ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2013


* * *

დღეს თბილი ამინდია,
მაგრამ სადღაც, სხეულს იქით მცივა
(ეს სხვა სიცივეა).
ვრთავ შენს ხმას,
ვისმენ შენი თითებით დაწერილ ლექსს
და
ვგრძნობ, სხეულის იქითაც გამოიდარა.
"თითქოს რაღაც მაქვს სათქმელი."
რა? ვეკითხებოდი ჩემს თავს
და დღეს ყველა ფიქრი დალაგდა.

მივხვდი,
რომ განა ერთი სიტყვა
ან წინადადება მაქვს სათქმელი?!
არამედ მინდა,
რომ მთელი ცხოვრება გესაუბრო,
შენ კი მიხსნიდე,
რას ნიშნავს იყო გენიალური მსახიობი,
მიყვებოდე ძია კარლოს ამბავს,
ანაბელის ნაცვლად მე მიძღვნიდე ლექსებს,
მიკითხავდე უსათაურო წერილებს...
მე კი ვკითხულობდე,
გისმენდე,
გელოდო,
მწამდე...
ჰო, აი ასე,
სმენადქცეული ბავშვივით გიყურო თვალებში
და შენი ხმის ტალღებში ჩამკარგო...
ზოგჯერ, სულაც არ ეძებენ კითხვები პასუხებს.
ისინი უნდა დარჩნენ კითხვებად,
რომ შენ მიხვდე.
ყველაფრის ცოდნის ძალა არ შესწევს ადამიანს...
ზოგჯერ, როდესაც უყურებ გაჭირვებას და შიმშილს
ეს საჭიროა, რომ მიხვდე,
არ შეუძლია ადამიანს
ერთი პურით და თევზით დააპუროს ერი.
ზოგჯერ, მომაკვდავის სასთუმალთან ჯდომა აუცილებელია,
რომ მიხვდე
არსებობს რაღაც (ვიღაც) შენს სურვილზე მეტი.
ზოგჯერ, როცა შენს თვალებზე ვფიქრობ
(და თუმცა ეს ზოგჯერ არის ხშირად)
მე ვხვდები -
- შენ ხარ ყველა კითხვის პასუხი,
რომ არ მაშინებს შიმშილი და გაჭირვება
და შენ,
მხოლოდ შენ გისურვებდი
ჩემს სასთუმალთან მჯდარს...
ოღონდ არ იდარდო,
რომ არსებობს რაღაც შენს სურვილზე მეტი,
რადგან მე იმდენად,
ჰო, იმდენად მიყვარხარ, -
- როდესაც სიკვდილს თვალებში ჩავხედავ,
გავიღიმებ
და ვეტყვი:
"შენ მკლავ, მე მასში ვცოცხლობ!"
ის კი უბრალოდ ირონიულად გადმომხედავს,
მას ბევრჯერ სმენია მსგავსი ფრაზები,
მაგრამ მე ყველა დანარჩენზე მეტად
მწამს შენი სიყვარულის,
ხმის,
თითების...
მომიყევი.
რას ნიშნავს იყო გენიალური მსახიობი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები