 | ავტორი: ნიატა ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2014 |
–შემოდი–არც ისე ცივი და გამყინავი ხმა ჰქონდა მამას, როგორც მაშინ მე და ჩემს მეგობარ ბიჭს რომ გადაგვეყარა სკოლის უკან სკამზე. თავი ჩემი მეგობრის ჩონჩხისმაისურიან მკერდზე მქონდა მიბჯენილი, ცალ ყურში ყურთსასმენი მეკეთა და ჩვენი უსაყვარლესი ჯგუფის შესრულებით მძიმე როკს ვუსმენდით. იმ დროს თვალებდახუჭული სრულიად სხვა ,არაორდინალური სამყაროს ტყვე ვიყავი, იქ იმ სამყაროში ყველაფერს დაეკარგა თავისი ადგილი, უწესრიგობა ზღვის აზვირთული ღელვასავით მითრევდა თავის თბილ და ქაფმომდგარ ტალღებში. სიამოვნება მთელს სხეულში სათუთად მიალერსებდა და ფილტვებიდან ყელში ემოციებით დამძიმებული ჰაერი ისე მაწვებოდა, სულს მიხუთავდა. რეალობის ასე მარტივი მოგერიება ნეტარებით მივსებდა სხეულის ყოველ ნაკვთს, გრძნობითი ორგანოები სრულად მქონდა დახშული, ამიტომ ჩვენს ფეხებთან მამაჩემის მრავალტანჯული მაზდის დაფრუტუნება ვერ გავიგე. ჩემი მეგობარი ხელით მწვდა მკლავში და ოდნავ შემანჯღრია, მერე თვალით მანიშნა წინ გაიხედეო. მეც თავზე ჩამოფხატული ნაქსოვი ქუდი ავიწიე და თვალები მოვიფშვნიტე, მეგონა მეჩვენებოდა. მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, გაქრა არეულობა, ღელვა და ჟრუანტელი... გაცეცხლებული, ალისფრად აფერადებული ნაცნობი სახე მიყურებდა. ეს სახე სულ არ ჰგავდა ჩემი ოთახის კედეკზე ჩამოკიდებული სურათიდან მომღიმარ მამაჩემს, ამ სურათის ნაცრისფერი ჩარჩოდან მთელი ოჯახი ბედნიერი გამომეტყველებით ვიყურებით, ხშირად ვუყურებ ხოლმე მას და თანდათან სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ბედნიერი გამოხედვა კადრზე აღბეჭდილ წამიერ მოვლენად დარჩა სამუდამოდ ჩვენს მეხსიერებაში. ახლა კი დგას ჩემს წინ მრისხანე მამა და თვალებიდან ალები სცვივა. მექანიკურად ფეხზე წამოვხტი, მერე ნიაღვარივით წამოვიდა რისხვა, ლანძღვა... რომელიც მთელი გზა სკოლიდან სახლამდე გრძელდებოდა, მე მანქანის უკანა სავარძელში ფეხმოტეხილი წიწილასავით ვიყავი მობუზული და ჩემი ტვინის ალიაქოთში ათასი ფიქრი და აზრი დაძრწოდა. ის ოცი წუთი მთელ დღედ მომეჩვენა ,გრძელ და ბნელ დღედ.."ერთი უყურეთ ამ ლაწირაკებს..."–ვერ ცხრებოდა მამა. მე კი ვდუმდი, თითქოს ტუჩები ერთმანეთს დაჰკროდნენ, მთელი მრისხანება ჩემს თვალებში იმღვრეოდა...იმ წუთას მძულდა ყველა და ყველაფერი, ყველაზე უფრო კი საკუთარი თავი. ახლა მისი ოთახის კართან ვიდექი და ვფიქრობდი, შევსულიყავი ოთახში თუ ძალა მომეკრიბა და გავქცეულიყავი სახლიდან, სინამდვილიდან...გავქცეულიყავი სამუდამოდ, უკანმოუხედავად...სულ ერთი იყო სად ან როგორ...აქ ყველაფერი გულს მირევდა...ტანში სიცივემ დამიარა, ხელ–ფეხი მეყინებოდა. რატომ არ არის ყველაფერი არჩევითი? რატომ არავინ გვეკითხება, როდესაც ვიბადებით, გვინდა თუ არა ამ დროს, ამ სახლში ან ამ ოჯახში დაბადება? რატომ ხდება ყველაფერი ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად? ვინ განაგებს ჩვენს ცხოვრებას? სათამაშო ფიგურებივით სხვისი ხელის მოძრაობაზე, სხვის ნებაზე ვართ დამოკიდებული...რაც არ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი უფლებების დაცვაზე, მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება დედის საშოშივე ირღვევა ჩვენი ჩასახვის წუთიდან. –შემოდი–კიდევ უფრო დაუთბა ხმა მამაჩემს...სახეზე საკუთარი კანის ოდნავ უმზეოდ გარუჯული ფერი დაჰბრუნებოდა. დედაც იქვე იდგა კედელთან და ცოტა უხერხულად მიღიმოდა –დაჯექი შვილო, ხელით თავის გვერდით მდგარ სკამზე მიმითითა, გაუბედავად მივუახლოვდი სკამს და ფრთხილად ჩამოვჯექი. მამას თვალებში ალერსი ჩასდგომოდა, სწორედ ისე, როგორც იმ ნაცრისფერჩარჩოიან სურათში. თავისი დიდი, დათვისტორისხელა ხელი თავზე გადამისვა. დიდი ხანია მისგან ჩხუბისა და ბუზღუნის მეტი არაფერი გამიგია, ამას ჩემი პროტესტი და ოთახში გამოკეტვა მოჰყვებოდა ხოლმე... –მაპატიე, შვილო, ძალიან უხეშად მოგექეცი...უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა...ძალიან ვნანობ–ეს ყველაფერი ძალიან ხელევნური და უჩვეულო მომეჩვენა, თვალებშიც ვერ ვუყურებდი ჩემს მშობლებს, უცებ რაღაც ძალამ მიბიძგა, სკამიდან წამოვხტი და გავიქეცი, მაგრამ არა გარეთ, ქუჩაში, არამედ ჩემს ოთახში...კარი გადავკეტე, თავი საბანში ჩავრგე და ტირილი მომინდა, უცრემლო, უქვითინო ტირილი. საკუთარი თავის შემრცხვა, საკუთარი სიძულვილის, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ჩემს გარშემო ყველაფერმა დაკარგა ფასი. ახლა რაღა ვქნა? მაინც რა უინტერესოა ცხოვრება, რა მოსაწყენი...ისევ გაქცევა მიტრიალებდა თავში, შორს, სადმე შორს გაქცევა. მერე ამ აზრმაც დაკარგა ინტერესი და ღრმად უსიზმროდ ჩამეძინა... ოთახის კედელზე კი ჩვენი ოჯახის ბედნიერ სახეებს ეალერსებოდნენ ბნელი ჩრდილები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აი ისეთია რომ უნდა დაუკვირდე,ძალიან მომეწონა5 აი ისეთია რომ უნდა დაუკვირდე,ძალიან მომეწონა5
2. ეს უფრო ყურადღების უნდა წავიკითხო, მუსიკისგან მოტანილი განცდის აღწერა მომეწონა. ჯერ არ შევაფასებ. ეს უფრო ყურადღების უნდა წავიკითხო, მუსიკისგან მოტანილი განცდის აღწერა მომეწონა. ჯერ არ შევაფასებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|