ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოცეკვავე პერაშკი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2013


"ერთი პეშვი სიცოცხლე"

  შორს, სადღაც, იქ, სადაც ცივი კედლები, კვამლისგან გაშავებული ნანგრევები და ხალხისგან დიდი ხნის მიტოვებული სახლია, ორი მოხუცი ცხოვრობს, ბებო და პაპა.
  ყოველ დილით, ხელის ცეცებით ბებო შუშაგაბზარულ სათვალეს ეძებს, აღარ ახსოვს, სად დატოვა წინა ღამით. იკეთებს, ნახევრად ჩამტვრეულ ფანჯარასთან მიდის და გულის კუნჭულში შემორჩენილი იმედით გაჰყურებს გზას. პაპა ძლივძლივობით ანთებს ღუმელს. ცოტა შეშა ჰქონდათ, ისიც გამოლეოდათ. წინა დღისით თოვლიდან რუდუნებით წამოკრეფილი რამდენიმე გირჩით ცდილობს, სითბო შეუნარჩუნოს ძველისძველ ღუმელს...
  ზამთრის სუსხს გამოქცეულმა, გაძვალტყავებულმა ლეკვმაც მათთან ჰპოვა თავშესაფარი. ბებიაც დიდი სიყვარულით უყოფს საკუთარ ლუკმას, რომელიც თვითონვე არ ჰყოფნის. ასე მიიზლაზნება ყოველი დღე. ბებიაც ცრემლმორეული გაჰყურებს გზას...
 
  დღეს განსაკუთრებული დღეა... ახალი წელი. შორიდან ფეიერვერკის ხმა ისმის.. ოთახის კუთხეში ნაძვის პატარა ტოტია მიყუდებული, ძველი, ორიოდე სათამაშოთი. დიდი ნაძვი ვერ გაიმეტა პაპამ მოსაჭრელად, ვეღარც დაჟანგებული დანა გაუმკლავდა ხეს. ლეკვი მოწყენილი თვალებით უყურებს ცარიელ სუფრას. არ გაუმართლა. დღეს გირჩებიც ვეღარ იშოვა პაპამ და სიცივისგან აკანკალებულს სველი ცხვირი კუდში აქვს ჩამალული.

            სახლს მაინც ათბობს სიყვარული..........


  წუხელ საშინელი ქარიშხალი იყო. რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრია. ბაბუა გაზეთს აფარებს ჩამტვრეულ მინებს. ცდილობს, ბებო არ გააღვიძოს, თუმცა თხელი გადასაფარებელი სიცივეს ვერ აკავებს და მაინც ეღვიძება. წინა დღეებთან შედარებით ადგომა უჭირს. ალბათ, გაცივდა წინა ღამით...

  უკვე რამდენიმე დღე გავიდა და მაინც ვერ დგება საწოლიდან. პაპას რაღაც ცუდი წინათგრძნობა აქვს.

  დაღამდა... არაფერი უთქვამს ბებოს. დიდი ხნის ყურების შემდეგ ფანჯარას სევდიანმა მოსწყვიტა თვალი და ყურადღება ბაბუაზე გადმოიტანა. მან დიდი ხნის ნაცნობ მზერაშივე ამოიკითხა ის კითხვა, რომელიც სულ აწუხებდა მოხუცს. უარყოფის ნიშნად თავი ჩაქინდრა და ცრემლით დაუსველდა მოხუცი, დანაოჭებული კანი... ბებომ თვალები დახუჭა...


  გაზაფხულდა, დადნა თოვლი, აბალახდა, ამწვანდა არემარე. მიტოვებულ სახლთან მანქანის ნაკვალევი მოსჩანს, ბავშვების ხმაურიც ისმის... მოხუცებს შვილებმა და შვილიშვილებმა მოაკითხეს. კარი შეაღეს, თუმცა, იქ ბევრი ვერაფერი ნახეს. სიცოცხლე მხოლოდ შიმშილისგან გონდაკარგული ლეკვის უმნიშვნელო სუნთქვაშიღა შეიმჩნეოდა...
 

  გაზაფხულდა.......


სახლს აღარ ათბობს სიყვარული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები