ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბაჟური
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 მაისი, 2013


"ჰკა მაგათ!" ანუ განსხვავებულოფობია მზიურ საქართველოში

  ხუთი-ექვსი თვე მასმედიის საშუალებებისა და სოციალური ქსელების გარეშე არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მორიგმა ინფორმაციამ მორიგი შიდადაპირისპირების, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის და ერთმანეთის ფიზიკური თუ სულიერი ხელყოფის შესახებ შენამდე მცირე დოზით მაინც არ მოაღწიოს. არადა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ინფორმაციას, რეალურად. სანამ საქმის კურსში ვიყავი, ვნერვიულობდი, ვითარებას ვაანალიზებდი (შეძლებისდაგვარად, არსებული კომპეტენციის ფარგლებში), აზრს გამოვთქვამდი და ამას, ცხადია, არავინ უსმენდა იმათ გარდა, ვინც ისედაც მშვენივრად იცოდა ჩემი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თავის მხრივ, სხვებიც გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, ძაღლები ვყეფდით, ქარავანი მიდიოდა და საბოლოოდ ნერვებმოშლილები და ყეფისგან ხმაჩახლეჩილები ვრჩებოდით. როცა ამ ინფორმაციას აღარ ვუსმენ, ყეფას შევეშვი, ქარავანი ისედაც თავისი გზით მიდის, მე ნერვები შედარებით ნაკლებად მაქვს მოშლილი და ხმასაც იმდენად აღარ ვუჩივი.
  თუმცა, ინფორმაციულ ვაკუუმში მოხვედრა არც მთლად მარტივი საქმეა, არ გაცლიან „ჭურში ჯდომას“. სხვადასხვა სოციალურ გარემოში სხვა, ჯერ კიდევ „საქმეში ჩახედული“, ინდივიდები დაუსრულებლად გამოთქვამენ თავიანთ უკიდურესად სუბიექტურ, იშვიათ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ობიექტურ მოსაზრებებს მოწოდებული იდიოტური ინფორმაციის შესაბამისად და, გინდა თუ არა, ინფორმაცია მცირედი დოზით შენს „ჭურშიც“აღწევს. თუ ინფორმაცია ზედმეტად დამაინტრიგებელია ქართული საზოგადოებისთვის, გამოხმაურება და მოსაზრებები რადიკალიზმის სულისკვეთებითაა განსმჭვალული. ეს ყველაფერი შენს შედარებით მშვიდ სამყაროში დიდი ხმაურით იჭრება და იმ არაფრისმომცემი ინფორმაციის არაფრისმომცემი (როგორც წესი) სათქმელი შენამდე მოაქვს. რამდენიმე დღის წინ ასეთი ხმაურით შემოიჭრა ჩემს სამყაროში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 17 მაისს რუსთაველზე გეი-აღლუმი უნდა გამართულიყო. არადა, ეს 17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა, როგორც ვიცი. ჰომოფობიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა მარტო გეის, ანუ დაინტერესებულ პირს, თუ უნდა საქართველოში, ვერ ყოფილა მთლად კარგად ჩვენი საზოგადოების საქმე-მეთქი, ვიფიქრე. რამ მოუარა არ ვიცი, მაგრამ აქციაზე დასწრების სურვილი თავად პატივცემულ "ჰომოფობიასაც" გამოუთქვამს. ეგ რომ თავისით ვერ მივიდოდა რუსთაველზე, კი იცით, თუმცა ქართველმა ჰომოფობებმა არ დაიზარეს (ღმერთი მაგათ უშველით) და მათი ძალისხმევით ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას თვით დიდი "ჰომოფობია" ესტუმრა ზარ–ზეიმით (რა დროს ტავტოლოგიაა, თუ კაცი ხარ (ქალი იყავი, თუ გინდა)).
  ცხადია, ჩვენს საზოგადოებას ამდენი არ უფიქრია, დაგეგმილი აქცია გეი-აღლუმად შერაცხა და მოემზადა წმინდა ბრძოლის გასამართად აქციისა თუ აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ.
  არ ვარ ჩახედული ამ საკითხში და არ ვიცი, ჰომოსექსუალებად იბადებიან თუ მერე ხდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, კაი გვარიანი გრადუსის მქონე გადახრაა ეს და ცოტა ძნელი ასახსნელია, რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზი უძღვის წინ ამ ყველაფერს. თუმცა, მხოლოდ ეს არაა საკმარისი, ჰომოსექსუალებს აქციის, თანაც საპროტესტო აქციის გამართვის საჭიროება რომ გაუჩნდეთ. თუ საზოგადოება არ შეუწყობს ხელს, ისინი რაოდენობრივად იქნებიან უმცირესობაში და ამით დამთავრდება ყველაფერი. ასე ლეიკემიით დაავადებულებიც არიან რაოდენობრივ უმცირესობაში, მაგრამ მათ დაჩაგვრას არავინ უპირებს და ამიტომ საპროტესტო აქციებს და აღლუმებს არ მართავენ. გენერალური ერთობლიობა რომ თავის რომელიმე მცირე ნაწილს ფიზიკურად და მორალურად შეურაცხყოფს, ის უკვე ჩაგრული უმცირესობის კატეგორიაში გადადის. ასე რომ, მანქანიდან რომ თავს გადმოუყოფ და შეაგინებ, ქუჩაში რომ სცემ და ყველგან დაცინვის ობიექტად აქცევ, იგრძნობს თავს დამცირებულად, აბა, რას იზამს? ეს უკვე მორალურ უფლებას აძლევს, თავისი პროტესტი გამოხატოს. ჰომოსექსუალების მაგინებელი ხალხია, შემდეგ მათ საპროტესტო აქციას ჩაშლას რომ უპირებს და იმაზე არ ფიქრობს, მათი გამოწვეული რომ არის ეს აქცია. თავად ეხმარებიან თავი დამცირებულ და დაჩაგრულ უმცირესობად იგრძნონ და მერე არ მოსწონთ, ეს უმცირესობა რომ პროტესტს გამოთქვამს. ასეა, მეგობარო! ყველა ქმედება უკუქმედებას იწვევს. გუშინ სცემდი, დღეს საპროტესო აქცია გაგიმართა, მიხვედი, ისევ სცემე, ცხადია, ისევ გამოვა და ისევ გაგიმართავს აქციას. ასე, ერთობლივი ძალებით, ამართლებთ ერთმანეთის სახელს - მჩაგვრელი უმრავლესობა და ჩაგრული უმცირესობა, დადიხართ მოჯადოებულ წრეზე და სულ არ ფიქრობთ აქედან გამოსვლაზე. თან, ცოტა თუ შეუტიე ასეთ რადიკალებს და ის რელიგია შეახსენე, რომლის ვითომდა თავგამოდებული მიმდევრები არიან და შემწყნარებლობისკენ მოუწოდე, მაშინვე იმაზე იწყებენ საუბარს, მესმის, ავადმყოფები რომ არიან, მაგრამ პროპაგანდას ნუ ეწევიანო. შე კაცო, თუ ავადმყოფები გგონია, როცა აგინებ და ცემ, მაშინ რაზე ფიქრობ? ახლა არ მითხრა, კარაბადინში უწერია ფანასკერტელ-ციციშვილს, გინება და ცემა-ტყეპა ჰომოსექსუალს ჰეტეროსექსუალად აქცევსო.
  პრობლემა სწორედ ჩაგვრაშია, თორემ ჩაგვრისა და ძალადობის არარსებობის პირობებში პროპაგანდისტული ხასიათის გეი-აღლუმის მოწყობა არც მე მიმაჩნია მისაღებად. თუმცა, გეი აღლუმი ერთია და ანტიჰომოფობიური აქცია მეორე.
  რამდენიც არ უნდა იძახონ ანტიჰომოფობიური საპროტესტო აქციის არჩასატარებლად შეკრებილი აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, ჩვენ მშვიდობიანი გზით ვაპირებდით აქციის შეფერხებასო, თავიდანვე ყველამ კარგად იცოდა, როგორი „მშვიდობიანი“ სცენარით განვითარდებოდა ეს პროცესი და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. დამატებითი უბედურება ისაა, ეკლესიამ რომ მისცა კურთხევა ამ საპირისპირო აქციას. ისე, ნაკურთხი აქცია მშვენივრად ჟღერს, ვერაფერს იტყვი. მერე ზოგმა ადგილზე რომ ნახა და ზოგმაც ვიდეოკადრებით, როგორ იქცეოდა ზოგიერთი სასულიერო პირი, ხალხის გარკვეულ ნაწილს ამასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა გაუჩნდა სრულიად სამართლიანად (ისე, ეს მომენტი ყოველგვარი რელიგიურის მოწინააღმდეგე ვითომ ცივილიზებულმა ინდივიდებმაც აიტაცეს და სიხარულით აჭყლოპინდნენ. აი, იმათ, ანტირელიგიური დამოკიდებულება საკუთარი პროგრესულობის დამადასტურებელი საკმარისი საბუთი რომ ჰგონიათ). ვითომდა ქვეყნისა და სარწმუნოების სადარაჯზე მდგომმა რადიკალებმა ყველაფერი აქციის მონაწილეების პროვოკაციებს დააბრალეს მაშინვე, აქაოდა, მღვდელი ცუდად როგორ მოიქცეოდაო. ისე, ერთ რამეს ვაკვირდები - თუ ოდესმე ვინმე რომელიმე სასულიერო პირის მიერ ჩადენილი რაიმე უკანონობის შესახებ მოყვება, გარშემომყოფები მაშინვე აჩერებენ, ეგ შენი გასარჩევი არაა, ღმერთი მოჰკითხავსო და თავად ყველა ჰყავთ მოკითხული და განკითხული. მაინცდამაინც სასულიერო პირებს მოჰკითხავს ღმერთი და სხვა გარშემომოყოფების საკითხი თქვენს შეგიძლიათ გაარჩიოთ? კი მაგრამ, მაგ ლოგიკით, ნურც ჰომოსექსუალებს ებრძვით, არც ეგენი გამოეკერებიან ცას და მოჰკითხავს მაშინ  მამაზეციერი ერთ მშვენიერ დღეს მაგათაც. ასე, როგორც გინდათ, რომ ჭრით და კერავთ, სადაური წესია? ისე, კარგა ხანია გაკვირდებით და ასინეთას არ იყოს, „აქაური წესია“.
  ერთი დეტალია კიდევ საყურადღებო - როგორ აკერებენ ეს რადიკალები ინდივიდს ჰომოსექსუალის იარლიყს. სულ არაა აუცილებელი, მაინცდამაინც შენი სქესის საყვარელი აღმოგიჩინონ. არა, ბატონო! ასე ვინ დაგიწყებს დევნას, შენი სქესის ადამიანთან გაქვს რომანი და თუ საპირისპირო სქესის მქონესთან. აქ ყველაფერი უფრო მარტივად ხდება - საკმარისია, ატარებდე გრძელ თმას, გეცვას ღია ფერის სამოსი, გეკეთოს სამკაული ყურზე, არ საუბრობდე აგრესიული ტონით და ა.შ. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი ასე მარტივად წყდება სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, გრძელ თმასთან ერთად წვერს თუ ატარებ, სხეულზე ერთი ან რამდენიმე სვირინგი გაქვს ან/და როკ მუსიკას უსმენ, მაშინ სატანისტის იარლიყი გაქვს ზედ მოკრული.
  როცა ვთქვი, რომ მე ჰომოსექსულები არ დამიჩაგრავს, შესაბამისად, ეს პროტესტი არ გამომიწვევია და არც ჩემკენაა მომართული; რომ სწორედ იქ მისულთა დიდი ნაწილი იქნებოდა ასეთი დემონსტრაციის გამომწვევი; რომ მე რუსთაველის გამზირზე არაფერი მესაქმებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იქ მივიდოდი ჰომოფობიის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის ფარგლებში და არა რაიმე აღლუმის მხარდასაჭერად ან ჩასაშლელად, მომიწოდეს, შენს მოძღვარს დაელაპარაკე, თუ არ გყავს, მოძებნე, და აგიხსნის, რატომ უნდა წახვიდეო, ჩვენ მოძღვრებმა მოგვცეს კურთხევა და გაგვიშვევსო. შე კაცო, მოძღვარმა თუ არ გითხრა, არ იცი რა გააპროტესტო და რა არა? თქვენ თუ სხვაზე ხშირად ყოფილხართ წირვაზე ან გისაუბრიათ მოძღვართან, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაზე მეტად ქრისტიანები და, ზოგადად, მორწმუნეები ხართ? რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ მაინცდამაინც თქვენ უყვარხართ ღმერთს და თქვენი იმედი აქვს ქვეყნის მოქცევის საკითხში (თუ ნამდვილად მოსაქცევია)? იქნებ, მე უფრო მენდობა და სულაც არ ეპიტნავება, თქვენ რომ ყველას ჭკუას არიგებთ და მორალს უკითხავთ. საერთოდ, ყველა წინადადება, რომელიც ინდივიდის აზრს გამოხატავს, გარკვეული ფორმით მორალისტობაა, მათ შორის, ჩემი ეს ნაუბარიც, მაგრამ მე ამას დღეს ვიტყვი და ხვალ თუ გემახსოვრებათ, გემახსოვრებათ, თუ არა და თავს არ შევიწუხებ ამის ყოველდღე გამეორებით. თქვენ  საიდან გიჩნდებათ იმხელა ამბიცია, რომ თქვენზე მეტი არავინ იცის, თქვენზე მეტი არავის უფიქრია, მოუსმენია ან წაუკითხავს ამ ან სხვა საკითხზე? ჩემი რწმენა რატომაა თქვენი გასარჩევი? თუ რამე თქვენი აზრისგან განსხვავებული ითქმება რელიგიასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრების ავტორს მაშინვე ათეისტის სახელს არქმევთ. ასეც რომ იყო, თქვენ ათეისტი თქვენზე საშიში ტიპი გგონიათ თუ თქვენზე უუფლებო? ისე, არ ვიცი ეს ათეისტებს უნდა ეწყინოთ თუ სატანისტებს, მაგრამ ჩვენში ათეისტი და სატანისტი ბევრისთვის სინონიმია.
  სხვაგან წავედი მგონი...
  მოკლედ, ბოლოდროინდელ მოვლენას დავუბრუნდეთ და ასე იქცა ჰომოფობიის წინააღმდედ ბრძოლის დღე საქართველოში ჰომოსექსუალთა და რადიკალთა ბრძოლის დღედ. უკეთესი ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ წარმოუდგენელია.
  სიმართლე ითქვას, რამდენად აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი მესამე მხარისთვის, რომელიც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს აერთიანებს, თავად კონფლიქტის მონაწილეები სწორედ ამ გზით ცდილობენ თავის დამკვიდრებას ცხოვრებაში და ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ გარკვეული კმაყოფილების გრძნობა უჩნდებათ. ჰოდა, ისე უხდებით ერთმანეთს, საინტერესოა, ღირს კი თქვენთვის ხელის შეშლა და ამ პროცესის სხვაგვარად წარმართვა? იყავით ასე და ურტყით ერთმანეთს სამოქალაქო სამოსიანმა ხალხმა, შიგადაშიგ ვინმე ანაფორიანიც შემოგაშველებთ ხელს (თუ რამე უფრო მძიმეს და საშიშს არა). ღმერთმა „მშვიდობაში“ მოგახმაროთ ერთმანეთი.


P.S. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვაპირებ მიმდინარე ინფორმაციისთვის თვალყურის დევნებას. ეს ერთი კი დავიყეფე, მაგრამ იმის იმედი და ამბიცია არ მაქვს, რომ ქარავანი სხვა გზით წავა. ასე რომ, იყეფეთ, ვისაც არ გეზარებათ. მომეძევება ერთი–ორი მეგობარი, ვინც ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის შესახებ შემატყობინებს და ყველანაირად ვეცდები დასწრებას. მე სხვა არაფერი შემიძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს