ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2012


* * *

                    * * *



        ისე ტკბილია წარსულის დარდი,
        როგორც თაფლი - ხის ფუღუროში,
        როგორც სხვისი სისხლი - შენს ტანზე.

        დანარჩენი კი -
        სიხარულიც იმდენად ქრება,
        ხელები უნდა მოიჩრდილო და ისე ძებნო.

        ის მახსოვს,
        ადრე, ზამთრისპირზე, ჩემს ბავშვობაში,
        გამთენიისას ალუმინი რომ ჩავაბარე,
        მაგრამ იმ ფულით რა ვიყიდე, ვეღარ ვიგონებ.

        ისიც მახსოვს, უკან დავბრუნდი
        გადავხედე ცარიელ ქალაქს,
        ასეთ დროს ქუჩა სხვანაირია,
        სახლში გტოვებს, შეგაბრუნებს დილის საწოლში,
        მაგრამ შენიდან გამოყავს ვიღაც
        და გარეთ დიდხანს ახეტიალებს.





                      * * *



        რა ერთგვარია დაბადება,
        მაგრამ აბა კვდომას შეხედე;
        ხომ არსებობენ ისინი, ვინც ჩაძაღლდნენ, მოკვდნენ,
        მიიცვალნენ
        და იშვიათად,
        ისეთიც კი შეგვხვდება ხოლმე,
        ვინც აღესრულა.





                      * * *



        ოჯახში, სადაც ახლა ვცხოვრობ, მასპინძლის შვილმა
        ღამე სახლში დაიგვიანა.
        მშობლებმა ცუდი უთხრეს მრავალი,
        ბევრსაც დაპირდნენ.
        დღემდე მიკვირს, როგორ იყო, ვერცერთმა იგრძნო,
        იმის ისე მიწიან ხელებს, დასვრილ მაისურს
        ჯერ კიდევ რომ შემორჩენოდა
        მთის ყვავილების მძაფრი სურნელი.






                        * * *



          მუჭანახევარი ლექსი;
          არეული, მივიწყებული...
          თითქოს ვისთვისაც მიგქონდა, გზაში
          ის შეგხვდა და პეშვი გაშალე,
          გადაეხვიე,
          დაგავიწყდა, რაც ხელში გქონდა.





                          * * *



          შემოდგომაზე თავდახრილმა უნდა იცხოვრო.
          ხმელი ფოთლები შენამდე მაინც
          ჩამოვლენ და დაცვივდებიან.
          მთავარია, ცას არ ახედო,
          ძალიან დიდი ცდუნება არის
          გადამფრენი ჩიტების ნახვა.





                            * * *



            მიყვარს, ხეები მოუჭრელად რომ იქცევიან
            დიდთოვლობისგან,
            როგორც კაცები - დიდდარდისაგან.
            სავსეა ეზო ამ საფლავებით.




                            * * *



            რამდენჯერ უნდა მოკვდე,
            რომ ერთხელ ვინმემ დაგიჯეროს?!.
            წაგიღოს და დაგმარხოს მშვიდად;
            მიწას კი არა,
            საკუთარ თავს მიგაბაროს.

            ჩამოგაშორებს სიბნელისგან,
            როგორც ფარვანას,
            და შენ კი უნდა მოითმინო მისი ნათელი -
            დროებითი ბრწყინვალე შუქი.

            რაღა არის ასე სიცოცხლე?!.
            ან ფრთები დაგწვას,
            ან ჩაქრეს თვითონ.



                              * * *



            არა იმათზე, რომლებიც რომ უკვე დაცვივდნენ, -
            შემოდგომაზე, ნოემბრის ბოლოს,
            როცა ქარმაც კი მოიბეზრა თავისი თავი, -
            მე ვწერ ფოთოლზე;
            ის ჯერ კიდევ არ იცნობს მიწას.




                              * * *



              ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე,
              - ვერ შეესწარი.
              ცრემლივით ვერ ჩაუდექი თვალებში,
              სისხლივით ვეღარ შეადედდი,
              თავი ვეღარ აფიქრებინე,

              მაშინ, - როდესაც ჩიტებიც კი ერთად მიდიან,
              მცირე ნიავით, იზიდავენ ტოტები - ტოტებს
              და პლანეტები უსასრულო, ღია კოსმოსში
              მოძრაობენ ერთმანეთისკენ, -
              როცა ბალახიც ერთად ამოდის.

              შენ სიზმრებშიც არავინ გნახავს,
              მაგრამ ეს რა  სამწუხაროა?!. -

              ხომ შეიძლება სულ მარტო იყო,
              მარტოს გიყვარდეს?!.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები