„არაფერია იმაზე წმინდა, როცა ტალახიანი ფეხსაცმელებივით ზღურბლთან ტოვებ მთელ ყოველდღიურობას და მკლავებზე შენი სახლი გექაჩება." მე. მინაწერი მოცისფრო ბარათზე.
დე, ბერლინში 16 გრადუსია ახლა. წვიმს და თითქმის ბნელა. აქ ვერსად ვიპოვე ტაძარი. ჩემთვის ვლოცულობ დაწოლის წინ,- იმაში დარწმუნებული, რომ ღმერთი აქაც მისმენს და ცა ერთნაირად ახურავს დედამიწას. ვაშლისჯემიანი ქადები მომენატრა და ჩვენი სახლის სუნი. აქ მივხვდი, რომ გერმანელი დედები არასდროს უჯავრდებიან შვილებს,- მათ ყოველთვის ღიმილიანი სახეები აქვთ, ერთად ჭამენ შოკოლადის ნაყინს და თეთრშარვლიანი ბავშვები მუხლებით მიიწევენ დამტვერილი საქანელებისკენ. მე ამ დროს მახსენდება ხუთი წლის რომ ვიყავი, ჩემი საყვარელი, ნარინჯისფერი სვიტერი რომ მეცვა დიდი ყვავილებით და საბავშვო ბაღში წვნიანი გადავივლე შენს შეკერილ კაბაზე... აქ ახლა ხმაურით ასკდება ფანჯრებს ქუჩა და მე ვფიქრობ სოფელზე, რომელშიც ჭიშკრიდან ტვირთივით ეზიდებიან ძაღლები ბაბუაჩემის სიკვდილს, ატალახებულია ეზო და ბაბუას აღდგომის იმედად ვესახები ერთიანად დაბერებულ ბებიაჩემს. ვფიქრობ მამაზე, რომელიც ღმერთი არაა, მაგრამ პურის სურნელი ბედივით დაყვება უკან. ვფიქრობ შენზე და იმაზეც, რომ ვერასდროს გამოიცნობ, რატომაა ჩემს ჩემოდანში შენი გარეცხილი პერანგი ისე ჩაკეცილი, შენ რომ მასწავლე,- იმ პერანგს შენი ხორბლისფერი მტევნების სუნი ასდის. დაუშვი, რომ ღმერთს არ სჭირდება მეორედ მოსვლა იმისთვის, რომ მიწაზე დადგას ფეხი, მით უფრო, როცა ჩვენებურ ზამთარზე გაყოლებ,- კანგაცლილ ფორთოხლებსა და ციტრუსადქცეულ ღუმელზე. დე, აქედან ცხოვრება სასვენი ნიშანივითაა, ათასჯერ მაინც უნდა გადაამოწმო და წერტილი ისე დაუსვა... გახსოვს, ერთხელ გითხარი და ახლაც იმ აზრზე ვარ: ყველა სახლს აქვს თავისი სუნი, რომელიც თმებზე აგყვება და გზადაგზა ტოვებ,- შინ დაბრუნებამდე, საღამომდე, მომდევნო შესვლამდე. ამიტომაა, რომ მე ვდგავარ ქარში და ეს სუნი ძალასავით მეცლება ახლა...
საოცრად ემოციური წერილია, ძალიან კარგი შინაარსით, ციდან მიწამდე ყველა განცდაჩატეული, სითბოთი, სინანულით, ძლიერება-სისუსტით გაჯერებული! ამ შინაარსმა სწორედ ვერბლანი მოიხდინა! რა კარგი დედა გყოლიათ, ეს თქვენმა წერილმა მითხრა... 5

გულწრფელი წერილი, დედებს რომ ეკადრებათ, ისეთი. დედის ხორბლისფერი მკლავები, დაკეცილი პერანგი, გერმანია და ძაღლების ყმუილით მოსული სიკვდილი. ძალიან ახლობელია აქ ყველაფერი. სულ წარმატებები...

სუბიექტური მიზეზების გამო ჩემთან ეს ლექსი განსაკუთრებით ახლოს მოვიდა..
"ვფიქრობ შენზე და იმაზეც, რომ ვერასდროს გამოიცნობ, რატომაა ჩემს ჩემოდანში შენი გარეცხილი პერანგი ისე ჩაკეცილი, შენ რომ მასწავლე,- იმ პერანგს შენი ხორბლისფერი მტევნების სუნი ასდის."
გულიდან წამოსული ყველა სიტყვა გულის გავლით იკითხება, ეს იგრძნო მკითხველმა და მგონი ავტორმაც კომენტარების წაკითხვისას.. გაიხარე, წარმატებებიი და ჩემი უმაღლესი შეფასება ლექსს!

ულამაზესი წერილია. ბოლომდე ამავსო და დედის ნაზი ხელებით გადაკიდულ პერანგს გავხედე ინსტიქტურად :)) მაგრამ... ეს სტილი, ვერბლანი, იგივე თეთრი ლექსი, ურთულესი გასაგებია ქართველი მკითხველისათვის, ანუ გაარჩიოს სად მთავრდება პოეზია და იწყება პროზა. ვერბლანი ფრანგული "ნაწარმია" და ალბათ ფრანგულ სიტყვიერებას უხდება კიდეც. ოდნავ მეტ ევფონიურობას ვისურვებდი... ალიტერაციების ან მიმსგავსებული სიტყვების სახით.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ულამაზესი ნაწერია, მაგრამ ქართულ პოეზიას მეტი კეთილხმოვანება უხდება, ჩემი მოკრძალებული აზრით :)) თუმცა, თანამედროვე პოეზიის არაერთი ნიმუშია, ასეთ სტილში შესრულებული.
ნუ განმკიცხავთ განსხვავებული აზრისათვის :)) სიკეთე ყველას!