ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანცი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2012


***

მომინდა გავიდე ჩემიდან...

ძალიან ცოტაა ეს სამოსი ჩემი სულისთვის,
თან ერთხელ მორგებულს ვერასდროს ვერ ვიცვლი.

მომინდა უცხო, უსხეულო მდგომარეობა,
მომინდა გავიდე ჩემიდან,
გავიდე შენიდან,
რომ გაცალო მშვიდად ცხოვრება.
აღარ დაგღალო პრეტენზიებით უყურადღებობის გამო,
რომელიც ჯერ ერთხელაც კი არ მითქვამს,
თუმცა გსაყვედურობ ჩემი საკმარისად ვერსიყარულის გამო.

მომინდა გავიდე შენიდან, რადგან ვგრძნობ როგორ არ გყოფნის ჰაერი ოთახში, როცა მე შენში ვარ.

მომინდა გავიდე შენიდან, რომ ამ სხეულმა ისედაც მძიმემ, შენ არ დაგღალოს.

მომინდა გავიდე შენიდან, რათა ისევ თავისუფლად შეძლო დაკვრაც და სიმღერაც ხმამაღლა, და რომ ყველა საგანს შენს გარშემო არსებობა გაუადვილდეს.

მომინდა გავიდე შენიდან, რომ შეძლო დაუბრუნდე პოზიციას „ყველაზე მაგარი ტიპი“, და იამაყო შენი სიცარიელით,
იყო კმაყოფილი შენზე ათასჯერ მეტად ცარიელი ადამიანებით და დაგიბრუნდეს სრულფასოვნების შეგრძნება.

მომინდა გავიდე შენიდან შენივე კომფორტისთვის,
ვეღარსად ეტევი ჩემთან ერთად, მე როცა შენში ვარ,
ორსულივით განმიცდი ყველა კაპრიზზე და შენც კაპრიზობ,
გულს გირევს ყველაფერი, არა და არ ვიწვევ ტოქსიკოზს.

მომინდა გავიდე შენიდან ექიმებთან სიარულს რომ გადაეჩვიო,
რომ აღარაოდეს დავინახო კარადაზე შემთხვევით შპრიცი და აღარ მომატყუო შაქარი აქვსო ვიღაცას.

მომინდა გავიდე შენიდან, რომ ბოლოს და ბოლოს დაისვენო ყოველ ღამეს ჩემი შენობისგან. ახლა არ მითხრა, რომ უკვე შეეჩვიე და მოგენატრები.
შენ ხომ არც მკითხულობდი,- როგორც მითხარი.

მომინდა გავიდე შენიდან, რომ ამიერიდან შენზე სულ ვწერო, და არა ხანდახან...
(როგორ იფიქრე, რომ დამავიწყდები?)

მომინდა გავიდე შენიდან, - ჩემი სენიდან...
მომინდა გავიდე ჩემიდან...
აღარ შემიძლია ეს ხეული, ვეღარ მივათრევ, დაავადებულს, დაკნინებულს, შეურაცხყოფილს.
მე უფრო მაღლა მინდა და უფრო მსუბუქად.
მე მინდა გავიდე ჩემიდან.

მომინდა გავიდე ჩემიდან და ისე ვიყო, გამჭვირვალე, ვერც კი შემამჩნევ.
წიგნივით გადაგეშალე და ვერ წამიკითხე,
ანბანივით ასო–ასო ჩავიმარცვლე შენ გონებაში და ვერ აღმიქვი.
უბრალოდ რთული ვარ – დიდად გმადლობ, რომ შემახსენე,
თუმცა არასდროს დამვიწყებია
და არ მეგონა შენც თუ გაგირთულდი.

მომინდა გავიდე ჩემიდან, მივატოვო ადამიანები და დედამიწამ ვეღარასოდეს ვერ ამირეკლოს. ჩემი ჩრდილი აღარასოდეს განსაზღვრავდეს ჰორიზონტის მხარეებს,
მე–უსხეულო აღარ ვიქნები არავისთვის გზამკვლევი და დავისვენებ.

მომინდა გავიდე შენიდან, რომ დავამთავრო თვალთვალი შენი ფანჯრების,
რომ კიბეებზე ვეღარ ვიგრძნო შენი ნაბიჯები,
რომ აღარ გეთანაცხოვრო და ვეღარც ვითომმისაყვედურო – „ნუ მსიამოვნებ.“


მომინდა გავიდე შენიდან.
ბოლო ტკივილი მაინც ჩემი განსაცდელია და ვეღარგადასატანი.
რაღას ვუცადო?

მე მინდა გავიდე შენიდან სანამ შენ წახვალ, თორემ თუ ვერ მოვასწრებ, თან გამიყოლებ.

მომინდა გავიდე შენიდან და ნუ მიყურებ, ნუ მიმახსოვრებ.

მომინდა გავიდე ჩემიდან, ჩემს გარეთ მეტი სივრცეა და თავისუფლებაც.
ჯერ არავისთვის მითქვამს, რომ ფრენაც მომინდა და კიდევ ბავშვობაც.

მომინდა გავიდე შენიდან,
ჩემიდან,
ამ სხეულიდან მინდა გავიდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს