ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მექანიკური ფორთოხალი
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2012


ღმერთო რა სულელი ხარ

    "ღმერთო რა სულელი ხარ," ამ სიტყვას ხშირად მეუბნებოდა, ცოტა პაუზის შემდეგ დაამატებდა: - მერე რა, გიხდება... შეეძლო მთელი დღე  ეზოში, ნუკისთან და ბაიასთან ერთად კლასობანა ეთამაშა, მეზობლის ბავშვები იყვნენ, პირველ კლასში იმ წელს შედიოდნენ. ამაზე წუხდა, მერე ვის ვეთამაშო, ამათ ცოტა დრო ექნებათ ან საერთოდ აღარ ექნებათო. ვამშვიდებდი, ახალი მეზობლები აპირებენ გადმოსვლას და იმათაც ყავთ პატარა შვილები თქო. რაღაცნაირად უხაროდა.
    ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, მისი ბინა ჩემს სართულზე, გვერდით კარებში იყო, დედასთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ყოველ დილით ჩემს კარებზე მანამდე აკაკუნებდა, სანამ იძულებულს არ გამხდიდა და საწოლიდან რის ვაივაგლახით არ ამაყენებდა, კარს გავაღებდი ნახევრად მძინარე და ვიდრე რამეს ვკითხავდი, თვითონ მპასუხობდა: - ბეეე, არაფერი გაგაღვიძე - და კიბეებზე კისრიტეხვით ჩარბოდა, მეც ყოველ დილით კარებს ვეყრდნობოდი და ვფიქრობდი: - ღმერთო, როგორ მიყვარს...
    სულ მინდოდა საღამოობით  ძილინებისა ესურვა ჩემთვის, იცოდა ეს და შეგნებულად, კარგადო მეუბნებოდა, სამაგიეროდ ყოველ საღამოს ცარიელ, ვარდისფერ ბარათს ტოვებდა ჩემს კარებთან, რომ ვკითხავდი რას ნიშნავს თქო, თვალებში შემხედავდა და მეტყოდა: - ღმერთო რა სულელი ხარ... სულაც არ მწყინდა სულელს, რომ მეძახდა.
    ოქტომბერი იყო, ახალი ნაწვიმარი, უყვარდა ეს ამინდი, ამბობდა, ამ დროს აქლემებს სევდიანი თვალები აქვთო, იმასაც ამბობდა, ახალ ნაწვიმარზე კენგურუები შორს ვერ ხტებიანო, არ ვიცი საიდან იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამბობდა... ჩემი ფანჯრიდან ქუჩას ვუყურებდით, მე ისევ ჩემთვის, გულში ვიმეორებდი: - ღმერთო როგორ მიყვარს, - უცებ თვალებში შემხედა და ხმამაღლა მითხრა: - ღმერთო რა სულელი ხარ...
    მაშინ პირველად ვაკოცე თეკოს ტუჩებზე, ოქტომბერი იყო, ახალი ნაწვიმარი, მეც მიყვარს ეს ამინდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები