ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2013


ქართული პოლიტიკა

-გამარჯობათ, - მიესალმა მაღაზიაში შესული ქალი გამყიდველს - ვახტანგი აქ არის?
-არა! გასულია! - უკმეხად უპასუხა ქერად თმებშეღებილმა ვულგარული გარეგნობის გამყიდველმა ქალმა და შესული აათვალიერა.
-დღეს აღარ მოვა?! - ჰკითხა ისევ ქალმა გამყიდველს ღიმილით.
- აქვეა გასული, მანქანა აქ დგას - უპასუხა გამყიდველმა და მაღაზიის გარეთ გაჩერებულ მანქანაზე ანიშნა.
ქალი მაღაზიიდან გავიდა.
გამყიდველმა საქმე გააგრძელა.
ცხელოდა.
ქუჩაში კანტიკუნტად დადიოდა სიცხისაგან გათანგული ხალხი.
მიათვალ-მოათვალიერა ქუჩა.
ვახტანგი არსად ჩანდა.
ქალი ავტობუსის გაჩერებასთან დადგმულ გაზეთების კიოსკთან მივიდა.
გაზეთები გადაათვალიერა.
დადგა.
ვახტანგი ისევ არ ჩანდა.
„თუ ახლოს არის სადმე, მალე გამოჩნდება“,  გაიფიქრა და ტროტუარზე მოსიარულეებს დაუწყო თვალიერება.
„სიცხისაგან და პრობლემებისაგან გათანგული ხალხი... ნეტავ, თუ დაადგება საშველი ამ გაუთავებელ „პრობლემომანიას“.
ვახტანგი დაინახა. მანქანისკენ მიდიოდა.
ხელში პლასტმასის ბოთლი ეჭირა.
ვახტანგმაც დაინახა ქალი.
ჯერ მანქანასთან მივიდა. მანქანის ბენზინის ბაკს თავი ახადა. ბოთლიდან ბენზინი ჩაასხა. ისევ დაახურა და ქალთან მივიდა. ეტყობოდა, დაღლილი იყო.
-გამარჯობა! - უთხრა და ხელი ჩამოართვა. არც სიხარული გამოუმჟღავნებია, არც უკმაყოფილება.
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი - უთხრა ქალმა - შეგპირდი და მაშინ ვერ მოვედი, ვერავინ ვნახე, ხან შენ არა ხარ, ხან ისინი. ვერა და ვერ შეგახვედრეთ, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მეც მაინტერესებს, რას ითვალისწინებს თქვენი პარტიის წესდება.
-ეს პარტია არ არის, ეს ბლოკია... წამოდი, იქ ვილაპარაკოთ!
მაღაზიაში შევიდნენ.
გამყიდველმა ქალმა ისევ უკმაყოფილოდ შეათვალიერა ვახტანგთან ერთად შესული ქალი. ქალმა ეს იგრძნო და არც სწყენია, არც გახარებია. გამყიდველი იმ კატეგორიას არ ეკუთვნოდა, ვის განწყობასაც ქალისათვის მნიშვნელობა ჰქონდა.
ვახტანგიმ ქალი კაბინეტში შეიყვანა.
მოუწესრიგებელი კაბინეტი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ქალისთვის სულ ერთი იყო.
-ნინო, აქეთ დაჯექი - ვახტანგმა მაგიდიდან სკამი გამოუწია ქალს.
ნინო დაჯდა..
-შველა, წადი ახლა , დაგვაცადე საუბარი - უთხრა ვახტანგმა ჭრელ კატას, რომელიც მაგიდის ქვეშ დარბოდა.
-შველა ჰქვია?! - გაეცინა ნინოს - შველთან დაკავშირებით?!
-არა, შველასთან დაკავშირებით - გაიცინა ვახტანგმა და ისიც დაჯდა - რაც ეს კატა მოვიყვანეთ, გვეშველა. თაგვების სინსილა გააწყო.
-იმას გეუბნებოდი, თითქოს სიტყვის პატრონი ვარ, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე იმ ბავშვების მოყვანა, ერთად ვერ ვნახე, ცალკ-ცალკე კი ყველას ველაპარაკე. ძალიან არიან დაკავებულები, დრო არა აქვთ.
-უნდა მოგეყვანა. თუნდაც ერთი რომელიმე.
-ბევრი პრობლემები მაქვს და თავი ვერ მოვაბი.
-რა პრობლემებია, მოვლა არ შეიძლება?!
-ლბათ შეიძლება, თვითონ მოვუვლი.
-მაინც რა პრობლემებია ასეთი.
-მაგაზე მერე. შენ ის მითხარი, თქვენი ბლოკის წესდება რას ითვალისწინებს.
შველა ნინოს ფეხებზე გაეხახუნა.
ნინომ უნებურად დაიხედა დაბლა.
-შველა, წადი გარეთ - უბრძანა ვახტანგმა.
შველა არსად აპირებდა წასვლას, მოსწონდა ქალის ფეხებზე გლასუნი.
-პირველ რიგში ითვალისწინებს ამ მთავრობის გადადგომას, მხოლოდ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით.
-მერე შენ ფიქრობ, რომ არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას?!
ქალი ცდილობდა, კატისთვის ფეხები მოერიდებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. საითაც კი გაიწია, შველა ფეხებიდან არ სცილდებოდა.
-ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა - გაეციან კაცს, როცა დაინახა, რომ ქალი ისევ შეიშმუშნა - კატავ, გადი გარეთ.
კატას ფიქრადაც არ მოსვლია გარეთ გასვლა, კიდევ ერთხელ გაეგლასუნა და კმაყოფილმ გააზმორა.
-მერე, შენ დარწმუნებული ხარ, რომ არჩევნებში ხმის დამთვლელი კომისია არ ითაღლითებს?! და შენც ხომ იცი,  ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი.
კატა ქალს მოსცილდა.
-აბსოლუტურად დასაშვებია, მაგრამ ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. კომისიის მუშაობას ყურადღება უნდა მიექცეს, უნდა გაკონტროლდეს.
ქალს გაუკვირდა, კატა რომ მოსცილდა.
დაბლა დაიხედა.
შველა მაგიდის ქვეშ დადგმულ ყუთთან იდგა.
-მოგცემენ კი კონტროლის უფლებას?!
-უნდა ვაიძულოთ. სხვანაირად წინა არჩევნებს დაემსგავსება. როცა ხალხმა სხვა აირჩია და არჩევნები ხელახლა დანიშნეს.
-როგორ ფიქრობ, ამ არჩევნებს სამოქალაქო ომი არ მოჰყვება?! ასე ადვილად დათმობს პოზიციას ახლანდელი მთავრობა?! ვერ ხედავ, რომ ახლანდელი პარლამენტი სახელმწიფოა სახელმწიფოში?!
შველა მაგიდის ქვეშ ყუთთან ფხაკუნობდა.
-ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ უნდა წამოვეგოთ ავანტურას.
ქალი ელოდებოდა, ისევ როდის გაეხახუნებოდა  შველა.
მაგიდის ქვეშ თვალი გააპარა და შველას შეხედა.
შველას თაგვი ეჭირა  პირით და გარინდებულიყო.
ნინოს გააჟრჟოლა.
-შეიძლება მოვწიო?! - ჰკითხა კაცს და ჩანთა გახსნა - მხოლოდ სანთებელა არა მაქვს.
-ჯული! - გასძახა ვახტანგმა კაბინეტიდან მაღაზიის დარბაზში - ჯული!
გამყიდველი შემოვიდა. ნინოსკენ არც გაუხედავს,  ბრძანების მომლოდინე ჯარისკაცივით გაჭიმული მხოლოდ ვახტანგს უყურებდა.
-სანთებელა მომიტანე ერთი!
ჯული გაბრუნდა.
შველამ თაგვს პირი გაუშვა.
თაგვი გაიქცა.
შველამ ისკუპა და თათი დაადო.
თაგვი გაყუჩდა.
ჯულიმ სანთებელა შემოიტანა.
ნინომ სიგარეტს მოუკიდა.
-შენ არ ეწევი? - ჰკითხა კაცს.
-არა და, შენ წარმოიდგინე, ციხეში დავანებე მოწევას თავი.
-როგორ ფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა დამოკიდებული არ არის მსოფლიო პოლიტიკაზე?! ასე ადვილად მოვერევით არჩევნებით?!
-თვითონ  ჩვენი პრეზიდენტი მასონია, როგორც ყველამ ვიცით, მაგრამ მოვერევით, თუ ყველა ერთად ვიქნებით.
ქალი სიგარეტს ეწეოდა.
შველამ თაგვს ისევ ააცალა თათი.
თაგვი ისევა გაიქცა.
შველამ ისევ ისკუპა და ისევ დაიჭირა.
დაწვა.
მშვიდად უყურებდა თათებში მოქცეულ თაგვს.
-რაშია, იცი, საქმე?! ჩვენი ქვეყნის ბედი ყველას გვაწუხებს, მაგრამ არა მგონია არჩევნების იმედი გვქონდეს. ეს ბავშვები, ვისი მოყვანაც მინდა შენთან, ყველა შემოქმედია. ხელოვნებით და თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობენ. ისე კი არა, გადატანითი მნიშვნელობით, ნამდვილად უყვართ. მთელი საქართველო ფეხით აქვთ შემოვლილი, კუთხე–კუნჭული იციან. ესენი არ არიან ისინი, ვინც მარტო ეკონომიური მდგომარეობის გამო ფიქრობენ ქვეყნის ბედზე, თუმცა, ესეც აუცილებელია, თავისი საქმის კეთება უნდათ თავის ქვეყანაში, არა საზღვარგარეთ,  მთელი ახლანდელი პოლიტიკა კი იქით არის მიმართული, ვინც კი ცოტათი მაინც აზროვნებს, როგორმე აქედან გაიქცეს.
შველა თაგვს თვალებს უნაბავდა.
-ხოდა, მთლად უკეთესი! ახლა ღალატია არჩევნებზე მოუსვლელობა. თუ არავის აძლევ ხმას, მოდი და შენი ბიულეტენი გადახაზე. არ შეიძლება იმის თქმა „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო“. ახლა ზუსტად ის დროა, როცა პოლიტიკა ყველას საქმეა. სხვანაირად მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს.
კატამ თაგვს თათი გაჰკრა.
თაგვი ნინოს სკამისკენ გამოგორდა.
ვიღაცამ ვახტანგს დაუძახა.
-ახლავე მოვალ - უთხრა ნინოს და გავიდა.
ნინო ფეხზე ადგა და სკამს მოსცილდა.
თაგვი უმწეოდ იწვა.
შველა მიუახლოვდა, ისევ გაჰკრა თათი.
თაგვი ძლივს ითქვამდა სულს.
„როგორ ვუთხრა ახლა, კატა გააგდე, ამ საზიზრობას ნუ მაყურებინებ–მეთქი... კაცი საქართველოს ბედზე ლაპარაკობს...“
ვახტანგი  მაღაზიის დარბაზში ვიღაცას რაღაცაზე მადლობას უხდიდა.
ნინო ისევ ფეხზე იდგა და თვალს არიდებდა კატას... ჯოხიც არსად  იყო...
როგორც იქნა, ვახტანგი შემოვიდა.
„ნეტავ, მოიფიქროს და გააგდოს“.
კატა ხან ერთ თათს გაჰკავდა თაგვს და ხან მეორეს.
თაგვი არ ინძრეოდა.
-დაჯექი, რა ფეხზე დამდგარხარ.
ნინო დაჯდა.
-შენ დღეს დაღლილს ჰგავხარ, არა? - იკითხა ნინომ.
ეტყობა, თაგვმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და მაგიდის ქვეშ დამდგარ ყუთის სახურავზე აძვრა.
-ხო, დაღლილი ვარ, დღეს იმდენთან ვილაპარაკე ამ თემაზე... დავიღალე... ლუდს დალევ?!
-თუ ცივია, კი - გაიცინა ქალმა.
ვახტანგი გავიდა.
ქალმა ისევ მოუკიდა სიგარეტს.
კატა მშვიდად უყურებდა ყუთზე ამძვრალ თაგვს.
თაგვი დამალვას ცდილობდა.
ვახტანგი ორი ბოთლი ლუდით მობრუნდა.
გახსნა.
უკანა თათებზე დამდგარ შველას წინა თათები ყუთზე დაეწყო და თვალს არ აცილებდა თაგვის მოძრაობას.
-ერთ ჭიქა ლუდს დავლევდი, ერთ ბოთლს კი არა - გაიცინა ქალმა.
-კარგია, ძლიან ცივია.
ვახტანგმა ლუდი ჭიქებში დაასხა.
სკუპ!
შველა ყუთის სახურავზე ახტა.
-როგორ ფიქრობ, ჩვენ, ქართველები ვართ ის ხალხი,  მთავრობაში მოსვლისას საქართველოს და ხალხის ბედზე ვიზრუნოთ და არა საკუთარ კეთილდღეობაზე ? ე.ი. იმის თქმა მინდა, არჩევნებით არ შეიცვლება, ერთი „შემგროვებლობით“ დაინტერესებული მთავრობა  მეორე, ასევე „შემგროვებლობით“ დაინტერესებული მთავრობით?
კატამ ისეთი ოსტატობით ამოათრია ყუთში ძლივს შემძვრალი თაგვი, ნინოს გაუკვირდა.
-აი, მაგაშია საქმე. მთავრობა ეროვნული უნდა იყოს, რომელიც პირად ინტერესებს გადადებს და ხალხისთვის იზრუნებს.
-კარგი ერთი, ყვარყვარე თუთაბერიც ერონული მთავრობა იყო და ლუარსაბ თათქარიძეც დარდობდა საქართველოს ბედზე. იქ მისვლამდე ყველა საქართველოს ბედზე დარდობს, იქიდან კი (ეტყობა ძალიან მაღალია) საქართველოს პრობლემები აღარა ჩანს.
-შენ მთლად გაგიტეხია გული. არავისი აღარ გჯერა?!
-ისეთი პათეტიკით ლაპარაკობთ ყველა, ქართველი რომ არ ვიყო, მართლა დავიჯერებდი, მაგრამ ქართველი ვარ და ვიცი, რაც შეგვიძლია, თან ამდენწლიანმა გაჭირვებამ ქართველის საუკეთესო თვისებები ისე გაცრა, საცრის ზევით ქატო-ღა დარჩა. ახლობლებშიც კი ვინც მეგონა მაღალი მატერიებით ცხოვრობდა, აღმოჩნდა რომ ეს „მაღალი მატერიები“ მაკიაჟი იყო საუკეთესო ეკონომიური პირობების დროს. ამიტომ არა მგონია, რამე შეიცვალოს. ჩვენ ყველა, ჩვენი თაობა, მაინც კომუნისტური, გარუსებული საზოგადოების პროდუქტები ვართ. ახლა რომ ბავშვები მოდიან, აი, მათი თაობა ნამდვილად შეცვლის, მაგრამ ახლა... _თუკი ჩვენი ბლოკი არჩევნებში გაიმარჯვებს ხალხის დახმარებით...
– მერე, სად არის ხალხი?! ან მარტო თქვენი ბლოკის გამარჯვება უშველის ამ გაჭირვებულ ხალხს?
–ყველას დაგანახებთ, ცდებით, რომ არაფრის გჯერათ... აი, მერე, როცა აფხაზეთს დავიბრუნებთ... 
-აფხაზეთსაც დავიბრუნებთ?
-და არა მარტო აფხაზეთს, ტრაპზონამდე მთელ ტერიტორიას...
„ოოო, ახლა უკვე“ (!!!)
შველამ თაგვი ძირს ჩამოაგდო.
-ამ ტერიტორიის გაყიდვაზე არ არსებობს არავითარი დოკუმენტაცია...
-შენ ფიქრობ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები ოცნებობენ საქართველოსთან შემოერთებაზე? ან თურქეთი ასე ადვილად დათმობს ამხელა ტერიტორიას?! - მწარედ გაიცინა ქალმა.
-ამ ტერიტორიის გაყიდვაზე არ არსებობს არავითარი  დოკუმენტაცია, რომ თურქეთისაა და საქართველოსი რომ იყო, ამაზე ისტორია ლაპარაკობს. იქაური ქართველობა კი უნდა დავაინტერესოთ.
-როგორ დააინტერესებ, როცა ისინი თავისი ცხოვრების წესს არიან შეჩვეულები.
-ქორწინებით.
შველა თაგვს უკვე გუდავდა. ნინოს ესმოდა, რა სუსტად და ნაწყვეტ–ნაწყვეტ სუნთქავდა.
-ღმერთმა ქნას,  ყველაფერი ისე ადვილი იყოს, როგორც შენ ამბობ და როგორც ჩვენ გვინდა.
-ყველაფერი უნდა შევძლოთ.
-კახური გამოთქმაა: „ნეტა, თხა იყო, ტყუპი მაიგო“, ესე იგი, ნეტავი, ეგ საქმე შეგაძლებინათო.
-ყველაფერი იქნება, აი ნახავ.
–მაგრამ რითი აპირებთ ამ ხალხის რჩენას, მარტო არჩევნებში გამარჯვებით არ დაპურდება ამდენი გაჭირვებული.
–ინვესტიციები შემოვა, მთავარია, გამარჯვებამდე მივიდეთ. ფული იქნება.
–ააა!
კატამ სადილი მოამთავრა და ისევ ქალს გაეხახუნა ფეხებზე.
ქალი ფეხზე წამოხტა.
ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეკივლა.
„უხერხულია...“
-პესიმისტი კი  არა ვარ, მაგრამ ჩვენს თაობაში ვერ ვხედავ გადარჩენის იმედს. არა და ვეღარავინ  უძლებს, გარბიან.
-ხო, ძნელია, არა და იძულებულს ხდიან. არავის უნდა წასვლა... არავის! რაგრამ რა ქნას ხალხმა–აქ ვახტანგიმ ამოიოხრა.
შველა ნინოს სკამზე ახტა.
ნინო ისევ ფეხზე წამოდგა.
ვახტანგმა ლუდი ისევ დაისხა და დაამთქნარა.
-ძალიან ცხელა დღეს, დავიხუთე.
-ხო, ცხელა.
კატა კაბინეტიდან გაიზლაზნა.
კორიდორში უკანა თათებზე დაჯდა.
-არჩევნებში თუნდაც ერთი ზედმეტი ხმა ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.
-რაც ჩემზეა დამოკიდებული, რა საკვირველია, გავაკეთებ.
-რა ვიცი, აქამდე კი ვერ მოიყვანე და...
-მოვლენ.
შველა გულმოდგინედ იბანდა პირს.
-კარგი, წავედი ახლა - თქვა ნინომ.
ვახტანგმა გამოაცილა.
შველა მინიატურული, ფერადი ქანდაკებასავით იჯდა უკანა თათებზე. ერთ წერტილს უყურებდა.
ვახტანგმა კაბინეტის კარი გამოიხურა.
-ნამდვილად მეორე თაგვს უთვალთვალებს!
-მოკლედ, თავის საქმეს პირნათლად ასრულებს - თქვა ნინომ.
მაღაზიის დარბაზში გავიდნენ.
ჯულიმ სიძულვილით შეხედა ვახტანგთან ერთად გამოსულ ქალს.
-კარგად იყავი! - ხელი გაუწოდა ვახტანგმა.
-კარგად! აუცილებლად მოვალთ, მხოლოდ არ ვიცი, როდის!
ვახტანგმა ხელზე აკოცა.
ქუჩაში ცხელოდა.
გაზეთების გამყიდველი ქალი დაბალ სკამზე მოთენთილი იჯდა.
ქუჩაში კანტი-კუნტად დადიოდნენ სიცხისაგან გათანგული ხალხი.
ნინომ ქუჩა მოათვალიერა.
ნაყინის ყიდვა უნდოდა.
შველა გაახსენდა.
ნაყინის ყიდვა გადაიფიქრა და საღეჭი რეზინი იყიდა.
„დიდი პოლიტიკოსია... ძალიან დიდი... აი ამას ჰქვია დიდი პოლიტიკოსი, დიდი სტრატეგია და დიდი პოლიტიკა... დაიჭერს, გაუშვებს, ისევ დაიჭერს, თათს გაჰკრავს,გამოჰკრავს, ცოტას გაერთობა. ბოლოს მიირთმევს და სკამზედაც ამოგიხტება „საუზმის მერე მომეფერეთო... აი რას ნიშნავს იყო დიდი „პოლიტიკოსი(!!!)“
...
შველამ დაჭერილი თაგვი კაბინეტში შეიტანა. პირიდან დააგდო და ზედ თათები დააწყო...
შეშინებული თაგვი სულს ღაფავდა...

1998 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები