ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2013


თოვლი

ღამეა.
ვიწრო ნაქარგებით დამსკდარი ფარდა
და წინდებივით დარღვეული, მოთეთრო თოვლი,
თოვლში ნაბიჯი ვიღაც კაცის, ძაღლის და ისევ
კაცის, ქალების... თითო-თითოდ და ერთად ორიც
(მივდივართ). მთელი სამყაროა მგონია ზეცა
შენ გამო... შენთან ვინატრებდი, მთელი დღე თოვდეს,
გაუთავებლად... უსაშველოდ... დილამდე, ხვალაც,
ეპარებოდეს დეკემბერი მგელივით სოფელს...
მისინჯავ მაჯებს და გზებივით მერევა ფიქრი
(იმ დაკარგული, დაბნეული კრავივით, ალბათ),
თოვლს სუნთქვას უკრავს უხერხული ჩურჩული ჩვენი,
როგორც თეძოებს- მოტმასნილი რძისფერი კაბა.
და ხარ მკლავებზეც, ხერხემალზეც, მალებზე, წვივზე-
შენ (გათენება- უთავბოლო, ღმერთივით შორი),-
მკრავ ბოხჩასავით ( მიმობნეულს , აკენკილს სადღაც),
ზურგზე მიკიდებ, მივდივართ და მოგვყვება თოვლი.
ნაბიჯი უკან ვიღაც კაცის, ძაღლის და ისევ
კაცის, ქალების... თითო-თითოდ და ერთად ორნი;
წელზე ხელს ხვევენ ჩამომთვრალი ხეები სახლებს
და სუნი ასდის ხმელ დეკემბერს შეშების, სოფლის...
ხალხი ბილიკებს ძაღლებივით ფეხდაფეხ მისდევს,-
მოუხედავად, უხმაუროდ, დროულად, მშვიდად...
თოვს; იდაყვებზე ეყრდნობიან ფანჯრები რაფებს;
ღამეა,- თოვლი უჩვეულოდ გრძელდება დიდხანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები