ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2013


* * *

* * *


ესეც გამომყვა ბავშვობიდან;
მაშინ კოსმოსს ვაკვირდებოდი,
ახლა კი თითქოს ისევ შორი პლანეტა იყოს,
ზოგჯერ შემხვდება
ცხოვრებისგან მომწყდარი კაცი
და ვიდრე თვალს მიეფარება,
ვიდრე გადავა,
ჩავუთქვამ ხოლმე სურვილს
თავისას.



* * *


ჩემი ერთგული სისუსტეებით
და ცხოვრების ზოგადი პროზით,
მოკვდავი ვარ, -
ადამიანი,

მაგრამ რატომ მაქვს დროში უწყვეტი
ტკივილი, დარდი, სიხარული,
შიში, -
თითქმის სულ ყველაფერი?!.

ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ
აღარ მოვკვდები,
აქ ვიცხოვრებ და დავბერდები
მარადიულად.



* * *


სულ ის მაფიქრებს, ჩემი სხეული
ქუჩაში რომ უცხოს ჩაუვლის,
არ გააყოლებს თვალს,
არც მისკენ შეტრიალდება,
ისე დგას, თითქოს
საკუთარ სულს მიცდის, რომელიც
მისგან გავედი,
იმ უცნობის სულთან შევჩერდი,
მივესალმე, გადავეხვიე
და ორივე დავბრუნდით უკან,
იმ იმედით, რომ ოდესმე მაინც,
ჩვენ-ჩვენი მუნჯი სხეულებიც მიიქცევიან
ერთმანეთის მარტოობისკენ.



* * *


მამა რომ სახლში დაბრუნდება
ხელცარიელი, -
მოიჩხრეკს ჯიბეს
და შვილს ეტყვის:
- ვეღარ მივდივართ.
მხოლოდ დაჯდება და მოუყვება
დოღის ცხენებზე,
ცირკის უცნაურ ჯამბაზებსა
და ზოოპარკის ბამბის ნაყინზე, -
ისე მაქვს გული,
ბრუნდება და რომ ვეღარაფერ
ახალს მისრულებს,
ვერავისთან რომ მივყავარ, მაშინ
ძველ სიყვარულზე მიამბობს ხოლმე.



* * *

რა თანაბრად რთულია წასვლა
და დაბრუნება,
რადგან, როდესაც ერთს უბრუნდები,
გიწევს, რომ სადღაც, სხვა - მეორე
უშენოდ დარჩეს.



* * *


ხე ყოველთვის შეიცვლის ფოთლებს.
ფესვები მიყვარს,
საკუთარ მიწას რაღაც ჟინით
რომ ეჭიდება.

ზოგი კაციც ამგვარად არის;
ვინმე უცნობის სასაფლაოსთან,
დიდი სურვილი უჩნდება ხოლმე;
დაალაგოს, დაასუფთავოს
და ამოსული ყვავილებიც
მოთხაროს ბოლოს, -
გამოართვას მკვდარს თაიგული,

მაგრამ არიან ისეთებიც, სადარბაზოში
ოთახებში, სამსახურებში
სუნამოს სურნელს რომ გიტოვებენ
და მაინც გვამის სუნი გაბრუებს
მათთან ახლო მყოფს.

გულს ვერ დაიცლი, ფილტვებივით,
აღსასრულისას.




* * *


ოთახში, სადაც გულმოდგინებით
დავდგი და მოვრთე დიდი ნაძვის ხე,
როდესაც შევალ,
მეჩვენაბა, რომ იმ ადგილზე
დგას ვიღაც ბავშვი,
გათოშილი, მიუსაფარი
და მთხოვს,
შევმოსო.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები