ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2013


სიყვარული ვეფხისტყაოსანში და დღეს

      სიყვარული ის ერთადერთი რამაა, რის გამოც ადამიანი ყველაფერს დათმობს, სიყვარული ზოგისთვის ჯილდოა, ზოგისთვის სასჯელი, ზოგი სიყვარულით გასცემს, ზოგი  ღებულობს,ზოგი აშენებს, ზოგი კი ანგრევს, მაგრამ მის გარეშე არაფერი ხდება. ჭაბუა ამირეჯიბი წერს, რომ სიყვარულის გარეშე კაცსაც ვერ მოკლავს ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულისთვის ღირს სიცოცხლეც, და სიკვდილიც. სიყვარული ხომ თავად ღმერთია და ჩვენც მისი შვილები ვართ.
შოთა რუსთაველიც სწორედ ამაზე წერს თავის დიდებულ ნაწარმოებში, ვეფხისტყაოსანში. ამ პოემის მთავარ გმირებში ჩაქსოვილია მიჯნურობა, მეგობრობა და სიყვარულის სხვა მრავალი გამოხატულებები. ტარიელი და ავთანდილი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უნდა უყვარდეს და როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს, რომ მან გაამართლოს უფლისგან სიყვარულით ბოძებული სიცოცხლე. შოთა რუსთეველი  გვასწავლის, რომ ყველაფერი უნდა გადადო, ყველაფერი უნდა გააკეთო მაშინ, როცა ჭირდები მას, ვინც შენ გიყვარს. ყველაფერი შესაძლებელია მთელი გულით შეყვარებული კაცისათვის, რადგანაც მას თავად სიყვარული, ღმერთი ეხმარება. უფლის საჩუქარია შეგეძლოს იცხოვრო მასთან ერთად ან მოკვდე იმისთვის, ვინც გიყვარს. ეს პოემის გმირებმა კარგად იციან და ამიტომაც არ ერიდებიან საფრთხეს, რადგან როდესაც შენ იბრძვი შენი სიყვარულისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს მეგობარი იქნება, მიჯნური, სამშობლო თუ მშობელი, დამარცხების, ანუ სიკვდილის შემთხვევაშიც შენი ქმედება გამართლებული და დასასრული ღირსეული იქნება.
ნამდვილი სიყვარული კი სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორსაც შოთა რუსთაველი თავის პოემაში აღწერს, მაგრამ განა არსებობს დღეს ასეთი სიყვარული?! ან ვინმეს უყვარს კი ისე, როგორც უყვარდათ ტარიელს და ავთანდილს?! ეს ჩვენი უმეცრების ბრალია, უმრავლესობამ არ ვიცით რა არის სიყვარული, რა ან როგორ უნდა გვიყვარდეს, შევიყვარებთ ერთი დღით, და მეორე დღეს აღარც გვეხსომება. სიყვარულს ვეძახით ისეთ რამეს, რაც ჩვენთვითონ არ ვიცით რა არის, არ შეგვიძლია მთელი სულით, გულით და გონებით შეყვარება. მეგობარს ვეძახით მას, ვისთვისაც ერთი ჭიქა წყალიც გვენანება. ვიბრალებთ პატრიოტობას, როცა ომის დროს შიშისგან მზად ვართ საკუთარი ფეხები ჩვენთითონ დავიმტვრიოთ, რომ ბრძოლის ველზე გასვლა არავინ მოგვთხოვოს. უმეტესობა ყველას და ყველაფრის მიმტოვებლები ვართ გაჭირვების დროს, მხოლოდ  საკუთარი თავი გვადარდებს და მეტი არაფერი. სიყვარული და ღმერთი ძალიან შორსაა ჩვენგან, მაგრამ ჩვენში მაინც არსებობენ ისეთები, ვინც დაიმსახურა თქვას რომ ადამიანია, ვისაც უყვარს, იცის რა უყვარს და უყვარს მთელი გულით, უყვარს სულ, მუდმივად, ყოველ დღე და დღითიდღე უფრო მეტად, არსებობენ ისინი, ვინც იცის, რაზეც ღირს ფიქრი, და რისთვისაც ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები