ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
15 აგვისტო, 2013


წერილი საგიჟეთიდან

არ ვიცი, რომელი საათია, მაგრამ ის დროა, მზე რომ ფეხის წვერებზე დგება და ვარსკვლავების კრეფას იწყებს.

მე ახლა იმ ტივტივასავით ვარ ზღვაზე ქარი, რომ არწევს.

ნეტავ შენ როგორ ხარ?
ისე არაფერი მიჭირს. ბევრი ფერადი ბურთულები გვაქვს აქ. ექიმები აბებს ეძახიან, მაგრამ ვიცი, რომ ზღვის კენჭებია და მალე ჩემს სხეულში ფერადი სანაპირო იქნება, რომელზეც მინდა შენ დაისვენო.

ბოლოს რომ მნახე, ხელები საცოდავად მქონდა გაყრილი თეთრ ნაჭერში. თუმცა თეთრი პირობითად ჰქვია, თორემ მასზე ბინძურ ლაქებს ისე დაითვლი, როგორც მდელოზე გვირილის ფურცლებს. აქ გვირილები არ არიან და ყოველთვის, როცა ლაქებს ვითვლი გიყვარვარ.

ალბათ გახსოვს, რომ სიმარტოვე მაშინებს, მაგრამ არ იდარდო. ჩემთან ჩვენი შვილია, სულ შენ გგავს. უკვე 6წლისაა. თმაზე ვეფერებოდი წეღან, შენზე მკითხა და ვუთხარი, რომ მამიკო მალე წაგვიყვანს. მშვიდად ჩაეძინა. ხომ არ მოვატყუე?!

მახსენდება ხოლმე, სანაპიროზე თოლიების გუნდი, რომ გადაიფრენდა მეუბნებოდი, რომ მეც თოლია ვარ და მართლაც გაგიფრინდი, მაგრამ გევედრები გამახსენე სად არის ჩვენი ქოხი. სახლის სუნი მენატრება.

დამცინოდი, როდესაც მორიგი გიჟური ნათქვამის მერე თვალებს ვხუჭავდი. მე კი გთხოვდი, "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" წაგეკითხა.
აქაც ხშირად ვიქცევი ასე და ვრწმუნდები, რომ ინდიელი მართალი იყო. "თუ თვალები დახუჭული გაქვს, სულში ვეღარ ჩავიძვრებიან." თუმცა, როდესაც საავადმყოფოს კედლებში ჩვენს შვილს ვეძებდი, თვალების დახუჭვა დამავიწყდა...

ამ წერილს პეპლებს ვატან. ყოველდღე ასე ვიქცევი, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ ჩვენს სახლამდე 4დღის სავალია. მე მაინც მჯერა პეპლების.

  იყავი ჩემი მარმარილოს გვერდით მდგარი მარმარილო, რომელსაც ჩვენი შვილი თეთრი ხელებით მტვერს მოაშორებს. იყავი თუნდაც ხავსი...

მზემ ბოლო ვარსკვლავიც მოწყვიტა. კალათა სავსეა, წასვლის დროა. ნუ იქნება ჩვენი სიყვარული პეპელა...
ვარსკვლავებამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები