ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლიუსი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2012


ჩემი სახელია ჰიროსიმა

ჩემი სახელია ჰიროსიმა
„პროზაიკოსი გარდა იმისა რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიც არის ერთდროულად, მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეული ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას.”
რიუნოსკე აკუტაგავა
ჩემი სახელია ჩიზუკი.
ოღონდ, სინტოს  ღვთაებას გაფიცებთ, მეტსახელი არ გეგონოთ!..
მშობლები 1945 წლის 6 აგვისტოს დაიღუპნენ.
მე დავინახე სოკოს ფორმის ღრუბელი, ვიდრე ჰიროსიმა წარსულის საკუთრება გახდებოდა. ნანგრევებიდან, საბავშვო მელოდიასავით, დედის ხმის ექო აღწევდა; საწოვარგაჩრილს  ვერაფრით გამეაზრებინა მოთქმის ტრაექტორია .
კალენდრის მიხედვით ბუცუმე-ცუ  იყო. ამიტომ, ტრადიციულად, დაკრძალვა მომდევნო დღეს დაინიშნა.
განბანვის შემდეგ დედას თეთრი ჰაორი  ჩააცვეს, მსუბუქი მაკიაჟით გაალამაზეს, ხელთ კრიალოსანი და ქისა დააჭერინეს, რომელშიც 6 მონეტა მოათავსეს. ო, დიდებულო სინტო, ამის გამო მძულს ციფრი ექვსი და აქ ცრურწმენა არაფერ შუაშია...
ჩრდილოეთისკენ იყურებოდა იმისი ნაწამები, დაღლილი და ტკივილისგან შეწუხებული პირსახე. მეხსიერების უჯრედში ვინახავდი დედის სიფერმკრთალეს, მწუხრშეპარულ აღნაგობას, სხეულზე მიმხმარ უბედურებას, მარმარილოსებრ გაყინულ თითების ფორტეპიანოს, რომელზეც ჩრდილები შეუპოვრად ცეკვავდნენ. ვიცოდი, ოდესმე ვირუსშეპარული უჯრედი დააქვრივებდა ტვინს და მასში მოთავსებულ ინფორმაციას ერთიანად წაშლიდა. სხეულის ჰარმონიას კი მოწყდებოდა – მონატრება – სულის ამაფორიაქებელ-დამპყრობელი. (მონატრებაზე საზიზღარი დამპყრობელი კაცობრიობის ისტორიას არ ეხსომება).
მაგიდას თეთრი ნაჭერი გადავაფარეთ და სურნელოვანი ჩხირი დავაკმიეთ. ბრინჯის ფიალაში ჰასი  ვერტიკალურად დამაგრდა და ბუდისტური წესის თანახმად, გარდაცვლილს ახალი სახელი დავარქვით. მართალია უფრო სინტოიზმის წესით მერჩივნა ყველაფერი გაკეთებულიყო, მაგრამ ძია ტიარსომ გაწია ხარჯები და ამადაც,  მისი რწმენის შესაბამისად აღსრულდა დაკრძალვის ცერემონია.
მერე ბუდისტმა ბერმა დაახლოებით ექვს ( ისევ 6 ) საათზე სარიტუალო ლოცვა წაიკითხა.
მოგვიანებით კუბოდან ამოვალაგეთ რკინის და შუშის ნივთები, რათა კრემაციისთვის ხელი არ შეგვეშალა.
ო-ბონის დღესასწაულზე  ფერფლი ძია ტიარსომ მემორიალს მიაბარა.
მას შემდეგ, დავხეტიალობ ამ მემორიალზე. მთავრობა გვპირდება, რომ გარდაცვლილებს ქვებს დაუდგამს, რათა თითოეულის სახელი უკვდავყოს. თუმცა არ მჯერა დაპირებების!.. რა ქვა, რის ობელისკი, როცა დაღუპულთა სტატისტიკაც არ იციან...
თავიდან ერთი ადგილი ამოვიჩემე, სადაც დედის ნეშტი მეგულებოდა. მოგვიანებით ისიც გადათხრილი დამხვდა. ვინ იცის, ეგებ სხვა მიცვალებულის ფერფლს მიუჩინეს ადგილი. წარმოიდგინეთ რა უბედურებაა, როცა საფლავიც კი საზიარო და სადავო გაქვს ადამიანს ამ ცისქვეშეთში.
მამაჩემი მთარგმნელი იყო და არა თარჯიმანი, როგორც ეს სხვებს ჰგონიათ. იგი ნაბეჭდ ტექსტს სხვა ენაზე თარგმნიდა და ამით არჩენდა ოჯახს. ხელმოკლედ ვცხოვრობდით, თუმცა მაინც ბედნიერები ვიყავით. იტყოდა ხოლმე, – შვილო, ბედნიერებას ძებნა უნდა, ნაპოვნს კი გაფრთხილება. ბედნიერება იმალება კლდის ნაპრალში, ზღვის ფსკერზე, სარდაფში, კიბეზე და ციხის ქონგურზეც კი... იგი შეიძლება თავდებად დაიყენო, დაიგირავო, ან მეგობრულად შეიყვარო და პატივი სცე. 
ჭკვიანი კაცი იყო და რაკი მას ვადიდებ, ნუ გეგონებათ როგორც სისხლით ნათესავს და ოჯახის წევრს ვასხამდე ხოტბას. ხშირად ვცდილობ გავიხსენო ყველაზე უმნიშვნელო წყენა, უმისამართო საყვედური, უაზრო გულისწყრომა, რათა სამუდამოდ უარვყო მამაჩემი და ცხოვრებას უფრო მხიარულად ვუყურო. (დარწმუნებული ვარ, თუ მამას შევიძულებ მონატრების გრძნობა არ დამტანჯავს). თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენადაც ვცდილობ გავამტყუნო, იმდენად ზნეკითილად შემომცქერის, უფრო მოსიყვარულე ხდება.
და მაინც... ჩვენ, ობლებს, გვჭირდება მამა: ფეხბურთის თამაშისას, ჩოგბურთის კორტზე ან საცურაო დარბაზში სასიარულოდ. რადიოგადაცემის თუ წიგნში დაფლული შეგონებების გასამარტავ-შესამეცნებლად; გვჭირდება მამა სკოლიდან მობრუნებულებს, შემოგლეჯილი სამოსის დასამალად და დედასთან შუამავლად. დასისხლიანებული ცხვირ-პირის მოსაწმენდად და ნამოქმედარის განსასჯელად. 
მთავრობისგან გამოყოფილ უსახლკარო ბავშვთა სახლში ვცხოვრობ. საცხოვრებელი პანსიონატის მსგავსია. საპირფარეშო-აბაზანა და სამომხმარებლო ნივთები საერთოა. საკუთარი არაფერი გამაჩნია, თუ არ ჩავთვლით კბილის ჯაგრისსა და  საგარეო ტანსაცმელს.
ძია ტიარსო ყოველწლიურად მიგზავნის ოცდაცამეტი (33) ათას იენას . [ძუნწი მიწოდეთ თუ გნებავთ, მაგრამ ფულის სესხება არ მიყვარს. როგორც მამა იტყოდა, თუ ფულს მისცემ ვინმეს, წინასწარ უნდა შეეგუო, რომ ის დაკარგე]. ძია ტიარსო ამბობს, რომ ხელმოკლედ ცხოვრობს. ძია ტიარსო მპირდება, როგორც კი მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყებს მუშაობას, მეც ჩემს ბიძაშვილებთან წამიყვანს საცხოვრებლად.
ბავშვების უმრავლესობას პნევმონია აწუხებს. სამასამდე ვიქნებით ალბათ. ნუ გაიკვირვებთ, რატომ სამჯერ მეტნი არ ვიყავით. ადმინისტრატორი მძიმე ხასიათის, პირქუში და ბუზღუნა მოხუცია, რომელიც დღედაღამ გაიძახის: ძილიც დროული უნდა იცოდეს კაცმაო!..
ბრძანებისამებრ, ცხრა საათზე არავინ უნდა ფხიზლობდეს. თავიდან ვიფიქრე, უბრალოდ ასეა საჭირო–მეთქი!
ერთხელაც, ვითომ თავი მოვიმძინარე, ფეხაკრეფით  მივჩოჩდი ფიცარაკრულ ფანჯარასთან და ჭუჭრუტანიდან რას ვხედავ. საკაცეზე ასვენია ბავშვის ცხედარი და შავკიმონოიანი მამაკაცები სამხედრო ფურგონში სხდებიან. ვიფიქრე, ალბათ ლაზარეთში მიჰყავთ–მეთქი. ახლა ვხვდები ყველაფერს, დიდებულო სინტო... მკურნალობენ, არა?! დიახ, რასაკვირველია, ეჭვგარეშეა რომ მკურნალობენ. იმდენად საფუძვლიანად, რომ სამკურნალო დაწესებულებად კრემატორიუმს იყენებენ, ღმერთმანი.
ექიმმა სკოლიოზით  დაავადებულთა სია შეადგინა და საუბედუროდ ამ სიაში მოხვედრილებს სასტიკად აგვეკრძალა თამაში. (განახათ ერთი ჩვენი სათამაშოები; ძირითადად გაფუჭებული ვაზნები , ტყვიები და სამხედრო დანებია) ამიტომაც  მსაყვედურობენ თანატოლები, რომ „პატივმოყვარეობა გამონაყარივით მაქვს“. ქედმაღალი და ამპარტავანი სულაც არ ვარ. აქ სხვა უფრო დიდი მიზეზი უნდა იყოს. პირველი ის, რომ ადამიანში ყველაზე ძლიერ უბრალოება მაშინებს, და მეორეც ამ უნდობლობით გამოწვეული მარტოობა სნეულებასავით შემეყარა.
სიკოხტავე ადრიდანვე დამყვა და სკოლიდან დაბრუნებული საკიდზე ვათავსებ ჩემს ფუროსიკის  და ფუროსიდეს . ხასიათით ჭირვეული და ბუზღუნა ვარ. ენაგადმოგდებული, დამანჭული და მიმიკადაგრეხილი მობინადრეები ადმინისტრატორის ნაბიჭვარს (ბოდიში მომიხდია ბილწსიტყვაობისთვის) მეძახიან, რადგან ჩვენს შორის მართლაც ხასიათობრივი მსგავსებაა.
ჭამით ცოტას ვჭამ, – განსაკუთრებით საერთო საცხოვრებლის პირობებში მომზადებულ საუზმესა და ვახშამს. კვება ორჯერ არის დღის წესრიგში; დილით ჩაისა და ერთ ფუნთუშას მივირთმევთ, ღამით კრევეტებს ან (თუ საცხოვრებელს ვინმე ქველმოქმედი ფულს გადმოურიცხავს, მადლიერების ნიშნად მთელი წლის მანძილზე) წითელი მისოს სუფს.
სკოლა დაახლოებით ოცდაათი სიაკუს  სიახლოვესაა და ტრანსპორტის ფულის დასაზოგად, ძირითადად, ფეხით დავდივარ. ერთი დანჯღრეული, მწყობრიდან გამოსული ავტობუსი გვემსახურება. გზაში ორჯერ მაინც ფუჭდება და მძღოლის საყვედურების მოსმენას მირჩევნია ფეხით სიარული.
ჰიროსიმა, ომის შემდეგ, საშინელებათა ფილმს დაემსგავსა!.. ძალიან ყურადღებით უნდა იარო ქუჩებში, რადგან თითოეულ შესახვევში გაცხოველებული მშენებლობაა დაწყებული და ნანგრევებიდან ცდილობენ ახალი მონუმენტების აღმართვას. კუნძული მჭიდროდ დასახლებულია და დიდძალი მსხვერპლის მიუხედავად, ხალხით გადაჭედილ მოედნებზე, გზის გაკვლევაც მიძნელდება, რის გამოც სკოლაში ვაგვიანებ ხოლმე და მასწავლებლის საყვედურს ვიმსახურებ.
ფილოსოფიისა და ლიტერატურის გაკვეთილებს შორის ექვსწუთიანი (6) ინტერვალია და ამ დროს მოსწავლეები სასადილოში ჩადიან ხოლმე.
ბავშვობა რომ დაკარგო, ოდესმე ხომ უნდა გქონოდა იგი. მე კი აღარც ბავშვობა მინახავს და არც სათამაშოები. არა, არ გეგონოთ, თითქოს გავბოროტდი, შურმა თვალისჩინი წამართვა და ეგოიზმმა ცეცხლი წამიკიდა. უბრალოდ, ადამიანურად მომადგება ხოლმე ნერწყვი და შიმშილნარევ მზერას დავადევნებ დანარჩენ ბავშვებს, რომელთა მამებს, ომის მიუხედავად, ეტყობა ჯიბის სისქე ჯერაც არ დაუთხელდათ!..
რომ მქონდეს თუნდაც ორმოცდაათი იენი, შევუკვეთავდი უმებასს  და მადიანად მივირთმევდი კაპარჭანას სასიმს . სასადილოს კართან ატუზულს ეს იმდენად ხმამაღლა წამომცდა, რომ შემრცხვა ჩემი სულმოკლეობის. მხარზე შეხება ვიგრძენი და ენისბორძიკით ნათქვამი:
– მე გეპატიჟებით.
სახეზე მანამ არ შემიხედავს, ვიდრე არ დავაგემოვნე მებუფეტისგან მოტანილი სადილი.
ღმერთო ჩემო!... რა მშვენიერი, მებრძოლი და ვაჟკაცური გამოხედვა ჰქონდა ძლივს გახელილ თვალებში. სახეზე სიყვითლე გადაჰკრავდა და თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ბოტკინი  აწუხებდა.
მაგიდაზე ცარიელი თეფშები ელაგა. შემატყო, რომ მაძღარი არ ვიყავი და თავისთვის განკუთვნილიც მე გამომიწოდა. მხოლოდ იმის გამო არ გამოვართვი ბრინჯის პური, რომ შემეშინდა, ვაითუ ინფექცია გადმომედოს და მერე რა უსმენს საცხოვრებლის მეპატრონის მუქარას.
–  მეტს ვერ გეახლები, – ვუთხარი თავაზიანად.
ისე ხელმარჯვედ ეჭირა ჰასი და ისე ლამაზად გადაეჭირა ობი , რომ შურით აღვივსე, ღმერთმანი!.. იგი გადაშლილი წიგნიდან რაღაც შეგონებას კითხულობდა.
– რას კითხულობ, სადაკო?
– ძენის წვრთნის კლასიკურ მაგალითს, სადაც წერია „როგორ უნდა დააღწიო თავი შობისა და სიკვდილის წრეს“. მედიტაციის ძალით მიხვდები მის პასუხს და უნებლიეთ დასვამ ერთადერთ მართებულ კითხვას: „ვინ მომაქცია ამ წრეში?“
– საინტერესო ახსნაა. თუმცა ცხადია, რომ სიკვდილის წრე ბუდას ხელის თითზე ჰკიდია და ბედისწერის ძალით, ადრე თუ გვიან, ყველას დაგვაჩოქებს. როგორც ჩვენში ამბობენ, „არ შეიძლება მოინდომო იმაზე მეტი, რაც ბედისწერამ მოგიზღო“. სიკვდილი კი ბედისწერის უკანასკნელი ძღვენია, – ადამიანის მიერ განხორციელებული ყველა ქმედების კომპეტენტური ჟიური. (ადამიანის სიცოცხლეც ხომ კონკურსია ერთგვარი). იგი უფრო დიდი რამაა, უფრო ემოციური და ეფექტური, ვიდრე  წიგნის დაჭიავებული ფურცლებიდან იკითხება.
– შენ რა იცი როგორია იგი? – იკითხა გოგონამ და მის კითხვაში დაცინვის ნატამალიც არ ერია. ეს იყო გულწრფელი, ცნობისმოყვარე ადამიანის ანგარიშმიუცემელი შეკითხვა.
– მასწავლებელმა გვითხრა. სადღაც წაუკითხავს [ვგონებ ნინძიობონიში ]და ირწმუნება, რომ სიკვდილი არის სიცოცხლის უკანასკნელი წამის არითმეტიკული პროგრესია, მათემატიკური და[ანგარ]იშ[ება], [რადგან მხოლოდ მათემატიკურ ციფრს შეუძლია იყოს ანგარებიანი]. რომელიც, რასაკვირველია, უსასრულობისკენ  მიემართება მანამ, ვიდრე არ შეაჩერებს ბობოქარი ძალა და ყელს არ გამოღადრავს დანით.
– კიდევ რას ამბობს მასწავლებელი?
– ამბობს, „სიკვდილით იმიტომ არ უნდა მოვკვდეთ, რომ ეს ხელსაყრელი არ არის!.. მაშ, რატომ უნდა გადავიხადოთ სიცოცხლით არაფრის ვალი?“ ; რომ ნებისმიერი გონიერი არსება ფლობს ფილოსოფიურ მაგიას, წინასწარგანჭვრეტისა და სამყაროს შემეცნების უნარს. თუმცა, ნიცშე, რომელმაც ზედმეტად ბევრი შეიცნო, აღიარა, რომ „ღმერთი მოკვდა“. მაშ, რას გვარგებს ჩვენ მოძღვრება, რომელიც რწმენას მოგვიკლავს? „უღმერთობა ხომ იგივ გაუკუღმართებულ გზაზე დადგომაა, უფსკრულისკენ გადებული ბეწვის ხიდის დაპყრობაა, მთვარეულთან მოკავშირეობაა“. ყველაფერი, რაც ბოროტებისგან მომდინარეობს, უკეთურია სადაკო. მართალია რწმენის დაკარგვა პირო[ვნებას] შინაგანად ავითარებს, თუმცა სულიერად რყვნის. პიროვნება კი იანუსის  ქანდაკების მსგავსია. შეხედავ და გული აგიჩუყდება იმის მშვენიერებით, მეორე წუთში კი საზიზღარი მიმიკით დაგემანჭება. მასწავლებლის მიზანია გვაპოვნინოს ჭეშმარიტება, რისთვისაც საჭიროა შევიმეცნოთ ფორმულა-კრეატივი: ნებისმიერი ადამიანი იმაზე დიდია, ვიდრე მთელი სამყაროს სრულყოფილება. 
სადაკომ ლოყაზე მეგობრულად მიჩქმიტა და მთხოვა გაკვეთილების შემდეგ შინ გავყოლოდი. ამის შემხედვარე ვფიქრობდი: ის იყო კარგი, თუ მე ვიყავი ზედმეტად გაფუჭებული. [ყველაფერი შედარებითია ალბათ]
სახლი ხის კარკასისგან და უხეშად გათლილი ძელებისგან აეგო სადაკოს მამას – შიგეოს. ყოველთვის მეგონა, რომ იაპონური კედლები მყარად ნაგები იქნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც დავრწმუნდი, რომ ნახევრად გამჭვირვალე ქაღალდის გისოსებიანი ჩარჩო საყრდენის ფუნქციას სულაც არ ატარებდა. თუნუქის მსუბუქი სახურავი სახლს უფრო მდაბიოს ხდიდა. გამხმარი ოკოძეს თევზი თილისმასავით ეკიდა შესასვლელში. საცხოვრებელი ღარიბულად იყო მოწყობილი. რაღა დაგიმალოთ და იაპონიაში ჩასული ბერის ჩანაწერი გამახსენდა, რომელიც აღფრთოვანებით წერდა ნაცრისფრად მოგებულ იატაკზე, სპილოს ძვლით გაწყობილ ლაგაზებზე , წაბლისფრად გაპრიალებულ ფილაქანზე, თეატრალური ფიცარნაგის მსგავსად აწეულ ხის ფარდაზე, – ხელოსანთაგან ქარავანგამოსახული წეროებით. კედლის ნიშაში – ტოკონომაში – ძველებურად იდგა თაიგული, რადიოლა და კედელზე კაკემონო  ეკიდა, რომლიდანაც ბრძნული შეგონება იკითხება: „მეტისმეტი თავმდაბლობის უკან სიამაყე იმალება, გულწრფელობა ადამიანის ძვირფასი თვისებაა და გახსოვდეთ, ფულს დაუდექი თავდებად და ადამიანს არასოდეს!.. სძლიე ამპარტავნებას ნებისყოფით, ეს უკანასკნელი კი კლდეშიც გაატანს“-ო.
ნამიან მრგვალ სიპზე მოვათავსე გეტა , მერე რბილ სურიპაში  შევაცურე ფეხები, ბოლოს კი ჭილობზე გადასვლისას ტაბი მოვირგე და სასტუმრო ოთახში ბამბუკის სავარძელზე მოვთავსდი.
ზეთის საღებავებით მოხატულ ტილოს (იოგას) მოპირდაპირე მხარეს ნიჰონგას  გემოვნებითა და მგზნებარე სტილით შესრულებული მშვენიერი ცხვარი უპირისპირდებოდა. დავიანგარიშე და მივხვდი, სადაკო ჰოროსკოპით ცხვრის  წელიწადში უნდა მოვლენოდა ქვეყნიერებას, ამიტომაც ჰქონდა ნახატს და ბავშვსაც პესიმისტური ხასიათი და მორცხვი გამომეტყველება. 
იაპონური ალუბალი საკურა ძალიან ლამაზად ჰყვაოდა და ნაზსურნელებით იპყრობდა ოთახს. შიგეოს სწამდა, რომ უთუოდ კარგი წელი დადგებოდა.
ჰანამმა  ისე გამიტაცა, რომ ვერც კი ვამჩნევდი მშვენიერ სადაკოს, რომელიც გამოთქმით კითხულობდა ჰაიკუს:
წეროთა ფეხებზე,
ვით სარწეველაზე –
მე და დრო ვეკიდეთ...
რატომღაც ამ წუთას იგი ძალიან ჰგავდა თოჯინების თეატრალურ  პერსონაჟ ქალს – ტიარი ონაკუბის, რომლის აწკეპილი წარბები, ბუთხუზა ლოყები, პატარა ცხვირ-პირი, მგრძნობიარე, სათუთი, დამყოლი ხასიათი და უეშმაკო მზერა უფრო იდუმალს ხდიდა.
სადაკო სიამისენზე  უკრავდა და იმდენად ჰარმონიულ აკორდებს პოულობდა, რომ ვფიქრობდი: ნეტა ეს რომ მოესმინა ამერიკელ მფრინავს, მაინც გამოაგზავნიდა ზეციდან მრისხანე ატომურ იარაღს?
დიახ, ეს იყო ტკივილდავიწყებული, ბედნიერებანაპოვნი მელოდია, რომელიც სამყაროს ერთიანობის უწყვეტ ფაზაში ცდილობდა გზა ეპოვა ადამიანის გახრწნილ მე(მორანდუმ)ში, რომელმაც პირობად აღუთქვა მსოფლიოს მშვიდობა და მერე პირველი შესაძლებლობითვე დაარღვია ხანმოკლე მშვიდობისმყოფელობის დუმილი. გაიქცეოდნენ თავნება ბგერები და სადაკო ხელის ერთი მოსმით დაიჭერდა გაქცეულ მელოდიას, ერთად უფრო ლამაზები ხართო, ჩურჩულით ეტყოდა და ამღვრეული თვალებით ათვალიერებდა თავშეკავებულ დედა ფუჯიკოს, რომელსაც საცაა უნდა გადმოუვარდეს ყვრიმალზე ცრემლები.
დედა ფუჯიკო სამზარეულოში გადის და იბარებს: ლამის დამიხრუკავს ვირთევზას ტაფამწვარებიო, თუმცა მე და სადაკო ვგრძნობთ, რომ მასში გულწრფელობის მარცვალიც არ ურევია.
ფუჯიკო ღიმილით დაგვეთხოვა, სამზარეულოს კარები მოხერხებულად გაიხურა და მოგუდულად იტირა.
მერე ვახშამმა მოაწია და უსიტყვოდ ვილუკმებოდით. სადაკო კვლავინდებურად ცოტას ჭამდა.
წეროთა ქარავანმა გადაუფრინა სახლს და გზასაცდენილი მოქარავნე დაედევნა ხომალდის ეკიპაჟს. საბუდარში მიეჩქარებოდათ ფრინველთ.
გვიანხანობას, გამოვემშვიდობე სადაკოს და ნაღვლიანი დავადექი ჰიროსიმას ჩაბნელებულ ხეივანს; გზადაგზა მომდევდა სადაკოს გონივრულად შენიშნული ანდაზა: „ერთ ჭირში მყოფ ადამიანებს  ეცოდებათო ერთმანეთი!..“
მეორე დილითაც  ფილოსფიის გაკვეთილზე დავიგვიანე...
თითქმის ყველა ოთახში ვეძებდი სადაკოს და ბოლოს გავიგე, რომ ნაგოიას საავადმყოფოში დაეწვინათ...[სხვა ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა].
პალატაში რომ შევედი მძინარე სადაკოს მოვკარი თვალი. ვნებადგადმომდგარი ჟრჟოლა მთელი გზნებით შემოიჭრა ჩემში.
გვერდით საწოლზე შუახნის ქალი იწვა და ოხრავდა. გოგონას მიტკლისფერ ბალიშზე სიკვდილი ესვენა.
შემომეფეთა, კატასავით ეშმაკურად გამიცინა და იუხერხულა:
– უ, ჰუ ჰუ, როგორ მძულს ჩემი თავი, როცა ასე უასაკოს უნდა ვუდარაჯო და დავუწნა გირლანდები. მართლა, მტირალ ტირიფებთან ხომ დგას ბინდისფერი ბალდახინი?
ოხუნჯობის თავი ნაკლებად მქონდა, თან არ მინდოდა მძინარესთვის დამეფრთხო ძილი.
– ასეა, ზედაც არ მიყურებთ, აინუნშიაც არ მაგდებთ, ვიდრე არ გაიძულებთ თვალი გამისწოროთ, პატიება მთხოვოთ ყველა არაგულითადი მოსალმებისთვის. აჯობებს ვიმეგობროთ და როცა გამიცნობთ, მიხვდებით, რომ მხოლოდ ბუნების კანონზომიერების აღსრულებას ვემსახურები. მეც ხომ ცოდვა ვარ. მეც ხომ ადამიანი ვიყავი, სანამ სიკვდილი გავხდებოდი.
– ე, ხე ხე... გგონია გული ამიჩუყდება? ლაჩრებთან მეგობრობა არ შემიძლია და მადლობას გეტყვი, თუ გოგონას თმას არ დაუვარცხნი. მაგასაც მოესწრები, როცა მისი სხეული შენი საკუთრება გახდება. მერე შეგიძლია გააპატიოსნო და კიდევაც თმა დაბანო.
– ოპ, ოპ, ოპ... – ტუჩებთან მიიტანა ხელის მტევანი და თქვა: გაპატიოსნების სპეციალისტი ცალკე არის, მე სულ სხვა ფუნქცია მაქვსო.
მერე ჩუმად ჩამოვჯექი რაფაზე და ხმას არ ვიღებდი. სიკვდილი ზეზეულად წამოიმართა, ჩემს მუხლებთან დაიჩოქა და მთხოვა:
– მოიფიქრე ისეთი რამე, რომ გოგონას გარდაცვალებაზე ფიქრი დავავიწყოთო.
სხვა ლოგინზე გადასკუპდა და ისე ჩაიწნა მომაკვდავი ქალის სხეულში, რომ ძალიან შემეცოდა შუახნის პაციენტი. 
– აქ მოდი, პატარავ, – დამიძახა ავადმყოფმა. – რასაც ახლა გიამბობ ჩაინიშნე, რადგან ჩემს შეცოდებებს გიყვები. ადამიანს ძალიან უჭირს თავისი შეცდომების აღიარება, თუმცა ცხადია, როგორც დედა ცუდი ვიყავი.

ენოლა გეი
ჩემი სახელია ენოლა გეი.
დაწყევლილ იყოს ჩემი გვარიცა და მოდგმაც, რადგან საშომან ჩემმან დაბადა უკეთურება.
წყეული იყოს სისხლი, რომელიც შეზვირთდა მამაკაცის თესლთან;
წყეული იყოს ნაყოფი, – დაცლილი ამაოების სრულყოფილება;
წყეული იყოს ქალის ორსულობის ცხრა თვე და პლუს (+) მთელი ცხოვრება, თუკი შთამომავლობა სიკეთის მომტანი არ იქნა კაცობრიობისთვის!..
...
ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა...
უიღბლო ქორწინების შედეგად გამიჩნდა პაულ ტიბეტსი. მშობიარობის ტკივილი და მშობლების სიბერის წუხილი.
ექიმის თქმით, ნაყოფის წონა აბორტის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა, ვიწრო მენჯის ქონისთვის კი საკეისრო კვეთით მოვილოგინე.
ყველაფერს იმას ვაბრალებ, რომ მასში ნაადრევად შედუღდა: სიძულვილი, პირველკაცობის წყურვილი, მზვაობრობის განცდა, მპყრობელობის უნარი, ეგოიზმი და მიზანთროპობა.
ზიზღით ნადუღი სისხლი განა სამყაროს გაკეთილშობილებას შესძლებდა? ზიზღითვე ჩაისახა იგი და ზიზღით მოიხსენიებენ მას უკუნისამდე! უარესის ღირსია გველის მოდგმა, რომელსაც ეს სიცოცხლე მხოლოდ განცდათა, ემოციათა შესაჯერებლად და წარმავლობისთვის კვარცხლბეკის დასადგამად ესაჭიროება. 
სახელი მისია პავლე, თავისაგან პაულად გადაკეთებული. თუ რამე უყვარს მთელს ქვეყნიერებაზე, ესაა ტკბილეული, ქაღალდში გამოკვანძული კანფეტები.
სამი წლის ასაკში ძაღლის ლეკვები ცოცხლად დამარხა. თანატოლებში თამაში არ შეეძლო და იძულებულნი შევიქმენით ოთახში გამოგვეკეტა.
კვირაში ორ დღეს ფსიქოლოგთან სეანსებზე დაგვყავდა; ექიმის დიაგნოზით, პაული დაავადებული იყო შიზოიდური ფსიქოპათიით, რის გამოც სურდა მას განმარტოება და უყალიბდებოდა მშრალი, ოფიციალური დამოკიდებულება ადამიანებთან.
თორმეტი წლის ასაკში, აეროპლანით გადავუფრინეთ მშვენიერ ილინოისს . თითქოს ამან რევოლუცია მოახდინა მის ცნობიერებაში. ჭიანჭველებივით სჩანან ადამიანები და ამ კანფეტს არ აღემატებიან სიდიდითო. მან მორჩილებით ითხოვა ქაღალდის პარაშუტებზე გამოენასკვა მთელი შეკვრა ტკბილეული და ზეციდან გადმოეყარა...
მერე დაიწყო ენციკლოპედიების დამუშავება; გულმოდგინედ იკვლევდა სამხედრო-საავიაციო ხომალდების აგებულებას; გამუდმებით საუბრობდა: საჰაერო ხრახნზე, ფრთაზე, ფიუზელაჟზე, ფილტრზე, რეაქტიულ ძრავზე, საჭე-ამომრთველზე; „ბიპლანი მონოპლანზე უფრო მანევრულია, თუმცა დიდი შუბლური წინაღობა აქვს, რაც ფრენის სიჩქარეს საგრძნობლად ამცირებს“. ცნობილია ველოსიპედის, თხილამურის, ტივტივის და ნავისებრი აგებულების თვითმფრინავები და ასეთი უამრავი მეცნიერული წვრილმანით გვაბეზრებდა თავს...
და იცით რა ქნა პაულმა მოგვიანებით? თექვსმეტი წლისა სახლიდან გაიქცა. სამხედრო სამსახურში ჩაეწერაო, მომდიოდა ხმები, თუმცა მისი არსებობის შესახებ მერჩივნა არაფერი გამეგო.
წინათ ვახსენე უიღბლო ქორწინება, რომელმაც ოჯახი დამანგრევინა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ქმარს გავეყარე, სულიერ მეუღლეს – უმწიკვლოებას – არასდროს ვღალატობ. [პატიოსნება სამკაულია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაძვრეს დედაკაცს].
ილინოისში პატარა სახლი მქონდა. ვერანდაზე მიყვარდა ხოლმე გასვლა და სარწეველა სკამზე ჩამოჯდომა.
ბოლო დროს მხედველობა დამიქვეითდა და სისხლის ანალიზებშიც ლეიკემიის ნიშნები აღმომაჩნდა. სამსახურს თავი დავანებე, რადგან ფიზიკური შრომა მიწევდა.
შენი სახელი შემახსენე, პატარავ? ჩიზუკი? ხომ ყურადღებით მისმენ...
– დიახ, – კვერი დავუკარი და უფრო ახლოს მივედი, რომ გარკვევით გამერჩია ტექსტი, რომელსაც მიბნედილი ხმით მიყვებოდა ქალბატონი ენოლა გეი.
– მაშ ასე. რადიომიმღებს ვუსმენდი იმ დილით [ვგონებ პარასკევი იყო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს] და ამერიკელმა კორესპონდენტმა ხმისაუთრთოლებლად წაიკითხა პრეზიდენტის განცხადება:
„ჩვენ ჩავებით აზარტულ თამაშში...“
ვიფიქრე, ალბათ იმ კაზინოების ლეგალიზაციაზე უნდა გააკეთონ საჯარო მოხსენება, რომლის გაცხოველებული მშენებლობა წამოიწყეს–თქო და ყურადღება მოვადუნე.
„ორი მილიარდი დოლარი დავხარჯეთ უდიდეს მეცნიერულ გამოგონებაზე“.
სიტყვა მეცნიერულის ხსენებაზე კი თმა ყალყზე დამიდგა, ჟრუანტელმა დამიარა. კვლავ ვიმედოვნებ, რომ საუბარია სათამაშო აპარატის სახეობაზე...
ყურთასმენა დავძაბე, კორესპონდეტი  კვლავინდებურად აგრძელებდა:
„გამოვიგონეთ, მაგრამ არ ვიცოდით სასურველ შედეგს თუ მოიტანდა...“ ეს იყო ექსპერიმენტი, რომლის ფინალი თვით შემქმნელებმაც ვერ განჭვრიტეს. ეს ცდა დღეიდან შეცვლის სამყაროში ადამიანთა დამოკიდებულებას. გნებავთ შიში უწოდეთ, გნებავთ ფსიქიკური ზეწოლა!.. მთავრობები, რომლებიც ეცდებიან ომის პოლიტიკის წარმოებას, სასხლეტზე თითის გამოკვრამდე დაფიქრდებიან, აქვთ კი ისეთი მძლავრი იარაღი, როგორც ამერიკას, რომელსაც ომის პირველივე საათებში შეუძლია გამარჯვების მიღწევა. ამ ისტორიას შეუძლია კაცობრიობა ლოიალური გახადოს, თაობებს პატივისცემა ასწავლოს და ვინაიდან იაპონელებმა ჩვენი პირობები არ მიიღეს, ზეციდან წამოსული გამანადგურებელი ატომის სურნელი დაუამებს ყნოსვას.
კორესპონდენტის [და მასავით მოფიქრალი ყველა ჰომოსაპიენსის] სიძულვილი სასულეში გადამცდა და ნერვიულობისგან ცახცახმა ამიყოლია.  წარმოვიდგინე, იაპონია ამ დროს მსხვერპლს ითვლის, ნანგრევებში ადამიანებს ეძებს, ამერიკელი რეპორტიორი კი კმაყოფილებით აღნიშნავს:
„ჩვენ გავიმარჯვეთ“.
გაიმარჯვეს იმთავითვე, რადგან დეგუსტაციის სახით მიაღებინეს ადამიანებს: სიმჟავე, სიმწარე და მომწამვლელობა.
სამზარეულოდან ფინჯანი ყავა გამომქონდა, როცა შორით მომავალი მამაკაცის სილუეტი შევნიშნე. ჭიშკართან ატუზულს ვერ გაებედა შემოსვლა. ასე ემართებათ ხოლმე: დამნაშავე ვაჟიშვილებს, უმიზეზოდ სახლიდან გაქცეულებს, მშობლის გულისწყრომით გაბოროტებულებს, საყვედურისა და შენიშვნების არმოსურნეებს, ამბიციურებს, პატივმოყვარეებსა და მედიდურებს, თავაწეულებსა და მაინც ჭვავივით თავჩაქინდრულებს;
ასე ემართებათ: სინდისგაღვიძებულებს, ქენჯნისგან ნამუსატკივებულებს, ჭეშმარიტებისგან შეძრწუნებულებს; დიახ, იმ ადამიანს ჰგავხარ, რომელმაც ცხოვრება სადღაც დადო, მერე დასჭირდა, მიაკითხა და არ დახვდა. (სწორედ ამიტომ ხარ ცხოვრებადაკარგული ადამიანი).
იდექი ახლა და ათვალიერე საკუთარი ჩრდილი. იმ ეზოშიც კი არ შემოაბიჯო, სადაც აიდგი ფეხი. იმ ხეს ნუ ეყუდები, რომლის ქვეშ საქანელა ჩამოკიდა სულძაღლმა მამაშენმა და ნურც იმ ღობეს ჩაუვლი, რისი აღმართვა-შეკეთება იუკადრისე...
ნუ გეგონება, როგორც დედას, გული ამიჩუყდეს, ყველაფერი დავიწყებას მივცე და ხელგაშლილად მიგიპატიჟო სამზარეულოში; გაგიმასპინძლდე უწინდებურად და არ ვითაკილო შენი ძველმანი, ტალახმოდებული პიჯაკების ხელით რეცხვა.
და მაინც შემოვიდა, როგორც უსინდისოთაგანი!.. „დედა“ დამიძახა [სხვა პიროვნებად მაქცია მისმა დაძახებამ] და თითქოს სასწაულმა ნავთობივით ამოხეთქა მიწიდანო!.. ცეცხლი წამეკიდა, სული ამიწრიალდა, თავდავიწყებამ დამიმონა. ნაღველი და კაეშანი  სხვა სხეულში გადავნერგე, მოღალატე გულში ჩავიკარი და თმაც დავუვარცხნე. 
დიახ, ვიცანი. თითქმის ისეთივე იყო, როგორც სახლიდან გაქცევისას. ის სუნი ასდიოდა, დაბადებამდე, შობის შემდეგაც  ყოველ დედას რომ ყნოსვას უამებს და ბედნიერს ხდის. ყველაფრის მიუხედავად, მე ის მიყვარდა. მიყვარდა მაშინაც, როცა მავნებლობდა, ცხოველებს აწამებდა, მეზობლის ბავშვებს სცემდა და მაშინაც, როცა მელასავით გაიძურწა შინიდან. მიყვარდა იმის მიუხედავდ, რომ მთელი წლების მანძილზე ერთხელაც ვერ მოახერხა დარეკვა და ფოსტის გამოგზავნა.
მოვიდა, თვალებში დაგუბებული ცრემლი დამანახა [სახეზე ნაიარევი ეტყობოდა, თუმცა ბავშვობის ფათერაკის შემდეგ საგრძნობლად გაზრდილიყო] და თქვა:
„ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე!.. ასი წელიც რომ ვიცოცხლო, ეს საზარელი წუთები არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან-ო!..“
და მოჰყვა საზარელ სოკოზე, დაღუპულ მსხვერპლზე, ეკიპაჟის დაბრმავებულ მეგობრებზე. არეული, დაბნეული და ძალიან შეურაცხადი გამომეტყველებით იხსენებდა ვინმე კაპიტან ფარიზონს, მეტყვიამფრქვევე ბობ კარენს... კუნძულ ტინიანის ბაზის ასაფრენ ბილიკს, 4700 ფუტ სიმაღლეზე მოფარფატე „ენოლა გეის“, სიყრმიდან ამოჩემებულ ტექსტს, „სამიზნეს ამინდი ირჩევს...“
ოთახში წვრილთვალება ექთანი შემოვიდა, კათეტერით წამალი შეუყვანა ენოლა გეის და თხრობის დასრულებამდე პაციენტს ჩაეძინა.
სიკვდილი უწინდელთან შედარებით უფრო ამაყად იწვა მის სხეულზე და ნებივრობდა. ქალს რომ დავხედე, შევნიშნე, მთელი ამ ხნის მანძილზე ცრემლები სდიოდა და ემოციებით დაზაფრულს მის მოსაწმენდად არ ეცალა.
ცხვირსახოცით მოვწმინდე თვალის უპეები.
პალატაში, სადაკოს მამა, შიგეო შემოვიდა. შუბლზე აკოცა მძინარე ქალიშვილს და ლოცვა წაიკითხა:
„მთების სულად წოდებულო მგელო ოკამი, მეომარო ჭრიჭინა ტომბო, ღვთაება ინარ!  ავადმყოფობის ავგაროზო კიბორჩხალავ [კანი] და თევზო ოკოძე , დაგანახებთ მზის სინათლეს, თუკი უმკურნალებთ ჩემს ქალიშვილს!.. და თქვენ, ყოველნო ციურნო და მიწიერნო, მოგართმევთ კაგამიმოტის , ოღონდაც მზეგრძელყავით პატარა სადაკო!..“
...
სწორნისკარტა, მაღალფეხება წერო, სარკმელთან მიყუჟული, აბურძგნილ ბუმბულს ისველებს. ბუდემოშლილი ფრინველი ახალ საბუდარს დაეძებს...
ფიქრი სად შეუძლიათ ფრინველთო! – მჭევრმეტყველებენ ადამიანები და ამით კიდევ ერთხელ, თავიანთ სასიკეთოდ, ღვთისგან ბოძებულ პრივილეგიებს ხაზს უსვამენ.
მაგრამ რა ვთქვათ ახლა იმაზე, ომის კანონმდებლობით უბინაოდ დარჩენილი წეროთაგანი თავჩაქინდრული რომ დგას და არ იცის რა გააკეთოს?! შენ როგორც მოფიქრალი, როგორ მოიქცეოდი ადამიანო?!
სულიერის მსგავსად, აი წეროც დადგა გამოცდისა და არჩევანის წინაშე. – ან ინსტინქტს უნდა დანებდეს ან გულისთქმას მიჰყვეს!.. [ნებისმიერ შემთხევაში, ინსტინქტითა და გულისთქმით ჩადენილს გაამართლებ, რადგან ორთავე მოვლენას ზებუნებრივად მიიჩნევ, აი ნაფიქრალთან კი საქმე სხვაგვარადაა].
რთულია არჩევანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისგან უცილობელ გამარჯვებას ელოდები!.. თუკი მისხალ-მისხალ არ აწონე, გაზომე და დააკვირდი ყველაფერს,  [მით უფრო მაშინ, თუ შენი სიცოცხლე უდღეურ პეპელასთან შედარებით მცირედ ხანგრძლივია და ადამიანთან მიმართებით საგრძნობლად ხანმოკლე]. თავშისახლელი, სახათაბალო და სანანებელი მომავალი, კარზე წამის მეათედში მოგიკაკუნებს.
და ვიდრე შენს სიცოცხლეს აფთარსავით დაეპატრონებოდეს სიკვდილი, შენ უნდა იფიქრო და იოცნებო. ოცნებაზე მარტივი ხომ არაფერია, მითუმეტეს, როცა საოცნებო საგანთა რიცხვი არ აღემატება ერთს. – სასიკვდილო ვადის განგრძობას.
აფეთქებული ალუბლის რტო თეთრად აყვავებულა, აკაციასთან დამაშვრალ სიფრიფანაფრთიან ფუტკართა “საგა” კი კამკამა წყაროს დაეძებს.
ყვითლად შეღებილ ოთახის კედელზე დაკიდული საათი ყოფიერების წამებს ითვლის; დარაჯობენ ციფერბლატები მარადისობის წიაღიდან გამოხიზნულ სიკვდილს, რომელიც ზეციურ მისიონერივით მოციქულობს  და ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რათა მშვენიერი გოგონა  რიგით მიცვალებულად აქციოს.
მთელი დღეები ვსხედვართ მე და სადაკო. ქაღალდის გრაგნილებს მაკრატლით  ერთ ზომაზე ვჭრით, ოთახში გაჭიმულ თოკზე თეთრეულივით ვფენთ წეროებს და მათი რიცხვი ისე მრავლდება, რომ იძულებული ვხდებით ენოლა გეის საწოლსზედა სივრცეც გამოვიყენოთ.
...
ის კვლავინდებურად მოთქვამდა. ახსენებდა: მიწისძვრას, ჩასისხლიანებულ მთვარეს, ლეღვის ხის რტოდან მკვახე ნაყოფივით ჩამოცვენილ ვარსკვლავებს, წიგნივით დაგრაგნილ ცას და მღვიმეებში დამალულ ადამიანებს.  თავშესაფარი მიეცით ნოესგან მიტოვებულ კამეჩსო და ხელების იმიტაციით ვითომ თავისუფალ ადგილს ეძებდა...
– ეს ნოე ვინ არის, ან კამეჩი და თავშესაფარი რა შუაშია-მეთქი.
– ნოე არის ახალი სიცოცხლე, თავშესაფარი - ჩვენი პლანეტა, ხოლო კამეჩი გაუგონარი კაცის სახე, რომელიც დასაჯეს ზეციურმა ძალებმა. აი, სწორედ ასე იბღავლებს სახედაკარგული, ადგილუპოვნელი პაულ ტიბეტსი!.. კაცი, რომლის ფილტვებში გაჟონა ბოროტების მტვერმა.
მე კი... გულისტკივილის შემდეგ მიზეზს და ადგილს ვეძებდი, შემთხვევას ველოდებოდი, რომ ადამიანებს გავცლოდი. მომეცა საშუალება და დავტოვე კონტინენტი. იქ ჩამოვედი, სადაც ატომური რადიაცია არღვევდა მოქალაქეთა ჯანმრთელობას.
მაგრამ აქაც შევცდი. ნაცნობებისგან მოწყვეტით და ადამიანური გრძნობების გაუდაბნოებით შვება ვერ ვპოვე. ასე უბედურს, მომენატრება ხოლმე მეგობრები, სახლის ვერანდა, ეზოს ჭადრები და ყვირილს ვიწყებ.  მტკივა და ვყვირი...მტკივა და ვყვირი... მაგრამ ყვირილით ეშველება რამეს?
– მე ყველაფერს შენთვის ვაკეთებდი და ეს კარგად იცოდი ენოლა გეი! – ასე მითხრა პაულმა უკანასკნელად. ქურაში გავარვარებულ მოელვარე სპილენძს მიუგავდა პირსახე.  თვალები ელვასავით უციაგებდა და ტუჩის ცმაცუნით ამბობდა:
შენი სიყვარულით დავარქვი ხომალდს „ენოლა გეი“; შენი სახელის უკვდავსაყოფად მიმქონდა ის იარაღი, რომელიც შეიძლებოდა გადაზიდვისას ამფეთქებოდა. ახლა კი გინდა უარმყო? ჩემი მეგობრები მათმა დედებმა ხვევნა-კოცნით მიიღეს, სადღესასწაულო ნამცხვრები გამოუცხვეს და კიდით-კიდემდე გაავრცელეს მათი შვილების გმირობის ისტორია. შენ კი, რას აკეთებ ამ დროს? უარყოფ შვილს, მხოლოდშობილ ძეს!.. მე რომ არა, ამას ვიღაც მაინც გააკეთებდა...
– სწორია, ვიღაც გააკეთებდა; შენსავით თავზეხელაღებული, წარუმატებელი, წრუწუნასავით გაქცეული, ოჯახუარყოფილი და უგულო ადამიანი!.. გააკეთებდა ის, ვისაც დასაკარგი არაფერი ექნებოდა. შენი აზრით ენოლა გეი უკვდავყავი? მერე ვინ მოგცა იმის უფლება სხვისი სახელით აკეთო ესოდენ დიდი ბოროტება? შეცდი პაულ! შეცდი, რადგან დედის ხასიათი ვერ შეისწავლე. როცა ჭკუის დარიგება გჭირდებოდა – მიგვატოვე. იმათ რიგებში ჩაეწერე, რომელთა მშობლები შვილებზე უზნეონი და სინდისგარეცხილები გამოდგნენ!.. შურით, ღვარძლით, სიძულვილითა და სისასტიკით იცხოვრე და არ იცოდი, რომ უკეთურების მახლობლად შეიძლება ესაზრდოვა ჭეშმარიტებას, ზნეობას, მორალს, სინდისს, სულიერებას. მერე რა, რომ წარჩინებულთა კოლეჯი დაამთავრე ან წიგნიერი გიწოდეს, შენ ხომ ვერადროს იგემებ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, რადგან უგულოდ დახარჯე სიცოცხლის წამზომი!.. თავად განიდევნე მგრძნობელობის სავანედან და ჰარმონიასმოწყვეტილი ახლა ქვაფენილზე დავარდნილ მარცვალივით ხარ, რომელიც გადარჩენის მიზნით ქარს ეხვეწება ტრანსპორტირებას.
– ზნეობა რას ჰგავს დედა?
– ლეღვის ხის რტოს მიმაგრებულ ნაყოფს; საკმარისია ნაყოფი ქვაფენილზე დაენარცხოს და დედა ხე ზედაც არ შეხედავს!.. უცხოა შენთვის ზნეობაცა და სინანულიც, მოუნანიებელი კაცი კი ჩემთან ვერ გაიყოფს ლუკმას!..
– მაშ, უარმყოფ ენოლა?! იქნებ უადგილო იყოს ზნეობაზე ასე დაგვიანებული საუბარი? თვალებში შემომხედა და შევატყვე, იარაღის კონდახი შეემართა. სასხლეტთან გაუაზრებლად ათამაშებდა თითებს. როგორც წესი, მეომრის თოფში ერთი ტყვია ყოველთვის არის გადანახული და გამონაკლისი არც ახლა იქნება. ვხვდები მის განზრახვას, მაგრამ უმოქმედოდ ვარ. სინამდვილეში ეს იარაღი მან მე დამაჭერინა, თითის გამოკვრა-არგამოკვრის შანსიც მე მომანდო, ხვალინდელი დღეც ჩემს ხელში მოამწყვდია.
ტყვიის გასროლამდე ყველა დედა ფიქრობს, არის კი ისეთი საშუალება, რაც ამ განზრახვას ჩაახშობს?
არის!.. ფარისევლური ალერსი, გულში ჩახუტება, მოფერება, პატიება, სიბრალული... მერე იმაზე ფიქრი, რომ შვილზე უზნეო მშობელი აღმოჩნდა და მისთანები. საკმარისია ჩემგან ერთი უარი და სამუდამოდ დავკარგავ მას. [ერთ უემოციოდ ნათქვამ სიტყვას – გპატიობ, პირიქით, შეუძლია გადამირჩინოს მხოლოდშობილი ძე]. მახსენდება კორესპონდენტის კმაყოფილებით ნათქვამი, „ჩვენ გავიმარჯვეთ!“. და დაიწყო ჭიდილი დედობრივ გრძნობასა და სიმართლეს შორის, რომელიც სამართებელივით მომბჯენოდა ყელზე.
და მე ვარჩიე სიმართლე!..
მე გავიმარჯვე...
სულაფორიაქებული, აღელვებული და შეურაცხადი დავყურებდი პაულის გვამიდან თქეშით წამოსულ სისხლს, რომელიც ჭიპლარის გადაჭრის და ჩემი სხეულიდან მისი განკვეთის წამებს საოცრად ჰგავდა. უბრალოდ, მაშინ თეთრხალათიანები მილოცავდნენ მის დაბადებას, ახლა კი მორგის თანამშრომლები მისამძიმრებდნენ.
...
633, 634, 635... ფანჯრის რაფაზეც ნახეთ, იატაკზეც, ჭერზეც. ყველგან მოძებნეთ... აი, 641, 642, 643-ე ქაღალდის წეროც გამოჩნდა. ვითვლით, ვანგარიშობთ, მაგრამ არც მეტი გამოდის და არც ნაკლები. ფუჯიკო და შიგეო გოგონას ნივთებს ჩემოდანში ალაგებენ, თან ცდილობენ როგორმე დამალონ მწუხარება, რაც ეს-ესაა შეემთხვათ. ბოლოს და ბოლოს, ხომ კარგად იციან, რომ „არ შეიძლება იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე ბედისწერამ მიუზღო“.
მე სარკმელთან ვდგავარ და გარეთ ვიყურები. შუშის მიღმა დგას წერო და დამწუხრებული იყურება. ვხედავ, რომ ნისკარტით ეფერება მასზე უფრო მომცრო ზომის ქაღალდის წეროს. ვაკვირდები და გაოცებისგან ვყვირი: „644-ე წეროც გამოჩნდა, დედა წეროსთან ერთად-მეთქი!..“
ყველანი ფანჯარასთან ვგროვდებით!.. დიდებულო სინტო, ქაღალდის წეროზე წარწერა იკითხება. „ ჩემი სახელია ჰიროსიმა“, მის ქვეშ კი კოხტად ნაწერი ჰაიკუ:
– წეროთა ფეხებზე,
ვით სარწეველაზე –
მე და დრო ვეკიდეთ...
სწორნისკარტა, ბუდემოშლილი წერო ქაღალდის ნაკეთობას ეალერსება;
ალბათ ისიც დედა იყო.
შესაძლოა ომმა მასაც მოსტაცა შვილი.
შენ რას იტყვი ადამიანო?!
მე? მე მეკითხებით? აა, რასაკვირველია, უნდა გიპასუხოთ ხომ? ჩემი აზრით... დიახ, მე ვამბობ, რომ კეთილშობილება გადაარჩენს სულიერთა სამყაროს... რომ მიმოიხედავ ერთხელაც და მიხვდები, შენზე გაცილებით ლამაზად წეროთა ქარავანს უცხოვრია... შეგრცხვება, ადამიანობას გეფიცები!.. შეგრცხვება და პაულ ტიბეტსის მსგავსად ადგილუპოვნელად მოკვდები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები