ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზურა მაისაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2013


კავკასია

სიჩუმეს არღვევენ ჯიგიტთა ცხენები,
კლდისპირა ბნელ ხეობებს ხახიდან უსხლტებიან,
ელვარე სატევრებს მუქარით გალოკვენ და
დემონებივით სიბნელეს შეერწყმიან,
ალიონზე კი ყოველ მზის ამოსვლას 
ყრუ ხეობებში კიჟინით ხვდებიან, 
თარეშით დაღლილნი ნაბდებს გაშლიან და
წყაროს დალევენ კლდეთა ნაჟურიდან,
ნართები შავ ცხენებს სალაშქროდ აკაზმავენ,
ვაინახებს კი მუქარას შეუთვლიან,
მგლისმუხლა ჩეჩნები დამბაჩებს მოსინჯავენ,
ცალთვალა ბაისანგურს ბრძოლაში გაჰყვებიან,
ხევსურნი სახვალიოდ ქუდზე კაცს კრიბავენ და
გველისმჭამელ მინდიას ეძახიან ,
ღუნიბის ციხეში მრისხანე შამილმა
თავის სიმამაცე ნაბადში შეახვია,
მალე დაისი დადგება მთებში და
კოცონთან აფხაზები ,,ვარადა"ს იმღერებენ,
ლეკები სატევრებს ფხას გაუსინჯავენ,
კახებთან თარეშში ხვალისთვის გამოსცდიან,
ნუხადან გაქცეული ჰაჯი მურატი კი
მომხვდურთა იერიშში გმირულად დაეცემა,
მამაცი აბრაგები თერგის წყალს ატანენ
რუსულ ხიშტებსა და ცარიზმის ოცნებას
მთებში ჩაკარგულ წარბშეკრულ კოშკებს კი
თითქოს სიკვდილისთვის დაცინვა მოუწყვიათ.
ბრძოლებით დამთვრალი სატევრების კაშკაშს
სიცოცხლის სიყვარული პეშვით შეუსვია, 
ნისლებშემოხვეულ დაკბილულ მწვერვალებს
მიურიდები ფრთხლიად აივლიან 
კაზაკთა ატამანის მჭახე შეძახილს კი 
ღამის წყვდიადი ორად გაუპია,     
ეჰ! თითქოს ახლა თოვლიან მწვერვალებს
ტანადი ჩერქეზების ყიჟინა მოჰკლებია და
კლდეებს ზღაპრულ არაკად წარწერილი 
ძველ გმირობათა ამბავი შერჩენია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები