ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2013


მოხუცი მონადირე

თავი 1
სექტემბრის ნამიანი დილა იდგა. ზოგს რთველი ჰქონდა, ზოგი უკვე დაწურულ ყურძენს ქვევრებში ურევდა, სხვანი კი უახლოესი პერიოდისთვის გეგმავდნენ მოსავლის დაბინავებას და მეზობელ-ნათესავებს პატიჟებდნენ. სოფელი ხალხით იყო სავსე. ახალგაზრდებს ყურძნის კრეფა ახალისებდათ, იცოდნენ რომ ამით თავის ოჯახს ეხმარებოდნენ და თან პირსაც ჩაიტკბარუნებდნენ ხოლმე; ასაკში შესულებს რთველზე მეტად მისი დასრულების შემდეგ გაშლილი სუფრა ახარებდათ, ყოველ ღამე შეზარხოშებული ხალხის ხარხარი, სიმღერები და ზოგჯერ ჩხუბის ხმაც კი ისმოდა; მოხუცები კი თავიანთი შვილიშვილების ყურებითა და მათი ბედნიერებით ტკბებოდნენ, იგონებდნენ თავიანთ ახალგაზრდობას, თუ როგორ ხალისობდნენ ისინიც რთველის დროს ტოლ ამხანაგებთან ერთად.
სოფელში მხოლოდ ერთი მოხუცი - წყალობა პაპა გახლდათ მოწყენილი. იგი 70 წლის თეთრწვერა კაცი იყო, ცოლი დაღუპული ჰყავდა, შვილები და შვილიშვილები საზღვარგარეთ იყვნენ გაკრეფილნი, იყო ასე მარტო თავის ერთგულ ძაღლთან ერთად, უვლიდა პატარა ბაღ-ვენახს, თავისი ოფლით მოპოვებული ლიკმა-პურით ცხოვრობდა და ღმერთს მადლობას უხდიდა რომ შვილები და შვილიშვილები ბედნიერნი იყვნენ. პაპა ძველი მონადირე გახლდათ და ამ ხელობაზე ხელი ჯერაც არ ჰქონდა აღებული.
-სოფელში ყველა ხალისობს ბალღიან კაციანად, მეც წავალ გავერთობი. - გაიფიქრა თავისთვის მოხუცმა, გაზეთილ თოფს გაჰხედა და მოხალისეების საძებნად გაემართა.
ჩამოუარა თავის ძველ მეგობრებს, მასსავით გამოცდილ და სოფელში სახელგანთქმულ მონადირეებს. ყველამ უარით გამოისტუმრა, ზოგს რთველი ჰქონდა, ზოგმა „ბავშვები ქალაქში უნდა გავაცილოო“, ზოგმაც „რაღა დროს ჩემი ნადირობაა, გირჩევ შენც თავი დაანებო, გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოო“, ზოგმაც ესეო და ისეო. თუმცა მოხუცს გული არ დასწყვეტია, ის და ყურშა (მისი ძაღლი) ბევრჯერ ყოფილან მარტო სანადიროდ და ამჯერადაც ხელს არაფერი უშლიდათ.
წყალობა პაპამ საღამოს ყველაფერი გაამზადა: „პატრონტაჟში“ მასრები ჩადო, თოფი კარებთან მიაყუდა, ზურგჩანთაში დანა, თოკი, წყალი და საჭმელი ჩაალაგა, ძველებური მაღვიძარა ღამის 4 საათზე დააყენა და დაიძინა. მოხუცს ზარის დარეკვამდე გაეღვიძა, მზის ამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. ტანზე ჩაიცვა, “პატრონტაჟი“ წელზე შემოირტყა, ზუგრჩანთა მოიკიდა, ქუდი დაიხურა, თოფი მხარზე გადაიკიდა და ყურშასთან ერთად გზას გაუდგა. სოფლის დასახლებას რომ გასცდნენ სასაფლაო გამოჩნდა.
-ადრე ხალხი აქ ცხოვრობდა, სოფელი აქ იყო, მტრის შემოსევის დროსაც აგე იმ ციხეში აფარებდა თურმე ხალხი თავს. - უთხრა მოხუცმა თავის ენაგადმოგდებულ ძაღლს და თითი მთის ქედზე არსებული ციხის ნანგრევებისკენ გაიშვირა. - შემდეგ ომიანობა აღარ იყო, ქვეით გზა გაიყვანეს და ხალხიც ბარში ჩავიდა საცხოვრებლად. - აგრძელებდა მოხუცი, ყურშა კი მხოლოდ ყურებს აპარტყუნებდა და ქასქასებდა. - არ გაინტერესებს არა?! თუმცა შენ რა, ძაღლი ხარ, რა მაგეთხოვება?! ხალხსაც კი არ აინტერესებს უკვე ისტორია, თავისი ფესვები. - მოხუცმა ამოიხვნეშა.
გზად რამდენიმე ეკლესია და ნანგრევი გამოიარეს, წყალობა როცა ეკლესიას ჩაუვლიდა, შეჩერდებოდა, თოფს მიწაზე დადებდა, სამჯერ პირჯვარს გადაიწერდა და შემდეგ კვლავ დინჯი ნაბიჯით განაგრძობდა გზას.
- ეს წმინდა გიორგია, ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი... - ეუბნებოდა თავის ძაღლს და თავზე ხელს უსვავდა.
მზე რომ ამოვიდა მოხუცი უკვე ღრმა ტყეში იყო შესული. ერთ მთას აუყვა, ადგილობრივები „უკანა სერს“ ეძახდნენ, მთის მეორე მხარეს პატარა ხევი იყო სადაც ანკარა წყარო მოჩხრიალებდა, ცხოველებიცა და ფრინველებიც წყალს იქ სვავდნენ. მოხუცმა, როგორც იმ მიდამოების ყველა გამოცდილმა მონადირემ, ეს  კარგად იცოდა და გეზიც სწორედ იმ ხევისკენ აიღო.

თავი 2
მოხუცი დინჯად თუმცა ახალგაზრდული სიმნევით და ენეგრიით მიუყვებოდა ბილიკებს. ტყე ისეთი დაბურული იყო რომ ხეების ქვეშ არათუ ბუჩქი, ბალაცის კი ალაგ-ალაგ ამოდიოდა. უყვარდა მოხუცს ბავშვობიდანვე ტყე, მისი სურნელება, მისი მკვიდრნი. ბევრი კარგი მოგონება აკავშირებდა მასთან. ასე ამბობდა: „ამ ტყეში კაცს რა მოაშიებს, ისეთი მადლიანიაო“, ახლაც ქამა სოკო გზად ბევრგან შეხვდა, კრეფდა, ზურგჩანთაში ილაგებდა და ყურშას ეუბნებოდა - „ამაზე გემრიელი სოკო არ არსებობს, სახლში რომ მივალ ნაცხე რა მწვადები შევწვა, შენც გაგინაწილებო“.
ცოტა ხანის შემდეგ ძაღლმა რაღაცის სუნი აიღო და ძუნძულით მიწაზე ცხვირდადებული მიჰყვა, ჰაერში ფრთების ტყლაშა-ტყლუში გაისმა, ტყის ქათამი იყო, მოხუცს ნიშნისთვის არ აუცილებია. ფრინველმა ფრთები დაკეცა და უსულოდ დაეცა მიწაზე, ერთხელაც არ გაფართხალებულა. წყალობა პაპამ მკვდარი ფრინველი „პატრონტაჟის“ მარყუჟზე კისრით ჩამოკიდა და გზა განაგძო.
-ესეც ასე, ყურშა... ნანადირევი უკვე გვაქვს ხელცარიელები არ დავბრუნდებით სახლში. - თქვა გახალისებულმა მოხუცმა და ძაღლს ფერება დაუწყო.
გაიარეს მონადირემ და ძაღლმა კიდევ ერთ კილომერტამდე დაბურულ ტყეში. ყურშას აღარაფრის სუნი არ აუღია. მიადგნენ სერის წვერს.
-მოდი, აქ შევისვენოთ. - თქვა მოხუცმა და მოჭრილი ხის დიდრონ კუნძზე ჩამოჯდა. - ამის იქით უკვე ხევია, არ მინდა ადრე მივიდეთ და ჩვენი სუნი იქ დატრიალდეს, ყველა ცხოველს დავაფრთხობთ.
მოხუცმა  ზურგჩანთიდან შოთის პური, მოხარშული კვერცხი და ცოტაოდენი გუდის ყველი ამოიღო.
-აჰა, ეს შენ - უთხრა ყურშას და საკვები გაუნაწილა.
მონადირემ დაახლოებით ნახევარი საათი შეისვენა და კვლავ გზა განაგრძო. სამასიოდე მეტრში ხევის პირას მივიდა, ქედი აქ ძალიან დამრეცი იყო, დიდი ხეები ბუჩქებსა და მომცრო ხეებში გადაიზარდა, ჩასასაფრებლად მონადირისთვის იდეალური სიტუაცია იყო. მოხუცმა ისეთი ადგილი შეარჩია რომ ქარი სახეში უბერავდა, ასე ცხოველები სუნს ვერ იგრძნობდნენ, შინდის ხის უკან დაიმალა, ქვემოთ წყარო კარგად ჩანდა, უამრავი ფრინველი ირეოდა, მაგრამ მოხუცმა არცერთს არ ესროლა. გაიფიქრა: „არ მინდა ჩიტის გულიუსთვის ცხოველები დავაფრთხოო“. ძაღლმა კვლავ ვერ აიღო ცხოველის სუნი.  წყარო ცოტა მოშორებით ბუჩქებში იმალებოდა, მოხუცმა შენიშნა რომ ბუჩქი რამდენჯერმე შეირხა. ნელი ნაბიჯით ქედს გაჰყვა, ერთ ხეს ამოეფარა, ბუჩქი ხის ქვევით დაახლოებით სამოც-ოთხმოც მეტრში იყო. კვლავ შეირხა ბუჩქი და წყაროს პირას ცხოველის დრუნჩი გამოჩნდა. მოხუცი მაშინვე მიხვდა, ეს შველი იყო, ყურშამ ყურები დცქვიდა და გაინაბა. შველი უფრო წინ გამოვიდა, ახლა უკვე კარგად ჩანდა, მოხუცმა აუჩქარებლად დაუმიზნა ბარძაყს ქვევით და ესროლა, ტყვიამ ცხოველს გულში გაუარა, შველი დაეცა, 3-4 ჯერ ფეხები გაიქნია და გამოემშვიდობა სიცოცხლეს. მოულოდნელად ბუჩქები კვლავ შეირხა და პატარა ნუკრი გამოჩნდა, დედას მიუახლოვდა და დრუნჩი თავზე დაადო. ყურშა ნუკრის დანახვაზე ადგილიდან მოწყდა თუმცა მოხუცის მოქნეული თოფის ლულა უკანა ფეხებში მოხვდა და წამიერად მიწაზე დააგდო.
-გაჩერდი! გაჩერდი შე სამგლე! - დაუყვირა მოხუცმა, შვლის ნუკრი ამ ხმაურზე გაიქცა და უკვე ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
ძაღლმა პატრონს მწყრალად გადახედა, თუმცა დაუჯერა და შვლის ნუკრს აღარ გამოეკიდა. წყალობა წყევლიდა იმ წამებს, როცა ნადირობა გადაწყვიტა, „რას ავტყდი ეს მოხუცი კაციო“ ფიქრობდა. იგი თავდახრილი მიუახლოვდა შველს, ყელი გამოჭრა და სისხლი გამოადინა, შემდეგ ფეხები წყვილ-წყვილად შეუკრა, კვანძები ერთმანეთს მიაბა და ზურგზე მოიგდო. ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ბილიკებს, აღარ აქცევდა ყურადღებას ფრინველებს, აღარ ტკბებოდა ტყის სურნელით, მხოლოდ იმ საცოდავ ნუკრზე ფიქრობდა, რომელიც ასე სასტიკად და შეუბრალებლად დააობლა.

თავი 3
ტყეს რომ გამოსცდა უკვე საკმაოდ ბნელოდა. მოხუცი კვლავ დინჯად მოაბიჯებდა, გზაში ერთხელაც არ შეუსვენია, თავს დასვენების ღირსად არ თვლიდა, ენაგადმოგდებულ ძაღლსაც აღარ ელაპარაკებოდა. მოდიოდა, მოდიოდა და გზადაგზა ბერდებოდა, უბერდებოდა მონადირის გული. ალბათ აღარასდროს ინადირებს, მორჩა, ეს ბოლო გალაშქრება იყო, ბოლო ხალისი - შხამად ქცეული. ეკლესიებს გვერდით რომ ჩაუარა, აღარც კი გაუხედავს, თავს არ თვლიდა ღირსად ეკლესიისთვის შეეხედა, პირჯვარი გადაეწერა. სოფელს რომ მოაღწია უკვე მუხლები უკანკალებდა, მაგრამ კვლავ შეუსვენებლივ მიიწევდა შინისკენ, დაღლილობას ყურადღებას არ აქცევდა. სოფლის მცხოვრებლები გარეთ იყვნენ გამოსულნი წყალობა პაპის დანახვისთანავე მშობლები ბავშვებს ეძახდნენ, ბავშვები - მშობლებს, ყველა გაკვირვებული იყო და ულოცავდა მოხუცს, ისინი ვინც გუშინ ნადირობაზე უარი უთხრეს გულდაწყვეტილები იყვნენ, მაგრამ მაინც უხაროდათ მეგობრის ასე წარმატებული ნადირობა და დიდებული ნადავლი. წყალობა მოლოცვებს ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ „გამარჯობას“ ეუბნებოდა ხალხს და გზას თავჩაქინდრული განაგრძობდა.
-ყოჩაღ პაპი.
-ყოჩაღ მეგობარო.
-აი ესაა ნადავლი.
-ა კაცი.
-ძველი მონადირე მაინც სულ სხვაა, ახალგაზრდობას მაგდენი აღარ შეუძლიან.
-შე ბებერო მგელო, თვალი ისევ გიჭრის არა?!
ისმოდა აქეთ- იქიდან.
მოხუცი ყურადღებას არავის აქცევდა, მის ბაგებს მხოლოდ ერთი სიტყვა - „გამარჯობა“ მოსწყდებოდა ხოლმე, ისიც ნაძალადევად. მას მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში, ის ნუკრი, რომელიც დედას დრუნჩს უხახუნებდა და პასუხად არაფერი უბრუნდებოდა.
ხალხს აკვირვებდა წყალობას საქციელი, რატომ არ უხარია?! რატომ არაფერს ამბობს?! გამოვიდეს სოფელში და იტრაბახოს ნანადირევით, განა ბევრს მოუკლავს შველი ჩვენ დროში?! ახსნას ასე უძებნიდნენ: „მოხუცია, დაიღლებოდა და სიხარულის თავი აღარ აქვსო“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები