ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2013


დიდი ხნის შემდეგ

დიდი ხნის შემდეგ

დიდი ხნის შემდეგ,
როცა
ჩემი კბილების უწყინარი სიმეჩხერე
გადაიზრდება ბებრულ ჩიფჩიფში
როცა
ილუზიების დაფხაულლ თასიდან
ბოლო ოცნების მოლეკულებიც ამოქრებიან,
საღამო ჟამს (ან შეიძლება შუადღეზეც)
მე ჩამოვჯდები ბუხრის პირას (რომელიც არ მექნება)
  და ჩემს შვილიშვილს
რომელიც გახელილი თვალის უპეებით
შთანთქავს ცინცხალ ლანდშაფტებს,
ვუამბობ: 
როგორ ვერ გადავლახე
უდაბნოს ხვატის ყვითელი სისასტიკე
ჩემი აქლემით, რომელსაც ჰქონდა ორი ჯიუტი კუზი
და ერქვა ,,ბეჰან”;
როგორ მიპოვეს ბედუინებმა განთიადისას
და ერთი კვირა
მასმევდნენ დედა აქლემის მოთმინებას მყრალი თასიდან
ვუამბობ: 
როგორ ვერ ვსდიე ხარ-ჯიხვს მთების ციცაბო აღტაცებაზე
როგორ დამიცდა ფეხი ბილიკზე, როგორ დავჭერი მაინც ტიალი ბოლო ტყვიით
და როგორ დაეკიდა იგი რქებით ტკივილის მარტივ ქიმზე
ვუამბობ: 
როგორ არ იწერდნენ უბის წიგნაკში
შეყვარებული გოგოები ჩემს მოტკბო ლექსებს
და როგორ სვამდნენ სტრიქონის ბოლოს
მლაშე ცრემლის მრავალწერტილს. 
დიდი ხნის შემდეგ…
როცა დანაკვერჩხლდება ყველა სურვილი,
და აღტაცება დაკარგავს ეკლის სიბასრეს,
ბუხართან მჯდარი, (რომელიც არ მექნება)
მოვუყვები შვილიშვილს ჩემსას
და მისი სმენის ვიბრატორები
  აირეკლავენ გაბზარულ ხმაში გამოყოლილ
განუცდელი ცხოვრების გამომშრალ ნაღველს.
დიდი ხნის შემდეგ
ეს საუბარიც არ შედგება,
რადგან ბავშვებს უნდა უამბოთ მხოლოდ
ბაბუაწვერას ბუსუსებივით მსუბუქ თემებზე
რათა თავად გამოსცადონ ეს ყველაფერი
დიდი ხნის შემდეგ.
    2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები