 | ავტორი: ცალუღელა ჟანრი: პროზა 14 ნოემბერი, 2008 |
(ნამდვილი ამბავი) − შეეწიე უფალო, მხევალსა ღვთისასა, თებროს... წმინდაო სამებაო, იყავნ ნება შენი... − მამა ისიდორემ სნეული უკანასკნელად აზიარა... “ეს პატარა ბიჭის გაცვეთილი პერანგი რა მაცხოვრის კვართივით ჩაუკრიაო გულში, საბრალოს”, − ფიქრობდა მოძღვარი და ერიდებოდა პერანგის ამბავი ვინმესთვის ეკითხა. სულთან მებრძოლი თებრო კი წარსულის სურათებს ცხადად ხედავდა...
* * * − ჰაეე! როგორც კი არყით გალეშილი გურამას ხმას გაიგონებდა, შინიდან გარბოდა. თორმეტისა ჯერ არ იყო. მამამისი სმას აძალებდა, − თუ არ დალიე, არ გააბოლე, შენგან რა კაცი დადგებაო. ერთხელ, მთვრალმა იქამდე სცემა, ვიდრე ბალღმა გონება არ დაკარგა, თვალები არ ამოუთეთრდა... მიზეზი? შინნახადი ხელის კანკალით რად ჩამოასხიო. ნახნავებში იქამდე სდია, ვიდრე არაქათგამოცლილი ახლადგადაბრუნებულ ბელტებს არ ჩაეკონა. თითქოს უმწეო შველას მიწისგან ითხოვსო... ღიპმოშიშვლებული გურამა თავის ცოდვით სახილველ, საბრალო ნაშიერს წიხლებს გამეტებით ურტყამდა... მიწა იხუტებდა ბალღს, რომელსაც ხელები ყურებზე აეფარებინა. თითქოს, ეს შავი ბელტები სიგრილით ტკივილს უცხრობდნენ. − ვაიმე, შვილო, გიგო... თავში ნუ ურტყამ, შე სამგლევ, შენა!... დიდი ცაცხვის ჩრდილიდან გამორბოდა თებრო. თავშალი ზურგზე გადავარდნოდა. ცალი მკერდის უბეში ჩაბრუნებაზე აღარც უფიქრია ელდანაცემს. ანგელოზებდამფრთხალი ბალღი აკვნიდან იკლებდა იქაურობას. ხმაურზე ქათამ-ინდაურებიც აწიოკდნენ...
* * * − აი, წვეთი არაყიც კი არ დამიღვრია... წყალიც ხომ დროზე მოგიტანე მინდორში. ქვაზე რომ დააფურთხე, ჯერ არ ამშრალა. დალიე, ეგეთი თვალებით რატომ მიყურებ? არა მცემო, რა, წყალი დალიე, ცივი წყალია... − აბოდებს... ვატყობ, მაგრად არის დაშინებული, თებრო. კვირია გაგზავნე ცხენით ვერხველში, თეკლე ჩამოიყვანოს, შეულოცავს... − რა კარგი ხარ, ჩემო თვალებწყლიანო... შენ რომელი კვიცი შეგედრება. სად წაგიყვანეს ქურდებმა?! მთაში არ უნდა გამეშვი, არა!
* * * − ცოლ-შვილს რად აწიოკებ, გურამ?! რატომ თავს არ დაანებებ სმასა და ეზო-ეზო ხეტიალსა. ხანდახან მაინც გამაიფხიზლე კაცო, მარტო სასმელ-საჭმელი ხომ არ არის ეს ცხოვრება! მართლაც რო შესაბრალებელია შენი ბალღი შენისთანა მამის ხელში. ვერ ატყობ, გერიდება, დაგინახავს თუ არა, თავქვე გარბის?! დადექ, ადამიანის შვილი არა ხარ, ხატ-ღმერთს არაფერი აწყინო! − მოულოდნელად ჩაესმა ორღობეში ბარბაცით მიმავალ გურამას, რომელსაც დილაადრიან გაბრუება მოესწრო. თვალებში სისხლი მოაწვა, ეს ვიღას ტიკი ტომარააო, თავი ასწია და იქვე, ჯაგის ღობესთან მდგარ ხატის მნათეს, ლევანა პაპას რომ შეეფეთა, ოდნავ უკან დაიხია. მოხუცი კუშტად უმზერდა. გურამა ერთხანს გახევდა, მერე კი ამოიხვნეშა და გაღიმება სცადა... − რას მერჩი ბერიკაცო, ჩემი ბალღიც ჩემი ნებაა და ჩემი მუცელიცა. არ გაგიგონია, შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება მოყვრადაო?! − ჯიუტი ხარ, გურამ, და მერე როგორი რქიანი ჯიუტი... შენნაირი არა მინახია, რა! მე მითქვამს და ვინიცობაა დაფიქრდე... ლევანა პაპამ მიმავალს ზურგი აქცია და ბრაზმორეულმა თავისთვის რაღაც ჩაიბუტბუტა.
* * * − შიში შარისაო, ავშავთვალისაო, შინაურისაო, გარეულისაო, ბნელში მიმავალისაო, ელვა-ქუხილისაო, უხსენებელისაო, ავადსახსენებელისაო, წმინდა გიორგიმ ბოროტი განგმირაო, გულო, ჩადექ საგულესაო, შიში დამარცხდაო, მზე ამოვიდაო, ქარვა განათდაო... მლოცავმა თეკლემ ცოტა შეისვენა და საფეთქელთან ჩამოწეწილი ჭაღარა თავშალში ჩაიბრუნა: − რა გიქვიათ, ბალღსა? − გიორგი, პაპის სახელი. − ჰო... ჰოი, წმინდა გიორგის შემწე კეთილნო ანგელოზნო ღვთისანო, თქვენი წყალობითამც იყვეს, თქვენ მოუვლინეთ მშვიდობა სულისა, უშფოთველობა, დაუწყნარეთ პატარა გული გიორგის... ცად აღაპყრო ხელები თეკლემ და ერთხანს ჭერში ერთ წერტილს მიაშტერდა... − ძალიან კი დაუძაბუნებია რაღაცას ბალღი... რისი მიზეზია ნეტავ? თებროს ისედაც ფერმკრთალ სახეზე სანთლის ფერი შერეოდა. მაგრად პირმოკუმული, დამნაშავესავით იდგა. − რა ხნისაა? − თორმეტის გახდება გიორგობისთვის ათში. გიორგი კაკლის წენგოსფერი მუთაქებით გაწყობილ ტახტზე იწვა, რომელსაც ფარდაგის ფოჩები შვენოდა. ძილბურანში იყო. შფოთავდა, საყვარელ კვიცს, ქარიშხალას უხმობდა, ეალერსებოდა. ქვითკირით ნაგებ დიდ ოთახში კი თაფლის სანთლის სუნით გაბრუებული თეკლე უხილავ ძალებს ერკინებოდა...
* * * − რა კარგი ხარ, ლელავ, შენი ჭირიმე, შენი! − კარგი ერთი, გურამ, ი შენ თებროსა ვჯობივარ? − თებროც კარგი იყო ერთ დროსა, ჯაფამ უყო ბეჩავს, რაც უყო. ქალი თოხით და ბარით ხელში იჩაგრება, ნახირშიც ცოდოა ქალი... გუშინ ნაკელს გომურიდან ეზიდებოდა. აბა, ეგეთი ქალი რა ლოგინში ივარგებს! შენნაირი დედაკაცები კი ჯვარწერილად უნდა იყვნენ, ფერი თქვენ არ გაკლიათ და ხორცი! − ეჰ, ცოდოა, ცოდო ის დიაცი, ვისაც ქმარი ჯაფაში სულს ამოხდის, თავად კი წაწალთან დაძვრება. − აბა, აბა, შენ ეგ თასი დამიცალე, თორემა...
* * * − გიორგი! − მოვდივარ!.. − მოდი, შვილო, თამარი გაართე, ვიდრე საქონელს დავაბინავებდე. − მერე რაღაცას გეტყვი, დედი... − რა იყო, ეხლავე მითხარი... − ... − რას გაჩუმებულხარ, ბიჭო! − დედი, მუცელში რაღაც წამომივლის ხოლმე, ისე მტკივა, გეგონება ჩანგლებს ურჭობენო. თებროს გიორგის ნათქვამი ავად ენიშნა. − ეხლაცა გტკივა? − ჰო, ცოტა... − თამარი წავიყვანოთ და ჩემთან ახლოს იყავით. ძროხებს მოვწველი და მოგხედავ... − ჰაეე! − ჭიშკარი გამიღეთ, თქვე სამგლეებო, თქვენა. ვერა ხედავთ რო მოვედი?! თებრომ კინაღამ რძის ვედროს ფეხი წამოჰკრა. წაბარბაცდა ელდანაცემი და პატარა გოგო მკერდზე მიიხუტა. გიორგიმ მამას ჭიშკარი გაუღო და ის-ის იყო, ცხენის აღვირი უნდა გამოერთვა, წამით თვალთ დაუბნელდა, თითქოს უკუნეთში ნაპერწკლები გაკრთნენ. ეს გურამას მოქნეული მარჯვენის შედეგი იყო. არც პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი. სილა როდი იკმარა. ნიკაპს უწევდა ბალღს და თვალებში შეხედვას მოითხოვდა. ის ღამე და სახეზე გადაფარებული საბანი გიორგის თბილ თავშესაფრად ექცა. აქა-იქ ნაპერწკლების დარად ვარსკვლავები კრთებოდნენ...
* * * მეორე დილით გურამამ გიორგი ცხვარში გაგზავნა. − ბალღი ავად არის, გურამ... ვიძახდი, ცხენს შევკაზმავ და გიგლია ექიმბაშთან წავიყვან-მეთქი. ფეხით სიარული გაუჭირდება, − ძლივს გაუბედა ქმარს თებრომ. − ავად არა, ისა! სახრე უნდა, სახრე! ძაღლი კოჭლობით არა კვდება. გურამამ ჩაქუჩი აახმაურა და ცელის გაწკეპვა დაიწყო.
* * * შუადღე ახალი გადასული იყო. სოფელში ამ დროს ხარდაშობის ხანს ეძახდნენ. ცხვარი კუნელის ბუჩქებთან და ცაცხვის ხის ჩრდილში დაყრილიყო. გიორგის უცნაური ტკივილი ისევ თავს ახსენებდა. ამ ადგილიდან მისი სახლი კარგად მოჩანდა. გურამა მინდვრიდან შინ თივას ეზიდებოდა. იფიქრა, ვიდრე ცხვარი ისვენებს, ბალღი თივის დაბინავებაში მომეხმარებაო. გიორგის გასძახა, შინ ჩამოდიო. შვილი მორჩილად დაჰყვა მამის ნებას. ტკივილს არ იმჩნევდა. თებრომ თვალი გააყოლა გიორგის, ერთი ამოიოხრა და სათონისკენ წავიდა. საბძელში ფიწლით თივის ატანა გაუჭირდა. − მე მანდ ამოვალ და ამომაწოდე, რა... − განწირული, მაგრამ თავშეკავებული ხმით სთხოვა მამას. − ერიჰა! თივის საბძელში დადებას ცოდნა უნდა, ეგრე კი არ არი! − ნაწილ-ნაწილ, ჭინთვა-ჭინთვით გამოსცრა გურამამ. − ჰო, რაღას უყურებ, მამაწოდე... გიორგი ვეღარ დგებოდა. ფიწალზე დამხობილს ზემოდან თივა ეყარა. სიმწრისგან სახედამანჭულს პირში თივის მტვერი ეყრებოდა.
* * * − ოპერაცია დაგვიანებულია... ჭრილობა უნდა შეხორცდეს... დროზე რატომ არ მოიყვანეთ?... ამტანი ბავშვი ყოფილა... − თებროს ეს ფრაზები თითქოს ჩაესმოდა, მაგრამ არ ესმოდა. თეთრხალათიანებიც თითქოს ერთმანეთში ირეოდნენ... რაღაცნაირი პირქუში იყო უმწეობის სევდა დედის თვალებში... ბავშვის ქალაქში წაყვანა მშობლებს აღარ ურჩიეს.
* * * − დედი, დედი! − ჰო, შვილო, ჰო... − ბრინჯის ფლავი მინდა, დედი... − ეხლავე მოგიტან, დედი, აბა, პირი გააღე... − იცი, რა უცნაური სიზმარი ვნახე? − რა ნახე, შვილო?.. − ვითომ, დედი, ერთ უზარმაზარ უფსკრულში მაჯლაჯუნები დაგროვილიყვნენ, იცი რამდენი?!.. მერე ეს მაჯლაჯუნები და ჭინკები მეჭიდებოდნენ, უფსკრულში მითრევდნენ... ჰოდა, ვეღარ ვუძალიანდებოდი, ვეღარ ვიგერიებდი და ამ დროს ქეჩოში ვიღაცამ ხელი წამავლო და ზემოთ ამწია. უკან მოვიხედე და რას ვხედავ − ვეებერთელა გოლიათი, თეთრწვერა მოხუცი დავინახე, დედი, კეთილი თვალები ჰქონდა, ლევანა პაპასა ჰგავდა, მიღიმოდა... ზემოთ რომ ამწია, ის მაჯლაჯუნები და ჭინკები წერტილებივითღა მოჩანდნენ. ჰო, მართლა, თამარი სად არის? − თამარს რა ხანია სძინავს, შვილო. − მინდოდა, ერთი მეკოცნა... რომ გაიღვიძებს, უთხარი, გიორგი ცხვარში რომ იყო, მაყვალი დაგიკრიფა და შინ წამოღება ვეღარ მოასწრო, მამამ დაუძახაო. სამარწყვე გორაზე რომ ახვალთ, დიდი ცაცხვის ხესთან ახლოს, კვრინჩხებში ფათალოში გახვეულს ნახავთ...
* * * გამთენიისას გიორგის სასთუმალი განათდა... ბიჭს უზომო სიხარული დაუფლებოდა. ამგვარი მშვენიერება არასოდეს ენახა... ანგელოზის ფრთებით სინათლისაკენ მიჰქროდა... სააქაოს კი მაჯლაჯუნა წუთისოფლის დატოვება არ ენანებოდა...
* * * სოფლის განაპირას, სასაფლაოზე, მიწის პატარა ბორცვთან სინედლისგან სველ ხის ჯვარს თმახუჭუჭა გოგო ფათალოსავით შემოხვეოდა. საცოდავად სლუკუნებდა... კოპლებიან ჩითის კაბაზე ერთ ადგილას საკერებელი გარღვეოდა...
* * * გიორგის დაკრძალვის შემდეგ გურამა სასმელს კიდევ უფრო მიეძალა. თავს აღარ ინდობდა. უფსკრულისკენ მიექანებოდა და მისი შეჩერება უკვე აღარავის და აღარაფერს შეეძლო... ერთადერთი, რისი შიშიც დასჩემდა, − პატარა, ჯვრიანი ბორცვი იყო, სოფლის განაპირას და სიტყვები: “აქ განისვენებს... აცხონე, უფალო...”
* * * თებროს ძაძები აღარ გაუხდია. დამუნჯდა. ძილში გიორგისთან იყო, ღვიძილშიც... ბრინჯის ფლავს უმზადებდა და მის სახელზე საყდართან მდგარ გლახაკთ უნაწილებდა. საფლავთან მისული შვილს ისე ეალერსებოდა, გეგონებოდათ, ეს ჭაღარა თებრო კი არა, ისევ ის, პატარა გიორგის მოალერსე, თბილი, ლამაზი დედიკოაო... მოგვიანებით თამარმა დედას ანდერძი შეუსრულა − თებრომ თან წაიღო სკივრში საგულდაგულოდ შენახული, გახამებული პერანგი და გაცვეთილი, საკერებელდადებული შარვალი. ეს იყო გიორგის ერთადერთი, საზაფხულო, საშინაო სამოსი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მძიმეაა,,,,
კარგი თხრობიაა,,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. მძიმეაა,,,,
კარგი თხრობიაა,,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
10. ეს რა დამმართე ლევან. ოფისში ვიჯექი და ვკითხულობდი და მაკაიჟი ჩამომერეცხა ცრემლებისგან. მოდი და უხსენი ეხლა ჩეხებს, რა მჭირს. . . . . ეს რა დამმართე ლევან. ოფისში ვიჯექი და ვკითხულობდი და მაკაიჟი ჩამომერეცხა ცრემლებისგან. მოდი და უხსენი ეხლა ჩეხებს, რა მჭირს. . . . .
8. უღრმესი მადლობა ყველას... ეს თებრო ბაბოჩემია... მან მართლაც „წაიღო“ შვილის საკერებელდადებული შარვალი, რომელიც ხშირად მინახავს მის სკივრში ჩუმად, ქურდულად... უღრმესი მადლობა ყველას... ეს თებრო ბაბოჩემია... მან მართლაც „წაიღო“ შვილის საკერებელდადებული შარვალი, რომელიც ხშირად მინახავს მის სკივრში ჩუმად, ქურდულად...
7. ძნელია ცრემლების გარეშე წაიკითხო...და ბოლომდე წაიკითხო... შემძრა .:(საშინელაბაა:( მაგრამ ხდება...სამწუხაროდ :( ძნელია ცრემლების გარეშე წაიკითხო...და ბოლომდე წაიკითხო... შემძრა .:(საშინელაბაა:( მაგრამ ხდება...სამწუხაროდ :(
6. არ ვიცი, როგორ გამომრჩი... ძლივს ჩავათავე კითხვა, - ცრემლები მიშლიდა ხელს. მაგარი ხარ! და კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს გვერდზე. 10 არ ვიცი, როგორ გამომრჩი... ძლივს ჩავათავე კითხვა, - ცრემლები მიშლიდა ხელს. მაგარი ხარ! და კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს გვერდზე. 10
5. გაიხარე ძმაო!
ძაან მაგარი! გაიხარე ძმაო!
ძაან მაგარი!
4. ძალიან მომეწონა, მართლა არა მყოფნია სიტყვები !!!!!! 5555 ძალიან მომეწონა, მართლა არა მყოფნია სიტყვები !!!!!! 5555
3. ლევან გილოცავ აქ მოსვლას, მიყვარხარ ძალიან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 55555555555555555555 ლევან გილოცავ აქ მოსვლას, მიყვარხარ ძალიან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 55555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|