ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკუნა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2012


დროს ვერ ვეტყვი ქათინაურებს

დგანან ვერხვები, გათანგული სიკვდილის ლანდით,
ღამით ნათრევი ტკივილები ქარს ჩემსკენ მოაქვს,
ნაავდრალ გზებზე, შეშლილივით, სიბნელე დადის,
წარმავლობასთან აქ უთუოდ მომხდარა ბრძოლა.
ვდგევარ ქაოსში და სამყაროს ძახილებს ვუსმენ,
ჩემს და მზეს შორის ჩამოგლიჯა წუხილმა ფარდა,
გარდაცვალების ნაკვალევი ატყვია ქუჩებს,
სიცოცხლე მორცხვობს, ნაკვალევის ვერ ბედავს წაშლას.
დრო გადაამსხვრევს და ძველ ყუთში ჩაყრის ტკივილებს,
სიცოცხლეს მზისკენ გადაშვებულ ბილიკზე დარგავს,
გამოიკვირტებ, გაიფოთლებ, ტკივილს ივიწყებ
და სულით ისევ ნაავდრალი ფიქრები დაგაქვს...
მაინც მკურნალად დროს ვერ ვეტყვი ქათინაურებს,
დრო მეხად მოდის და სიკვდილთან გაშინაურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები