ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: იუმორისტული
20 ოქტომბერი, 2008


გატაცება

      უფ, როგორ მიყვარს!
      ჰოროსკოპით სასწორი ვარ.  არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მიჭირს, ვწვალობ... არა, რომ მინდოდა ეს უეჭველი ვიცოდი, მაგრამ...
    ერთი თვე ვუტრიალე, ხან შორიდან ვუყურე, ხან მივუახლოვდი... გონიერი რომ უნდა ყოფილიყო ეს ზუსტად ვიცოდი, მაგრამ რა ვქნა? ჩემთვის ვიზუალურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს... არადა ისეთი თხელია... ლამაზი...და ნუ გაბარიტებიც ისეთი აქვს, ჩემს მოთხოვნილებას რომ დააკმაყოფილებს...
    ერთხელაც, გალსტუკიან ყმაწვილს მივადექი და მორიდებით ვთხოვე, ძალიან მომწონს, უკეთ მინდა გავეცნო და ხომ ვერ მომეხმარებოდით თქო? ახლოს მიმიყვანა და მისი ცისფერი თვალების ნათება რომ შევიგრძენიიი!!! მორჩა... გადავწყვიტე... ჩემი გახდება!...
      მას მერე ერთად ვცხოვრობთ. თავიდან აუარება მეგობრი მომაწყდა. შემფასებლურად უყურებდნენ და აღტაცებას ვერ ფარავდნენ. ზოგი ხმამაღლა და ზოგიც ჩუმად ჩამჩურჩულებდა: "აუუ, იააა! ძაან მაგარია!"
      ჰმმ! როგორ გვიყვარს ერთმანეთი! არა, უეჭველი მასაც ძალიან ვუყვარვარ, არ მღალატობს. ან კი როგორ შეიძლება არ ვუყვარდე?! ათას საალერსო სიტყვას ვუგონებ, თავზე ხელს ვუსვამ და ვეფერები: ჩემი ჭკვიანი ბიჭიიი!, ჩემი ბასუნააა!, ჩემი ბუსუნაა! არა, მაინც რა ამტანი გამოდგა! როგორ მიძლებს ვგიჟდები!
      პერიოდულად მეზობელი შემოდის და  მასთან ყოფნას მთხოვს…ნერვები მეშლება… ქარაფშუტაა, ზუსტად ვიცი არ უყვარს, მხოლოდ გასართობად უნდა, მოიხალისოს და მიაგდოს. ეჭვის ჭია მჭამს, არ შეუყვარდეს… არადა მეგობარია და რა ვქნა?..ის უარესად მაგიჟებს, როცა მეუბნება ყავა მოადუღე რაა, მარტო დავრჩებითო… სამზარეულოში გამოვდივარ და მთელი შიგანი მიტრიალებს, რომ წარმოვიდგენ როგორ ეხება თავისი თითებით… არადა არც იცნობს ხეირიანად… რამე არ ავნოს…
    მიყვარს მარტო რომ ვრჩებით… ბდღვიალა ჭაღს ვთიშავ და… მარტო მე, ის და ლამპის მკრთალი შუქი…ისეთი ინტიმი იქმნება… მთელი ღამე ისე დაგვთენებია, რომ ვერც მიგრძვნია… უბრალოდ ხანდახან გვერდით ოთახიდან შეძახილი მაფხიზლებს : “გოგოოო! გაანებე რა! შენი თავი არ გეცოდება ეგ მაინც შეიბრალე!” მაქსიმალურად ჩუმად ვართ, მაგრამ ხანდახან მაინც ისეთს ამოიღმუვლებს… და ღამის სიწყნარეში ხო იცით როგორ ისმის მცირე ფაჩუნიც კი…
      ნებისმიერ სურვილს მისრულებს… ნუ, ხანდახან შეიძლება ოდნავ დაფიქრდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველა ჩემს ახირებას აკმაყოფილებს… ისე, არარეალურს მეც არაფერს ვთხოვ…ხანდახან ისე ვიღლებით, ვგრძნობ როგორ გვიწევს ორივეს სიცხე. ისეთი ცხელი სუნთქვა ეწყება… ამ დროს თავს ვანებებ, წინ გადავუწვები, თვალებს მივლულავ და ის ყურში ჩუმად ჩამღიღინებს აი ისეთებს, მე რომ მიყვარს… არა, ხანდახან ეგეც მიშლის ნერვებს. პერიოდულად ისეთ მომენტში გაჭედავს და დააგდებს ტეემპს!.. მმმ… მაგიჟეებს!... ისე უჯანმრთელესია, მხოლოდ ერთელ შეეყარა ამ ორი წლის მანძილზე ვირუსი და ისეც ჩემი ბრალი იყო, მე მოვუტანე…
    არადა რა უბოროტოა… აი, მე ხო რა ეჭვიანი ვარ, ნებისმიერს ვინც მიუახლოვდება ეჭვის თვალით ვუყურებ… მან კი, პირიქით, აუარება ხალხი გამაცნო, თან უანგაროდ და არც არასდროს უფიქრია “აუ, იამ ეხლა არ მიღალატოსო?!” არა, უნდა გამოვსწორდე რა…
    სახლიდნ გასულს ერთი სული მაქვს როდის მივბრუნდები და ვნახავ…მისვლისთანავე ოთახში ვიჭყიტები. უჩემოდ მთლიანად ჩამქრალი და უსიცოცხლოა…ეგრევე ვიწყებ გახდას და საძინებლიდან ვუყვირი: მოვრბივაარ… მოვქრივაარ… მოვფრინაავ…
    გული მიკვდება , როცა ვუყურებ როგორი გაბუსულია უჩემოდ…
    ჩეეემი კომპიუტერი!... ჩეემი საყვარეელიი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები