ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2013


ყვავილი მტვერში

(ეძღვნება: საქართველოდან უცხო ქვეყნებში წასულ ემიგრანტებს)



დილა გათენდა, ჩვეული დილა, ცოტა ციოდა ცოტაც თბილოდა, ხეები გატიტვლებულან, ისე, რომ კაცი იფიქრებდა თითქოს და სადაცაა სტრიპტიზის ცეკვას აპირებენ ეს ლამაზიად ჩამოქნილი ხეებიო, მაგრამ ისინი გაუნძრევლად იდგნენ და რაღაცის მოლოდინში სულგანაბულები უფოთლო ტოტებს აქეთ იქით ნაზად არხევდნენ. სიოც დაჰქროდა ნაზად, ნარნარად და მთელი ქუჩის მტვერს დაატარებდა ალაგალაგ, პატარა გახუნებული სახლები ისე გამომწვევად იყურებოდნენ, რომ აქ ჩვენ ვართ ვინც ვართ, ამ ქუჩის ბატონ–პატრონებიო...
  ნატალია კი ამ დროს წამოდგა ლოგინიდან, ის ძალიან ლამაზი იყო, ახალგაღვიძებულიც კი ისე აფრქვევდა თავის სიკაშკაშეს, რომ ნახევრად განნათებულ ოთახს მისი სილამაზე აფერადებდა და ალამაზებდა....
ნატალიამ  საწოლი გაასწორა ხალათი მოიხურა და მოხუცის საძინებლისკენ გაეშურა, კარი შეაღო და ცალი თვალით გახედა, რადგან მთელი ღამის უძილო იყო და ორივე თვალს კარგად ვერ ახელდა... მოხუცი ხრინწიან ხმას გამოსცემდა და საზარლად ფშვინავდა, გულის ამრევად გამოიყურებოდა მისი მოხუცი, სუსტი დანაოჭებული სახით, მოლურჯო ფერი თავს დასტრიალებდა, თითქოს სიკვდილი მას გვერდით ეწვა, ნატალიამ ისევ ჩუმად მიხურა საძინებლის კარი და სააბაზანოსკენ გაეშურა, შუქი არ აუნთია, ფრთხილად მოუშვა ონკანი ისიც ცოტა რაოდენობით, რომ წყლის ჩხრიალი მოხუცს არ გაეგო, (ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ მოხუცის გაღვიძება არ უნდოდა, არამედ იმისი ეშინოდა, რომ მოხუცი ეჩხუბებოდა შუქს და წყალს ზედმეტად მოიხმარ და შენ გადაგახდევინებო) ფრთხილად ჩაწვა თბილ წყალში და ფიქრები მოაწვა:
– გამარჯობა მამა
– გაგიმარჯოს ნატალია
– მიჭირს მამა
– ეგ კარგია, შვილო
– რატომ მამა?
– ადრე მეც მიჭირდა შვილო
– როდის მამა?
– შენი ტოლი რომ ვიყავი შვილო...
– ყველაფერი მტკივა მამა
– უნდა გაუძლო შვილო
– ვუძლებ მამა, ჩემი შვილების გამო ყველაფერს ვუძლებ
– უნდა გაუძლო შვილო, შენ ძლიერი ხარ, ჩემი შვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი
– მენატრები მამა, დედაც მენატრება, ჩემი შვილებიც...
– არაუშავს შვილო შენ ჩვენს გულებში ხარ, ჩვენ კი შენსაში, ამიტომ მონატრება ვერაფერს დაგაკლებს...
ამ ფიქრებში, იყო, რომ კარებზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამოაფხიზლა, კარების უკნიდან კი მახინჯი მოხუცი ურცხვად ყვიროდა: გამოდი დროზე უკვე ოცი წუთია აბაზანაში ხარ ! რაში გიხდით ფულს? დროზე მიხედე ჩემს ცოლს ვერ ხედავ მშიერია?! ნატალიამ ხალათი მოცვა და ზლაზვნით გაეშურა სამზარეულოსკენ, ისე რომ მოხუცისთვის არც კი შეუხედავს...
გულში კი მხოლოდ ერთს ფიქრობდა, ნუთუ ერთიდაიგივე? როდის უნდა დასრულდეს ეს მარაზმი, მაგრამ უცბათ თავისი შვილები გაახსენდა: თამარი და საბა, რა პატარები იყვნენ, რომ დავტოვე, საბას ცრემლიანი თვალები ეხლაც არ ამომდის მეხსიერებიდან, ჩემი ლამაზთვალება, როგორ სლუკუნებდა და მეხვეწებოდა არ წახვიდეო, მე კი არ დავუჯერე და მაინც აქ აღმოვჩნდი...
ნატალიას ახსენდებოდა ის განვლილი წლები, როგორ გაჭირვებაში გაზარდა თავისი პატარა ანგელოზები, რას აღარ ცდილობდა მათთვის, რომ მათ მზრუნველობა და ყურადღება არ მოჰკლებოდათ, ეხ გია გია, რატომ მოიქცა ნეტა ასე ცუდად, ნუთუ მისი შვილები არ აღელვებდა ამ წლების მანძილზე, ჩემზე აღარაფერს ვამბობ...
ამ ფიქრების ამარა იყო ნატალია და თან საუზმეს ამზადებდა მოხუცებისთვის, ეზიზღებოდა ეს პროცესი, მაგრამ არ იმჩნევდა, საკუთარ სამზარეულოს იხსენებდა და იმ დროს როცა მის შვილებს საუზმეს უმზადებდა და ბედნიერი სახით უსხამდა ბავშვებს ჩაის, თან აფრთხილებდა ცხელია და პირი არ დაიწვათო.

***

ნატალია, ძალიან მგრძნობიარე და კეთილი გახლდათ, მისი მოხუცების მიმართ ბრაზის მაგივრად სიბრალულის გრძნობა ეუფლებოდა და ამას ხშირად აღნიშნავდა მის მეგობრებთან, მისი სული იმდენად ხალასი და სუფთა იყო, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა და ყველაფერი ებრალებოდა, ყველა ტკივილის მიუხედავად ის მაინც ბედნიერ ქალად გრძნობდა თავს და მისი შვილების სიყვარული და სითბო ასულდგმულებდა, ხშირად იცინოდა ხშირადაც ტიროდა, მაგრამ ერთი კი იყო, რომ ეს ყველაფერი „აქ“ ყოფნას უადვილებდა, ის მართლაც საოცრად გავდა იმ ყვავილს, რომელიც უიშვიათესი იყო მთელს პლანეტაზე, ძალიან ლამაზი და უცხო, მისი მსგავსი არავინ და არაფერი არ იყო, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ როგორ მოხვდა ამ მტვრის დიდ მორევში, სადაც მხოლოდ სიცივე, გაყინული გრძნობები, აფორიაქებული ნერვები, გაძუნწებული მოხუცები, გაუბედურებული ადამიანები და საძაგლად მოყრანტალე ფრინველები იკლებდნენ არემარეს, ის კი ამაყად იდგა და მაინც ყველას თვალებში ჩასცქეროდა, რაოდენ ლამაზი იყო მისი თვალები დიდი სარკესავით პრიალა, უძირო და ყველაფრისმთქმელი, გულის განმგმირავი და თან ნაზად მოელვარე...  როგორც იქნა მოხუცი წავიდა და ნატალია გაეშურა თავისი ოთახისკენ რათა კომპიუტერს მისჯდომოდა და მისთვის ნანატრი მეგობრები მოეკითხა, ამ დროს კი ტელეფონის ზარმა დარეკა და იტალიურად მჭახე ხმით ვიღაც ქალმა რაღაცის რაკარუკი დაიწყო, ნატალია ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს, არ იცოდა სიხარულისგან ეყვირა თუ გაოცებისგან ეხტუნავა, მას საკონსულოდან ურეკავდნენ და აცნობებდნენ, რომ  მას იტალიის მოქალაქეობა მიანიჭეს და შეეძლო პირდაპირ მისულიყო საკონსულოში და პირადობის მოწმობა აეღო.
სწრაფად ჩაალაგა მისი ნივთები, შეკრა ბარგი და ბავშვებისთვის გასაგზავნი ტანსაცმელი, ტაქსი გამოიძახა და საკონსულოში წავიდა, შემდეგ აეროპორტს მიაშურა და პირველივე რეისით მის სამშობლოსკენ გაემართა...
– გამარჯობა მამა !
– გაგიმარჯოს შვილო
– აღარ მიჭირს მამა
– ეგ კარგია შვილო
– აღარც მტკივა მამა
– მიხარია შვილო
– მენატრები მამა
– მე შენთან ვარ შვილო...


– უკაცრავად ქალბატონო, ხომ არაფერი გნებავთ? დაურღვია მყუდროება ბორტგამცილებელმა,
– ნატალიამ ღიმილით შეხედა და უთხრა: მხოლოდ ჩემს სახლში მშვიდად დაბრუნება...

  ცხოვრება, რთულია, ის მტვრით გაჟღენთილ ღრუბელს ჰგავს და არ იცი როდის დაგატეხავს თავის მტვრიან ქარცეცხლს, როდის ამოგსვრის თავის ჭუჭყში და მის ნაწილად მტვრად გაქცევს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნატალიასავით ლამაზ ყვავილს ჰგვანან, მათი სული და გული იმდენად სუფთაა, რომ ვერანაირი მტვერი ვერ ერევა მათ, არანაირ დამცირებასა და სისასტიკეს არ შეუძლია მისი გულის დაპყრობა რადგან ის ხომ ნორჩი ყვავილია მაგრამ ძალიან ძლიერი ფესვებით, რომელისაც მთელ პლანეტაზე აქვს გადგმული ფესვები და იგი იქნება მარად ლამაზი, ყველასათვის სასურველი და მიმზიდველი.. იგი ხომ ქვეყნის სასწაულია, მტვრით მიმოფანტულ ხმელეთზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები