე და სანამ თვალს არ მოეფარა მანამდე ვუყურებდი.
-------------------------------------------------------
      ერთი კვირა არ შევხმიანებივარ, არც თვითონ მოუწერია, ერთი კვირის მერე უცხო ქვეყნის ნომერი მირეკავს, ვპასუხობ და... - იცი? მე ვენეციაში ვარ, აბა რა გეგონა, ფულს რო ვაგროვებდი? ან იმ გზაზე, რომ შეგეკითხე, ვენეციამდე თუ მიმიყვანდა და საერთოდაც შენ მაგარი ბოთე ხარ, ვიცი რომ გიყვარვარ, შეგიძლია ჩამოხვიდე ვენეციაში, მე დაგელოდები. სახტად დავრჩი, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი ისე მიაყარა და შემდეგ გათიშა, არც დაელოდა ჩემს პასუხს, მისითაც იცოდა პირველივე თუ არა მეორე რეისით მაინც გავფრინდებოდი ვენეციაში.
    ფული მეგობრისგან ვისესხე და ჩემოდანიც ვითხოვე, მომწონდა ჩემი მეგობრის ჩემოდანი.
    მე ხვალ ვენეციაში მივფრინავ, ამბობენ იქ ხშირად წვიმსო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები