ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2014


წარსულის ლანდები

  ცეცხლისფერი აგურით ნაშენი კედლის ძირას იჯდა, ხის მორყეულ სკამზე. თოვლისფერ სახეზე დაჩრდილული ღარები გასჩენოდა,  ზღვისფერ თვალებში კი ღრმადჩაბუდებული სინაცრისფრე ედგა. სიმძიმე დასწოლოდა მის გაშლილ ბეჭებს, მის მაღლა ამაყად აღმართულ კისერს, დრომ  რომ ვერაფერი დააკლო. ტყისფერხილაბანდმოსხმული ლამაზი თავიდან წყლისფერი თმა ჩამოშლოდა. ყურებში რაღაც  უცნაური შნურები მოუჩანდა, შნურის ბოლოები კალთაზე ქინძისთავით  მიმაგრებულ პატარა ყუთს უერთდებოდა. ეს ყურთსასმენი რძალმა ჩამოუტანა მოსკოვიდან. გრძელი, ოდნავ მოკვრანჩხული და სანთლისფერი ხელები კაკლის ვეება ჯოხისთვის დაეყრდნო და სახეზე ფიქრის ხვეულები დასდიოდა....
  ვერადავერ იშორებდა წარსულის ლანდებს. არ ასვენებს მამის დიდ თვალებში ანთებული გულისტკივილი, დედის გაწიწმატებული სახე და საყვედურები. სწორედაც კულაკს უნდა მივცე ჩემი შვილი, აბა შენნაირი არაფრისმაქნისი და არაფრისმქონე თავადისშვილი მე რას მარგია, რომ ჩემს გოგოს გამოადგესო...კაცის შეხედულება ვინ თქვა? ხელი უნდა ჰქონდეს მარჯვე და ჭკუა უჭრიდესო...
– ბავშვებს მიხედე ,ბოსტანში უნდა ჩავიდე–თითქმის ყვირილით გამოსძახა რძალმა. უცებ გამოფხიზლდა, ყურთსასმენი შეისწორა, თავი დაიქნია, თითქოს ლანდები მოიშორა და წამოიმართა. ხმელ ტანზე კუბოკრული თავისცხოვრებისფერი კაბა შეისწორა და ეზოში შევიდა.
  მზის ნიაღვარში ამოვლებულ მიწას ოხშივარი ასდიოდა, სიცოხლედაშრეტილ ბალახს თავი დაეხარა და მძიმედ სუნთქავდა თავისი გამჩენის უწყლოობით  გასიებულ  გულზე.
_ბები, მოდი გიტარაზე დაკვრა მასწავლე, გთხოვ_შეევედრა ციცქნა გოგო. ტუჩების მოძრაობაზე გაარჩია სიტყვები და ჩამოჯდა. საკრავი ააჟღერეს.
–ეხლა შენ შემისლულე სათხოვალი, შენ დაგენაცვლე მაშო.
–რა, ბები?
–მალნის გასაღები მო..მაძებ..ნინეეე–ძლივს ამოილუღლუღა. მაშომ ზეცისფერა თვალები გაწკურა და ბებია აათვალიერა.
–მე ვიცი სად არის– კუთხეში წიგნთან მიმჯდარი სოფო გამოეხმაურათ.
–აი, აიღე, ოღონდ ხომ იცი, დედა ძალიან გაბრაზდება.
სწრაფად გამოართვა, ხელისკანკალით მოარგო საკეტს. მარნის სინესტე ცხვირზე ეცა და ცოტა დააბორიალა. ღვინის სუნით გზა გაიკვალა და პატარა ბოცას გადააწყდა, მოცახცახე გრძელი თითები შემოაჭდო და გაყინულ გულზე მიიხუტა.
–რას შვები, ქალო?–სახეზე ალი მოედო, სხეული დაუმძიმდა, მაგრამ სხეულზე უფრო სული. გრძნობადაკარგული ხელები ბოცას გაუშვა, მინის ნამსხვრევებათქცევის ხმა მის გაყინულ ყურთასმენას ვეღარ მისწვდა, იქვე წაბარბაცდა და კედელთან მიდგმულ სკამზე უსიცოცხლოდ დაენარცხა. თვალებში მლაშე ზღვა ჩაუდგა და ღარები ამოავსო სირცხვიდაგროვილმა ცრემლებმა.
რძალს ყელში მოაწვა სიბრალული, მივიდა და დამნაშავე ბავშვივიტ ჩამოყრილ მხრებზე ხელი მოუთათუნა.
  დიდხანს იწვა გაშოტილი თავის ნისლისფერ საწოლში. მისი ლანდები კვლავ დაძრწოდნენ ფიქრების ხნულში. უსმენო ყურში ჩაესმის უბნის ქალების კისკისი, სუფრის თავში  წამომჯდარიყო და გიტარას ამღერებდა...დედამთილის საყვედურები, ეს სიმწრით მოყვანილი ოჯახი შენ გაანიავეო, ყურადღებას არ აქცევდა, გაივსებდა შაქრით და ფქვილით წინსაფრის ჯიბეებს და გადაიპარებოდა ობოლ მაკრინესთან და მის და–ძმებთან....მერე გიორგი დაუდგა თვალწინ, ბოლოს მიხვდა რა ძვირფასი იყო მისთვის ეს კეთილი სახის კაცი, ახლაც რომ მის გვერდითაა, ისე, როგორც ყოველთვის, მაგრამ  ახლა რაღა დროს, ვერ დაეწია ამ სოფლის ბილიკზე, .... მართალია ავანდყოფური ფერი  გადაჰკრავდა  გიორგის მობრტყო სახის ნაქვთებს და ტანათაც ბეჭამდე ძლივს სწვდებოდა, მაგრამ ბოლოსღა შეამჩნია მისი თაფლისფერი სიყვარულით სავსე თვალები. უნდა შესძლებოდა მისი შეყვარება, მისი ალერსით სავსე მზერის შეყვარება.... ცხოვრებაც გაფერმკრთალდებოდა ორივესთვის...მისთვის მაინც მიეცა ბედნიერების ნება...ახლა უფრო უმძიმებს ორთავეს ცოდო მხრებს–მისი და თავისთავისა. უფრო იოლადაც გადაიტანდა ერთადერთი შვილის სიკვდილს.  მარტო მისი ალერსითსავსე მზერა უნდა ჰყვარებოდა...ახლაღა იგრძნო მონატრება, უზომო მონატრება...
გამომშრალ ბაგეებმა  სისველე შეიგრძნეს, თვალებში სიცოცხლისფერი სხივი ჩაუდგა და მთელი სახე მზედ ექცა, მისი სინათლე მთელ სხეულს მოედო და მერე ისევ მის სასთუმალთან ჩაიშრიტა.
–ბარიშნა, ჩაი გატოვა!  მოესმა მაშოს ხმა. ინსტიქტურად ყურთსასმენი გაისწორა, მაგრამ გაუკვირდა, როცა ხელში არაფერი მოხვდა. აბა როგორ გაიგო? ალბათ ესეც დაესიზმრა. ბავშვობა დაესიზმრა. მერე ტკივილი იგრძნო, მშობიარობის უსაშველო  ტკივილი...სიცოცხლე უნდა ეშვა, თავისი მკვდარი შვილის სიცოცხლე...
ხორცის სიმძიმე იგრძნო...ღრმად ამოისუნთქა, ისე ღრმად  ხმაურიანად მთელი ცხოვრება ,ცხადი თუ სიზმარი თან ამოაყოლა და უსულოდ ხორცი კიდევ უფრო დაუმძიმდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები