ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2014


დათვის თვალები ნაწილი 2

დაახლოებით ორი საათის ლოდინის შემდეგ სწორედ იმ ჩირგვნარიდან გამოიზლაზნა და მძიმე ნაბიჯებით წყლისკენ აიღო გეზი ნანატრმა სტუმარმა. ისეთი ამაყი, მედიდური და ლამაზი იყო, ტყის მეფე გეგონებოდათ. მუქი წაბლისფერი ბეწვი თვალისმომჭრელად ბზინავდა მზის სხივზე.

გივიმ ანიშნა ემზარს ისიც სწორედ მაშინ წამოადგა თავს მსხვერპლს მეორე ნაპირიდან, როცა იგი ცალ წინა ფეხზე დაყრდნობილი, მეორეთი წყალს ეთამაშებოდა.

მოძრაობა ეგრევე შენიშნა, ჩაცუცქდა, გაირინდა და ეჭვიანი თვალები მოატარა გარემოს და როცა საფრთხის მოახლოება იგრძნო, ეგრევე წამოხტა და უკან გაქცევა დააპირა, რა დროსაც იგრიალა თოფმა და დათვის გარბენი ჰაერში მოცელა.

ერთი წრე გადატრიალდა, გასწორდა და ისევ გაიქცა, თუმცა კოჭლობით და ბღავილით. წაიქცეოდა, მარჯვენა თათს ორჯერ დაარტყამდა მიწაზე, ისევ წამოდგებოდა და ისევ გაქცევას ცდილობდა.

ემზარმა ამასობაში ისევ გადატენა თავისი თოფი „ჟაკნიანი“ ტყვიით. ორივე მონადირემ მდინარე გადატოპეს და მსხვერპლს დაედევნენ.

წინ ემზარი გარბოდა, უკან გივი მისდევდა და თან ინსტრუქტაჟს უტარებდა:

-ქვემოდან არ დაუდგე, ქვებს დააგორებს, გვერდიდან მოურბინე, მძიმედაა დაჭრილი, სამ-ოთხ მეტრში რომ მიხვალ ყელში დაუმიზნე ან გულში და ესროლე, თავის ტყავი არ გააფუჭო...

დათვმა დიდი გაჭირვებით მიაღწია კლდის ძირამდე და სანამ ქვიანზე აბოტებას შეეცდებოდა, უკან მოტრიალდა მდევრების დასაზვერად. მოტრიალდა და იარაღმომარჯვებული ემზარი მარჯვენა მხრიდან ათიოდე ნაბიჯში სასროლად გამზადებული დახვდა.

დათვი უცებ მთლიანად შემოტრიალდა, უკანა ნაწილით ჩაიცუცქა და დასასჯელი ბავშვივით ცრემლიანი თვალებით მიაშტერდა მკვლელს.

ემზარი გაშრა. იარაღი კი მზად ჰქონდა სასროლად, მაგრამ:

დათვს უმწეო თვალებიდან ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები. მარჯვენა თათის იღლიიდან წამოსული სისხლი, ტალახში ამოსვრილი გულმკერდს მოსდებოდა. წინა თათებს სასოწარკვეთილი დათვი ისე ასავსავებდა, რომ არც მუქარას გამოხატავდა და არც გაქცევის მზადყოფნას. ჩუმი ყრუ ღმუილი და კვნესა ერთმანეთში არეოდა...

დათვზე არანაკლებ გაოგნებულმა ემზარმა, იარაღი ბეჭიდან დაბლა ჩასწია, ნანახმა ისეთ შოკში ჩააგდო, რომ სულ დაავიწყა საშიშროება და ისეთი გაორებული თვალებით იყურებოდა, იფიქრებდით სადაცაა გონებას დაკარგავსო. გივის ყვირილმა გამოაფხიზლა:

-რას აკეთებ ბიჭო,გაგიჟდი?!  აბა დათვის მოკვლა მჭადის ჭამა გეგონა შენ?! ახლა ასე დატოვება აღარ შეიძლება, სისხლიდან იცლება, მაინც მოკვდება, ნუღარ აწვალებ, ესროლე ბიჭო, სანამ წამომხტარა ესროლეეეეეეეეეეეეეეე. ბღაოდა გივი.

ემზარმა ინსტიქტურად აიღო ისევ იარაღი და დათვს დაუმიზნა. იმანაც თითქოს იგრძნოო აღსასრული, ისევ შეცბა, აცახცახდა და ბედს დამორჩილებულმა თათები სახეზე მიიფარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები