ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმბეცილი
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2014


კიკი

                                           

კიკი გიჟია! იმიტომ რომ მხოლოდ გიჟს შეუძლია ირბინოს კორპუსის სახურავის კიდეზე. რამოდენიმეჯერ ყირაზეც დადგა და სულ არ შეშინებია. უცბად წამოხტა და თვალით მანიშნა "შენც ცდი?" მე სიმაღლის მეშინია, თუმცა არ მინდა კიკიმ იფიქროს, რომ მშიშარა ვარ. თვალებს ვხუჭავ და გავრბივარ. კიკი იკეცება და ყვირის: - "ჩამოდი!". მორბის ჩემთან და გაცხარებული დამყვირის:
- შენ რა გაგიჟდი?
- რაზე?
- თვალები რატომ დახუჭე? - თავში იცემს ხელს.
- რა, არ ითვლება?
- ჩავარდები და მოკვდები, ბიჭო! - თავზე ორ თითს მიკაკუნებს.
- ჰმ... - სადაც შემეხო იმ ადგილს გამალებით ვიქექ.


- გინდა ჩემნაირი იყო? - თითქოს ქუჩაში უნდა გადახტესო ისეთ მოძრაობას აკეთებს და თვალებში მიცქერს.
- რაში მჭირდება? - ვატყუებ, არადა დედას ვთხოვე თმა კიკისავით შეეკრიჭა ჩემთვის.
- რავი ისე... - თავს იქნევს და მზის ჩასვლას უცქერს, აძონძილი სატელევიზიო ანტენების ფონზე.


- იცი, მე პისტოლეტი მაქვს! - უცბად ტრიალდება ჩემსკენ და მაკვირდება, თუ რამდენად გავოცდი.
- ნამდვილი? - ცნობისმოყვარეობას ვერ ვმალავ და კიკის თვალები უციმციმებს.
აგდებულად ჩაეცინა და გაშეშებული ხელის მტევანი თითქმის მიწამდე დაწია.
- აი, ამხელა ხარ. - მე ვწითლდები და ბრაზი მომდის.
მიყრილ ხარახურაში იქექება და იქიდან რევოლვერი ამოაქვს.
- ვისია, ე? - გაკვირვებული ვკითხულობ და ვცდილობ ხელიდან გამოვართვა.
- ვისიცაა. - თავისკენ მიაქვს და ვესტერნის გმირივით ჰორიზონტს უმიზნებს.
- შენ საიდან?
- ვიპოვნე.
- სხვებმა რომ გაიგონ?
- გაიგონ რა! - როგორც კაპიტანი საკუთარ გემბანზე ისეთი მანერით დადის კიკი.


რაღაც მძიმედ დაეხეთქა ასფალტს. ეზოში აურზაური ატყდა. მანქანის სიგნალიზაციები ერთბაშად აყიყინდენ ჭაობის ბაყაყებივით. როდესაც იქით მივიხედე კიკი აღარ ჩანდა, ვიფიქრე, რომ ჩავარდა და ისტერიული ყვირილი მოვრთე. უცბად გამოხტა საკვამურს მოფარებული და წითელი აგურის მტვრის ხელიდან ფერთხვით, ხარხარით, ორივე ხელს ჩემკენ იშვერს. საშინლად გავმწარდი და ნაფოტი ვესროლე. აიცილა და თვალი გააყოლა როგორ გაფრინდა ქუჩისკენ.
- ეერიჰაა! - სტვენა მიაყოლა სიტყვებს.
ეზოში აყაყანდენ და შეძახილებიც მოისმა.
- პლეტი!
- რაა?
- გავიქეცით, დაგვინახეს!


სახლიდან კარგად არ ჩანს ფეირვერკები. მაღალი კორპუსები ეფარება. მე კიდე საშინლად ვერ ვიტან, როდესაც სანახაობაა და ვერ ვხედავ. სახურავზეც მაგიტომ ავდივარ, იქიდან კარგად ჩანს ყველაფერი. კიკიმ საქვაბის მილზე ავძვრეთო. ნერწყვი გადამცდა და გავცარციანდები მეთქი დავაპირე მეთქვა, მაგრამ:
- შენ რა, ხომ არ გეშინია? - აუციმციმდა ისევ თვალები.


ჩვენ მილზე მივცოცავთ... მივცოცავთ რა, დასახიჩრებულ საფეხურებს ვეკიდებით და ცისკენ მივიწევთ. დაბლა არ უნდა ჩავიხედოთ ვიცი.
- გინდა რამე ვითამაშოთ, რომ ავალთ? - ჩამომძახის ზევიდან კიკი.
- რა?
- პისტოლეტობანა მაგალითად.
- ეგ როგორ უნდა?
- რომ ავალთ გასწავლი. - ყვირის და ცისკენ მიიწევს.
პირველი აცოცდა მილის თავზე და ხელი გამომიწოდა გავმართულიყავი.
- ქვევით არ ჩაიხედო! - მაფრთხილებს.
- ვიცი. - ქარი თმებს მიფრიალებს და თვალებში კარგად ვერ ვიხედები. ნელ-ნელა ვიმართები და ვცდილობ წონასწორობა არ დავკარგო.
- მოგწონს? - მეკითხება კიკი და ზურგჩანთაში იქექება.
- რა?
- ქალაქი.
- ჰო, აქედან უფრო ლამაზია და ყველა მეცოდება.
- რატომ? - გულში მიხარია, რომ კიკის ჩემი ნათქვამი საინტერესოდ მოეჩვენა.
- იმიტომ, რომ მიწას ვერ აცილებიან. - ფიქრობს რომ წიგნში წაკითხულს ვროშავ და უღიმღამოდ მიცქერს. კიკის არ უყვარს წიგნები.
- მოდი დავიწყოთ... ლამაზია არა? - ქალაქისკენ მანიშნებს. ნერვიულია, რაღაცნაირი. ზურგჩანთიდან რევოლევრს იღებს. ერთადერთ ტყვიას დებს შიგნით და ბარაბანს აბზრიალებს. მოულოდნელად ნიკაპზე იბჯენს, სასხლეტს კრავს და სროლის ხმა ყურებს მიგუბებს. წავტორტმანდი, თუმცა თავი შევიკავე და დაბნეული ისტერიულად ავყვირდი, მაშხალების გუგუნმა ბგერები გაანადგურეს და ნაირ-ნაირი ფერები აიჭრნენ ცაში.



ჯერ შორს ამოხეთქეს ფეირვერკებმა შადრევანივით. მერე ახლოს, წვიმასავით, თუმცა უკუღმა, ცისკენ წავიდნენ, წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერები. გუგუნმა ორიენტაცია დამაკარგვინა. ჩავიმუხლე. განათდა გარშემო და რამოდენიმე წამით ყველაფერი თეთრად დავინახე, მერე ციმციმით ჩაქრა და ისევ ახლიდან ამოხეთქა. ამჯერად სხვა ადგილზე.
ქვემოდან ყვირილის ხმა შემომესმა. ჩავიხედე. საკვამურის კიდეს მოვეჭიდე, ფრთხილად ჩამოვჯექი და ქალაქს მივაშტერდი. სიგარეტს გავუკიდე და დავუცადე როდის მოადგამდა სახანძრო მანქანა კიბეს.



-  შენ რა გაგიჟდი? - მომცვივდენ მეგობრები.
- ეს არ ითვლება! - ვიღიმი და თვალები მიციმციმებს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები