ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელი
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2013


ხუთი ფოტო (ჩანაწერი)

ფოტო პირველი: მე - 6 წლის - ვზივარ სკოლის მერხზე, გამოუძინებელი, პირველი სექტემბერია .ვაკვირდები სხვებს, ბავშვებს, რომლებსაც არ ვიცნობ და სახეზე მეტყობა, რომ არც მინდა ვიცნობდე. თმა საგულდაგულოდ მაქვს დავარცხნილი. დედა ნამდვილი ოსტატია. მხოლოდ მას შეუძლია ასეთი საოცარი სიზუსტით თმის შუაზე გადაყოფა და კიდევ უფრო გასაოცარი სიმეტრიულობით თმისსამაგრების გაკეთება.

ფოტო მეორე: აი იმ ფოტოზე კიდევ უფრო პატარა -  სამი წლის ვარ. ლამაზ ბიჭს ვგავარ. თმა მოკლედ მაქვს შეჭრილი. ფეხზე მოსკოვიდან ჩამოტანილი წითელი სანდლები მაცვია. ლურჯი შორტის მარცხენა ჯიბეში რატომღაც მარჯვენა ხელი მიდევს და ფოტოგრაფს ცალყბად ვუღიმი. გვერდით სამთვლიანი ველოსიპედი მიდგას. ტრადიციული საბჭოთა ბავშვისგან, უფრო ზუსტად კი საბჭოთა გოგონასგან იმით განვსხვავდები, რომ თმაზე დიდი ბაფთები არ მიკეთია და ფურფუშელებიანი ”ტრუსიკი” არ მაცვია. არადა, მქონდა ასეთი ტრუსიკები ბევრი, ნაირ-ნაირი. უბრალოდ დედა მიხსნიდა, გოგოს, თუნდაც პატარა გოგოს, ტრუსიკი არ უნდა უჩანდესო და იქვე დასძენდა ხოლმე, როგორი ლამაზი ტრუსიკიც არ უნდა გეცვას, მაინც არ უნდა გიჩანდესო. ოოო, როგორი შურიანი თვალებით ვუყურებდი ჩემი ეზოს პატარა გოგოებს, რომლებსაც მოჩითული კაბების ქვეშიდან, პუსკუნა ტაკოებზე შემოვლებული ნეილონის ფურფუშელები უჩანდათ ხოლმე.

ფოტო მესამე: აი ეს 80-იანების სულ სულ ბოლოა. ”მომპასები”, ნუგა და გასტრონომებში ”პლიტკა-შოკოლადების” პირამიდების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ბარდება. მეგობარ გოგოებთან ერთად ვდგავარ და მიკი მაუსიანი მაისური მაცვია. იცით ეს რას ნიშნავს? იცით რას ნიშნავს, როცა შენ მიკი მაუსიანი მაისური გაცვია? ეს ნიშნავს, რომ შენ სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ დგახარ, ან ერთი წვეთით მეტი სისხლი გაქვს. იმიტომ, რომ შენმა მაისურმა საზღვრები დაარღვია, შენმა მაისურმა ოკეანე გადმოცურა, შენმა ამერიკულმა მაისურმა საბჭოთა ეპოქაში შემოაღწია და არც მეტი არც ნაკლები, მკერდზე შემოგეგლისა. კარგით, ვხუმრობ, სად იყო მაშინ მკერდი?...   

ფოტო მეოთხე: მკერდი იყო მოგვიანებით. 90-იანების შუისკენ. აი ამ ფოტოზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვდგავარ კუთხეში, ბიჭებისგან მოშორებით, რომ მგონია, თუკი რომელიმე მათგანი ოდნავ მაინც შემეხება, მაშინვე დავფეხმძიმდები. მოკლედ, ამბავი არასწორად გავიგე. როცა პირველი მენსტრუაციის შემდეგ მითხრეს, ახლა უკვე შეგიძლია დაფეხმძიმდე კიდეცო, ჩავთვალე, რომ ეს დაფეხმძიმება ერთი შეხებითაც იყო შესაძლებელი. მიზეზი მარტივია -  მასწავლებელმა ანატომიის წიგნიდან სწორედ ის ფურცლები ამოგვახევინა, სადაც სქესობრივი განვითარების შესახებ ეწერა და სადაც ქალისა და კაცის გენიტალიებიც საკმაოდ მოკრძალებული ნახატებით იყო წარმოდგენილი. დიდი გოგოების მოყოლილი ამბები კი, როგორც წესი, თითქმის არასდროს მართლდებოდა.

ფოტო მეხუთე: ჰო, ამ ფოტოზე უკვე დიდი ვარ. მეტიც, ძალიან დიდი, ისეთი დიდი, რომ შვილი მყავს. დედა, მე და ჩემი შვილი. სამივენი ქვიშაში ვთამაშობთ. ”პასკა, პასკა გამოდი, თუ არ გამოხვალ, თავში ჩაგარტყამ”, - ძალიან მარტივია, არა? დედა - წარსული, მე - აწყმო, ჩემი შვილი - მომავალი, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ორიგინალური. იმ დღეს ვფიქრობდი, როგორ ვგავარ დედას - წარსულს, განსაკუთრებით თვალებით. ეგოისტები არიან მშობლები, შვილებს საკუთარი გარეგნობის არჩევანის უფლებას არ უტოვებენ. და იმ დღეს ვფიქრობდი - როგორ მგავს ჩემი შვილი - მომავალი - განსაკუთრებით თვალებით. ეგოისტები ვართ მშობლები, შვილებს საკუთარი გარეგნობის არჩევანის უფლებას არ ვუტოვებთ...

ახლა ვზივარ, ვუყურებ მე ჩემ მომავალს, ჩემ შვილს თვალებში და ვფიქრობ, ნეტა არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, როგორი ფორმის თვალებს აირჩევდა?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები