ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2014


ვოლფრამის მზე (ანუ რატომ ჯობს ადამიანების ექიმობას იყო ვეტერინარი)

    \"ისევ მეამბოხის სულისკვეთებით გამსჭვალულმა გადაწყვიტა, ვეტერინარი გამოსულიყო: ადამიანების განკურნება და კაცობრიობის გადარჩენა მისი ოჯახის დიდი სიამაყის საგანი იყო (მისი ბაბუაც ხომ ექიმი იყო) ამიტომ უნდოდა ხმამაღლა განეცხადებინა, რომ ადამიანებს ძროხებს ამჯობინებდა.\"


                                              მილან კუნდერა \"შეუცნობელი\"
   

ყოველთვის, როცა დედაჩემი
ხორციანი სადილით მიმასპინძლდება,
მე მახსენდება უპატრონო, ქუჩის ძაღლები,
მაგრამ არასდროს ადამიანები.
......................................................
როცა ღრუბლები ვერ დგანან
საკუთარ სიმაღლეზე და
ჩემი თვალებიდან წამოსული ნალექების შეფარდება
ციდან წამოსულ ნალექებთან
არაწესიერ წილადს ქმნის,
მე ვდგავარ და ვფიქრობ, რომ
ერთი ვოლფრამის მზე
ჩემს სულშიც უნდა ეკიდოს.
ვფიქრობ, მე რომ ხელების გაშლა
და მკერდის ამ ფიქრივით
წინ  წამოწევა შევძლო,
ქარი სწორედ მაშინ შეწყვეტს ქროლვას
და ჩემი სახეც ვეღარასდროს გასწორდება.
დარჩება მხოლოდ ტუჩები, რომლებიც
მთელ სახეს გადაეფარნენ, ტუჩები, რომლებმაც
ყველაზე კარგად დაგიმახსოვრეს.
გადაეფარნენ თვალებს, რომლებიც ხედავდნენ, რომ
კოცნისას შენი ცხვირი იყო საოცრად დიდი
და რომ შენ იყავი ცხვირზე ამოსული შენ.
.......................................................
როდესაც ღრუბლები ვერ დგანან
საკუთარ სიმაღლეზე და მზე თავზე მაბიჯებს
მე მახსენდება ათასობით ჭიანჭველა,
რომლისთვისაც
ფეხი უნებლიედ დამიდგამს.
მაშინვე ვტრიალდები გულაღმა, რომ
ვეღარ შევძლო გზის გაგრძელება და
ზურგზე შემოდებული საჭმლის ადამიანებისთვის მიტანა,
რადგან
ყოველთვის, როცა დედაჩემი
ხორციანი სადილით მიმასპინძლდება
მე მახსენდება უპატრონო, ქუჩის ძაღლები,
მაგრამ არასდროს ადამიანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები