ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2014


გზაში

–ჩანთა მომეცით, ხელი გამომიწოდა სკამზე მჯდომმა დედაჩემისხელა  ქალმა, თავზე ნაცრისფერი ბერეტი გაეკეთებინა, ოდნავ ცერად, ისე, რომ ნახევარ სახეს უჩრდილავდა, დაძარღვული ხელი გამომიწოდა და სიბრალულნარევი მზერა მესროლა. მეც მორჩილად გავუწოდე ჩემი ხუთკილოიანი ჩანთა, ათასი ხარახურითა და ჩემი მოსწავლეების რვეულებით დატვირთული, დაახლოებით 10 წუთი ვეძებდი სასურველ ნივთს მასში და თუ ჩემდა საუბედუროდ ტანად მომცრო რამ მჭირდებოდა, ეს ძებნაც ამაოდ ჩაივლიდა ხოლმე. ცალ ფეხზე თავი გავიმაგრე და უჟანგბადო, ადამიანებისოხვრითსავსე ჰაერი მადიანად ჩავისუნთქე, ცოტა მომეშვა, წელში გავიმართე, ეხლა მხოლოდ საკუთარი ზედმეტი კილოგრამებიღა აწვებოდა ჩემსხერხემალსა და ზევითაღმართულ ქუსლებს, მოდისა და ზოგადად ქალური ფიგურის ხაზგასასმელად რომ ვეტანჯინებოდი. ისევ დედისხელა თუ გამოგართმევს ამ სატკივარ ჩანთას, თორე ჩემს წინ, ზუსტად იქ, სადაც ნახევრად ვარ გადაკიდებული, ორი სტუდენტი გოგონა ზის, ერთს ყურები დაუცვია ფლეირით და გარიყულივით ბინდისფერ  შუშას ეკვრის, ცდილობს გამოეთიშოს იქ მოთუხთუხე მღელვარებას, მეორე კი თავის აიფონს ჩაჰფრენია და გამალებით უსვამს ხელებს, ორივე ძალიან შორს არიან ჩვენგან, იმ სამარშუტო ტრანსპორტისაგან, მათი შემხედვარე ცოტა ავნერვიულდი, თავიანთი გაჩერება არ გამოჰპარვოდათ...რატომღაც მაღლა, იქ სადაც ჩემი ქუსლებზეაღმართული თავი კონწიალობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზიგზაგებში, ჰაერი უფრო და უფრო ინთქმებოდა და მძიმდებოდა ... თავბრუ დამეხვა და ჩემს წინ აღმართულ გრილი მეტალის ჯოხს სტრიპტიზიორშასავით მაგრად ჩავეკარი, სიგრილე მესიამოვნა. უცებ დამუხრუჭება და წინ გადავვარდი, ჩემს წინ მდგომს მივეკარი და მერე უკან მდგომს დავეჯახე...–უკაცრავად, გამატარეთ– ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა, ატყდა ერთი მიწევ–მოწევა, კარი გაიხსნა და გარედან შემოსული ჰაერის სუსტი ნაკადი სახეზე მომელამუნა, ნესტოებს მისწვდა და ფილტვებამდე ვერც კი ჩააღწია, ისე გამაკრეს სკამის ზურგს და ჩემს უკან სამმა თუ ოთხმა მგზავრმმა გზა გაიკვლია ჩასასვლელისაკენ, რაც არც თუ ისე ადვილი საქმე იყო...ტრანსპორტი დაიძრა, დანიშნული მიმართულებისაკენ დავიძარით...ადგილები განთავისუფლდა...სანამ მე სკამს ვიყავი აკრული, ორ ბიჭს დრო უხელთია და სკამებზე ჩამომჯდარან არხეინად...სახე მოვარიდე და წელში გავიმართე, მალე გამახსენდა, რომ შეიძლებოდა ჩემს გაჩერებას გავცდენილიყავი, ამიტომ წინ გადავიხარე და ფანჯრიდან გავიხედე, მაღლა ფანჯრები არ იყო და შესაბამისად მოწყვეტილი ვიყავი გარე სამყაროს.–გააჩერეთ, უჟანგბადობისაგან ყელში ისე მაწვებოდა დახრჩობის შეგრძნება, ძლივსღა ამოვილუღლუღე....მძღოლს ვერ მისწვდა ჩემი კვნესა და არ გააჩერა...ძალა მოვიკრიბე–გააჩერეთ, ისე დავიყვირე, ჩემივე ხმის შემეშინდა, უნებლიეთ ყველამ მე შემომხედა.–აქ გაჩერება არ შეიძლება, ცოტა ადრე უნდა გეთქვა–ისე შემომიბღვირა მძღოლმა, ხმა გავიკმინდე...შემდეგ გაჩერებაზე გამიჩერა, ჩემი ხუთკილოიანი ჩანთა გამოვართვი ნაცრისფერბერეტიან ქალს, მადლობა გადავუხადე და ტრანპორტიდან მთვრალივით ჩამოვბორდღდი....ჰაერი მესიამოვნა, მაგრამ დაკარგული მქონდა გაკვეთილის ჩატარების ხალისი და ჩანჩალით გავუყევი გზას ერთი გაჩერების იქით მყოფი სკოლისაკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები