ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2013


(ვინ იცის უკვე მერამდენედ...)

ვინ იცის, უკვე მერამდენედ, მოვხვიე ხელი,
შენზე ფიქრებს და სულგანაბულ საგნად ვიქეცი.
ვერ დავიტიე, ამომწვარი, ჩემში ქვესკნელი
და გარდაცვლილთა საუფლოდან გამოვიქეცი...

შემოწყვეტილი მძივებივით გამებნა რითმა,
წინ დედამიწა აღმართულა სიტყვის მოლბერტად
და სანამ სახლში მიმოფანტულ ნაწერებს ვკრიფავ,
ჩემი ბავშვობა და სხეული ერთად მობერდა...

ახლა თანაბრად არის ჩემში სამი საწყისი,
სამთავეს შუბლზე, მტკიცედ, აკრავს სტროფების მეში,
ჩაღვრილ სიხარულს გულში ვეძებ ტყავის საწმისით,
ძილში მეზმანა დღეს ურუქი და გილგამეში...

წვიმის გუბეებს ჩემს სხეულზე კენჭებით ვავსებ,
რომ გადამივლით დაუსვრელი გექნებათ ფეხი...
კრუნჩხვამ დაგრიხა ეჭვიანი ელვა ზეცაზე,
გული ეული მუხასავით გაიპო მეხით.

ღერ სიგარეტის ნამწვავივით შემორჩენილი,
საფერფლეს ვავსებ მონუსხული, მღვრიე განწყობით,
სულ შემთხვევით და სხვა იმედით შემოფრენილი,
მონობის შიშით, როგორც ჩიტი ისე გამშორდი...

შემოწყვეტილი ღილებივით გაბნეულ რითმას,
ხელის ცეცებით, ფიქრებიდან უბეში ვიყრი.
სორო გამოხრა, მობინადრე, ჩემს ძვლებში ვირთხამ,
მსუყე ნაჭრებად ამაცალა საჭმელი ფიქრი...

ვინ იცის, უკვე მერამდენედ, გადავითვალე,
შენი სუნთქვიდან, ჩემს სუნთქვამდე მე, ინტერვალი.
თვალები დამრჩა გახელილი - გარდავიცვალე,
შემოვილეწე ხასიათის უტეხი რვალი.

ვინ იცის, უკვე მერამდენედ, მოგხვიე ხელი,
ფიქრით ამოზრდილ ლავიწებზე დაგადე თავი.
მზემ ვეღარ იგრძნო ფეხქვეშ მყარად ზღვის ჰორიზონტი,
მსუბუქ დინებას გამოუყვა სახლისკენ ნავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები